სვანურ ტრადიციებზე აგებული ფილმის წარმატების გზა ახალგაზრდა 29 წლის უშგულელი რეჟისორის მარიამ ხაჭვანის ფილმის სცენარი „დედე“, სანდენსისა და კანის კინოფესტივალებზე საუკეთესო პროექტებს შორის მოხვდა. ფილმი გადაღების პროცესშია, მისი დასრულება 2016 წლის თებერვალამდე უნდა მოესწროს, რათა კანის კინოფესტივალზე მისი წარდგენა მოხდეს.
„სანდენსი“ ეს არის მაღალი დონის ამერიკული კინოფესტივალი, რომელიც 1981 წელს მსახიობმა რობერტ რედფორდმა დააარსა დამოუკიდებელი ამერიკული კინოს განვითარებისთვის.
კანის საერთაშორისო კინოფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალია მსოფლიოში. პირველად 1946 წელს 20 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე საკურორტო ქალაქ კანში, საფრანგეთის სანაპიროზე ჩატარდა. მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება მაისის თვეში. ყველაზე საპატიო პრიზი „ოქროს პალმის რტო“ საუკეთესო ფილმს ენიჭება. არსებობს სხვა ჯილდოებიც...
ამ ორ მასშტაბურ ფესტივალამდე, ფილმმა „დედე“ ძალიან დიდი და რთული გზა განვლო... ფილმი მოკლემეტრაჟიანი ფილმის „დინოლას“ სრული ვერსია გახლავთ, რომელმაც უკვე მსოფლიო მოიარა, არაერთი აღიარებით....
ეს ორი ფილმი სვანურ ტრადიციებსა და რეალობას ასახავს... ფილმებში მოთხრობილია იმ კუთხის ისტორია, რასაც სხვაგან ვერ მოისმენთ და ვერც ნახავთ... რეჟისორ მარიამ ხაჭვანს სწორედ ამ გამაოგნებელმა ისტორიებმა გადააწყვეტინა ფილმის გადაღება, რომელიც საკუთარი ბებიისგან მოისმინა. მარიამმა ამ ისტორიების მოსმენისას დიდი დარტყმა მიიღო, მაგრამ შემდგომ რაც მოხდა, მარიამი მოგვიყვება...
- 2008 წელს საქართველოს თეატრისა და კინო სახელმწიფო ინსტიტუტის კინო-ტელესარეჟისორო ფაკულტეტი დავამთვარე. ჩემი პედაგოგი მიხეილ ბორაშვილი იყო. პირველი კურსიდან დაწყებული ყოველთვის მსურდა ფილმის გადაღება. ერთ-ერთმა საუკეთესო სცენარისტმა ირაკლი სოლომონაშვილმა მირჩია ფილმისთვის სცენარი თავად დამეწერა, ამაზე ადრე არასდროს მიფიქრია, მითუმეტეს სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარზე. 20 დღეში 85-გვერდიანი სცენარი „დედე“ დავწერე. დღე და ღამე ვმუშაობდი. მისი წაკითხვის შემდგომ პროდიუსერმა ვლადიმერ კაჭარავამ მითხრა, მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადამეღო. დაახლოებით, 15-წუთიანი ფილმი „დინოლა“ გადავიღე, რომელმაც დიდი წარმატება მომიტანა.
- ფილმი „დედე“ სრულმეტრაჟიანი ვერსიაა მოკლემეტრაჟიანი ფილმისა „დინოლა“. ეს ორი ფილმი სვანურ ტრადიციებსა და რეალურ ისტორიებზეა აგებული. ძალიან საინტერესოა ამ ფილმის შექმნის იდეა. გვიამბეთ ეს ისტორია...
- სვანეთში, ბებიაჩემის პერიოდში ასეთი წესი იყო, როდესაც ქალი დაქვრივდებოდა, მეორეჯერ ათხოვებდნენ, შესაძლოა, მესამეჯერაც, შვილებს კი ტოვებდნენ. დედებს მათი წაყვანის უფლება არ ჰქონდათ, რამხელაც არ უნდა ყოფილიყო ბავშვი. ბებია მომიყვა, როგორ მიატოვა დედამ, როცა გაათხოვეს, როგორ მისდევდა ფეხშიშველი თოვლში...დედებს დატოვებულ შვილებს დიდი ხნის განმავლობაში არ ანახებდნენ, რადგან განშორება ძალიან რთული იყო. ეს ისტორიები რომ მოვისმინე, ასე როგორ შეიძლება-მეთქი?.. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი... მუშაობა რომ დავიწყე და უკვე კარგად გავეცანი ყველაფერს... დღევანდელი ხედვა და მაშინდელი სრულიად განსხვავდება. დღეს ვთვლი, რომ ის ტრადიციაც, რაც უშგულში და სხვაგანაც იყო, იმ პერიოდისთვის ძალიან სწორი იყო, ამ ყველაფერმა შობადობა გაზარდა... მოგეხსენებათ, მაშინ დაახლოებით, 15 წლიდან თხოვდებოდნენ და თუ ქალი ადრეულ ასაკში დაქვრივდებოდა, მას პატრონი უნდა ჰყოლოდა, რადგან ქალი სვანეთში ოჯახს ვერ უძღვებოდა. ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო, რატომაც უნდა გათხოვილიყო ქალი... კიდევ მრავალი საინტერესო მიზეზი იყო... რა თქმა უნდა, ბავშვის მიტოვებასა და კიდევ ბევრ რამეს მაინც არ ვეთანხმები, მაგრამ უმეტესი რამ სწორად მიმაჩნია, სხვანაირად ვერ გადარჩებოდნენ. ამ კონკრეტულ ისტორიაზე მინდოდა ფილმი გადამეღო.
- ვინ უვლიდა მარტო დარჩენილ ბავშვებს, რომლებსაც დედ-მამის გარეშე უნდა ეცხოვრათ?
- ბებიები და ბაბუები, მამის მხრიდან.
- თუ მაგალითად, ქვრივი ქალი ხელახლა გათხოვებაზე უარს იტყოდა, მაშინ რა ხდებოდა?
- სისხლისღვრა, შურისძიება.. რადგან თუ ქალი უარს ეტყოდა, კაცი თავს შეურაცხყოფილად გრძობდა „დაწუნებული“ შეერქმეოდა, ეს კი მამაკაცისთვის დიდი დამცირება იყო.
- ქალის თხოვნა როგორი ფორმით ხდებოდა?
- ერთი ფორმა ასეთი იყო, რომ კაცი იარაღს ისროდა და იტყოდა, ეს ქალი ჩემი უნდა იყოსო. შესაბამისად, მთელმა სოფელმა იცოდა ეს ამბავი და პასუხსაც ელოდნენ, უარი მიიღო თუ თანხმობა... შემდეგ უკვე გაჰყვა თუ არა.
ხელის მეორედ თხოვნის წესის მიხედვით, ოჯახში, სადაც კონკრეტული ქალის თხოვნა სურდა მამაკაცს, სხვა კაცებს აგზავნიდნენ, იმათ მერე - კიდევ სხვებს. მოკლედ, მთელი სოფელი ამ ოჯახის შექმნაში ჩართული იყო, ამას ერთი და ორი ადამიანი არ წყვეტდა...ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ ეს მარტო ქალის პრობლემა არ იყო, დაუკითხავად გათხოვება და ა.შ... ერთი მოხუცმა, ბაბუად მეკუთვნის, გაიხსენა ერთი ისტორია, რომ მის ბიძას არ მოჰყავდა ცოლი, ძმამ მისთვის ცოლი ითხოვა, თოფი გაისროლა და თქვა, რომ ეს ქალი ჩემი ძმის დანიშნულიაო. ის კაცი სახლში გადარეული მივარდნილა ძმას, უცემია კიდეც, მაგრამ მაინც ვერაფერი გააწყო, საბოლოოდ, ის ქალი შეირთო. თუნდაც, აკვანში დანიშვნის მაგალითი ავიღოთ... კი, ქალი უფრო მეტად იჩაგრებოდა, მაგრამ ტრადიციების მსხვერპლნი მამაკაცებიც ხდებოდნენ.
სრულმეტრაჟიან ფილმში „დედე“ ეს ყველაფერი უფრო გავრცობილად იქნება ასახული, თუ როგორია ქალისა და კაცის ცხოვრება სვანეთში. ვცდილობ, მისი დადებითი და უარყოფთი მხარეები წარმოვაჩინო ამ კუთხით, სწორად ვაჩვენო. შეცდომას თუ ოდნავ მაინც დაუშვებ, და საზოგადოებას სხვა კუთხით დავანახვებ, მაშინ ისინიც სხვანაირად განეწყობიან.
საბედნიეროდ, დღეს ასე აღარ ხდება, რადგან ამის აუცილებლობა არ არსებობს. მაგალითად, კაცს ცოლი რომ ეთხოვა, სხვა სოფელში ვერ მიდიოდა. უნდა სცოდნოდა, როგორი ოჯახია, როგორი გვარია, რამე დანაშაული ხომ არ ჰქონდათ ჩადენილი, აბსოლუტურად ყველაფერს აქცევდნენ ყურადღებას. რადგან კარჩაკეტილი ცხოვრება იყო, ერჩივნათ, განათხოვარი და უშგულელი მოეყვანათ, ვიდრე ისეთი ქალი, რომელიც არ იცოდნენ, ვინ იყო. სვანეთში პირად ცხოვრებაში ჩარევის პრობლემა იყო და დღესაც არის. განაგრძეთ კითხვა