მის ნამუსზე რამდენიმე დედისა და ახალშობილის გარდაცვალებაა რუსეთში ნამდვილი აჟიოტაჟია ატეხილი იმის გამო, რომ ბებიაქალების გახმაურებული საზოგადოების, რომელიც რა ხანია სექტად აღიარეს - "როჟანას" ხელმძღვანელი, რუსეთში ცნობილი პედაგოგი ჟანა ცარეგრადსკაია კვლავ თავისუფალია. ქალი, რომელიც საოცარი ქარიზმატულობით გამოირჩევა, ფლობს ჰიპნოზის ხელოვნებას, თავის სექტაში იზიდავდა ორსულებს და არწმუნებდა, უარი ეთქვათ ოჯახებზე, ქმრებსა და მეგობრებზე. უმტკიცებდა მათ, რომ სამშობიაროსთვის არ უნდა მიემართათ და სახლში ემშობიარათ. როცა მშობიარობის დროს რაიმე გართულება ხდებოდა – ან საკეისრო კვეთა სჭირდებოდათ, ან რამე სხვა – უბრალოდ ტოვებდა მათ ბედის ანაბარა და მიდიოდა.
მის ნამუსზე რამდენიმე დედისა და ახალშობილის გარდაცვალებაა. ერთ მშობიარესთან "როჟანას" ბებიაქალმა "იმდენი ქნა", რომ ახალშობილი გარდაიცვალა, მეორე "სპეციალისტმა" კი ჯანმრთელ ბავშვს ფეხი მოსტეხა. ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ ყველა დაზარალებული დუმდა.
მისი გავლენის ქვეშ მოქცეული ქალები ტოვებდნენ ოჯახებს, ქმრებს და ჟანას სექტას უერთდებოდნენ. ყიდდნენ ყველაფერს, რისი გაყიდვაც შეიძლებოდა, და ფულს სექტის ხელმძღვანელს აძლევდნენ.
2010 წელს ერთ გოგონას როგორღაც გაეხსნა ტვინი და ქმარს სთხოვა, სახლში წაეყვანა. როცა ქმარმა მიაკითხა, ჟანას ქმარმა და შვილმა, რომლებიც ასევე აქტიურად იყვნენ ჩართული სექტის საქმიანობაში, კაცს სროლა აუტეხეს და მოკლეს. მაშინ ჟანას ქმარ-შვილი დააპატიმრეს, თვითონ კი თავდებით გაათავისუფლეს.
მას მერე ჟანას არ შეუწყვეტია საქმიანობა – კვლავ იატაკქვეშ აგროვებდა ქალებს და არწმუნებდა, მის სექტას შეერთებოდნენ. როგორ იზიდავდა სექტის წევრებს? ჟანა ირწმუნებოდა, რომ ბავშვების აღზრდის ძალიან დიდი გამოცდილება ჰქონდა, კითხულობდა ლექციებს, უშვებდა წიგნებს და ამრავლებდა თავის მიმდევრებს. განათლებით საერთოდაც პედაგოგია, ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება აქვს და მოღვაწეობა თავის დროზე ძალიან კეთილშობილური მიზნებით დაიწყო – ძუძუთი კვებას უწევდა აგიტაციას. მერე კი, თანდათან რატომ წავიდა მისი გზა ასე უცნაურად და რატომ ჩაუდგა სათავეში სექტას, არავინ იცის. თუმცა ამ გადასახედიდან, ბევრს უკვე ეჭვი ეპარება მის "სპეციალობაშიც" და ამბობენ, რომ სავარაუდოდ, ეს ქალბატონო სატანიზმის მიმდევარია...
ჟანას წლების წინ გახსნილი ჰქონდა ოფისი, რომელშიც ორსულ ქალბატონებს იწვევდა თავისი "კარგი სპეციალისტის“ სახელით, ფსიქოლოგიური და ფიზიკური დახმარებისთვის. იქ კი არწმუნებდა, ამუშავებდა და აიძულებდა, ჩვეულებრივ ქალთა კონსულტაციებზე უარი ეთქვათ და შინ ემშობიარათ, ექიმების გარეშე, მხოლოდ "როჟანას" თანამშრომლების მეთვალყურეობით. ჩაკეტილ სექტაში უარს ამბობდნენ განათლებაზე, სამუშაოზე, წამლებზე. ჟანას ძალაუფლება ისეთი დიდი იყო, რომ თემის წევრებს შესთავაზეს, ფული შეეგროვებინათ მისთვის ოქროს გვირგვინის დასამზადებლად. ზოგიერთი ქალისთვის ეს ფაქტი გამოფხიზლებად იქცა და სექტა დატოვა, სხვები კი კიდეც დარჩნენ და ფულის შეგროვებაზეც არ უთქვამთ უარი.
რამდენიმე ხნის წინ, მორიგი ტრაგედიის შემდეგ, როცა ქალი და ბავშვი ორივენი გარდაიცვალნენ, ჟანა თავისი ბებიაქალებიანად კვლავ დააპატიმრეს, მაგრამ საზოგადოებისთვის უცნობი საშუალებით, ისევ მოახერხა თავის დახსნა და კვლავ თავისუფლად დაიარება... შესაბამისად, კვლავ ემუქრებათ საფრთხე ქალებსა და ბავშვებს.