ზოგიერთი "მორწმუნეც" არ ამბობს ჯადოზე უარს, ოღონდაც სასურველი მამაკაცი ჩაიგდოს ხელში რა აწუხებთ ყველაზე ხშირად დაოჯახებულ ადამიანებს, ქალებს, მამაკაცებს, მათ შვილებს? ოჯახური პრობლემები ნებისმიერის ცხოვრებას ასვამს დაღს, თუმცა მათ შესახებ საუბარს ყველა გაურბის. განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანი დახმარებას ეკლესიას მიმართავს და მოძღვარს უმხელს იმას, რაზეც საუბარს უახლოეს ადამიანებთანაც გაურბის.
რას ანდობენ ყველაზე ხშირად ადამიანები მოძღვარს, რა არის მათი მტავარი სადარდებელი და რისთვის ეძებენ შველას? გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, ასევე წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):
- რა აწუხებთ ყველაზე ხშირად დაოჯახებულ ადამიანებს. ქალებს, მამაკაცებს?
- ოჯახი მცირე ეკლესიაა და ამის გაუცნობიერებლობა შობს უამრავ პრობლემებს. სახლში ყველას უნდა, პირველი და ხელმწიფე იყოს, მისი სურვილები შესრულდეს, სრულად დაკმაყოფილდეს მოთხოვნილებები. ნაკლებად აღწევს ფიქრი მორჩილებამდე, სიმდაბლე და ურთიერთ სიმძიმის ტვირთვა თითქოს წარსულს ჩაბარდა. გონება მოცული აქვს მატერიაზე ფიქრს, მთავარი საზრუნავი ოჯახისა გადავიდა ხორცზე და შესაბამისად მოკვდა სული. უსულო ოჯახი კი უმადლოა, მუდმივი შფოთი ღვთისგან საკუთარი სულის მოპარვასა და სიწმინდეზე უარის თქმას ნიშნავს. წმინდა წერილში კარგად წერია: "ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ" (მთ. 6.33).
- რაში შეიძლება დაეხმაროს ოჯახს ეკლესია?
- სარწმუნოებაში გაძლიერება ხელს გვიწყობს საკუთარი სურვილები ვაკონტროლოთ. უფულობა ჩრდილავს რწმენას, ადამიანი აღარ მიდის ღმერთამდე, გულში ფული და ძალაუფლება აწერია. სამაგალითო ადამიანები არ გვაინტერესებს და უფრო ვუმზერთ ისეთებს, ვისაც ქონება აქვთ, ვისაც პატივითა და ამსოფლიური დიდებით უდგას სული. ვივსებით შურით და მერე სახლში ერთმანეთს ვკლავთ: იმას რომ აქვს ამდენი, შენ რატომ არ ცდილობო. ზოგჯერ ასეთ სიტყვასაც გავიგებთ: სასულიერო პირი მაინც გამოსულიყავი, ფული გექნებოდაო. აზროვნება ისე დაგვიმძიმდა, ყველაფერში ფულს ვხედავთ. ადამიანების მაგალითით როცა ვეძებთ სიხარულსა და სასუფეველს, ამას ვერასდროს მივაღწევთ, მაგრამ როდესაც დავაკვირდებით წმინდა წერილის ყველაზე წმინდა მაგალითს, ჩვენს მხსნელს სწორედ იქ აღმოვაჩენთ.
- რამდენად ხშირად ღალატობენ მეუღლეების ერთმანეთს?
- საზოგადოებაში გამრავლდა ერთმანეთზე ნადირობა, ზოგიერთი "მორწმუნეც" არ ამბობს ჯადოზე უარს, ოღონდაც სასურველი მამაკაცი ჩაიგდოს. მურმანის ეკალივით ერჭობიან უადგილო ადგილას. თითქმის ყველა ოჯახის საწოლშია მესამე სული "ჩამთბარი". ღალატს ცოდვის სტატუსს აღარ აძლევენ. ამგვარად მეტყველებენ: "ერთმანეთს ვერ გავუგეთ", "სხვადასხვა ხასიათი გვაქვს", "სხვა პიროვნებას გავყევი და სულ სხვა აღმოჩნდა". იუდას ემსგავსება ოჯახის გამხლეჩველი. სულის დღევანდელი კიბოა მრუშობა, ამიტომაც მრავლდება სხეულებრივი სნეულებებიც, ნერვოზი. როდესაც რაღაცის დამალვა გიწევს, სული შფოთავს, ნერვიულობს, ეშინია ვინმემ არ გაიგოს და ამასობაში სულიერ სტრესში ვარდება. ეშმაკი თავიდან პატარა თოკით იჭერს, შემდეგში კი რკინის ხუნდებს ადებს, უსპობს ცხოვრების სიხარულს. უპერსპექტივო მომავალში, პირველად ადამმა დაადანაშაულა ევა, თავის ცოდვებზე თვალი დახუჭა და უსუსური არსება დაასმინა.
- მოზარდები ყველაზე მეტად რას ნანობენ, თქვენ რას განდობენ?
- შეკითხვა ინდივიდუალურია და აღსარებას მოიცავს, ზოგადად თუ ვიტყვით, ყველაზე მეტად ვნებების ველად არის მოზარდთა სული ქცეული. ინტერნეტმა, კომპიუტერმა, ტელევიზორმა უკონტროლო გახადა ვნებები. მათ არ იციან რა მიიღო და რაზე უნდა თქვან უარი. დიდ დანაშაულთან ერთად თავდაცვის ინსტიქტი გამოუმუშავდებათ ხოლმე, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში თავს იკლავენ სხვებისთვის მიუწვდომელი რომ დარჩეს მათი შეცოდება. სირცხვილის შიში კლავთ, ამას იშვიათად თუ ვინმეს გაანდობენ, მაგრამ შედეგი უმეტესად უკიდურესი ცოდვებისგან იღებს ძვირს.
- ზრდასრული შვილებისა და ასაკიანი მშობლების ურთიერთობებზე რას გვეტყვით? ხომ არ ადანაშაულებენ ერთმანეთს რამეში
- პირობებს ჩვენ თვითონ ვიქმნით, თუ ბავშვობიდანვე ხელს გვიწყობს, იდეალური, თუმცა იშვიათი მდგომარეობაა. უფალი ყველაზე ღარიბ ოჯახში დაიბადა, წარჩინებული მშობლები არ ყოლია, მაგრამ უბრალოებით მცხოვრებმა მშობლებმა ყველაზე დიდი გვირგვინი მიიღეს.
მშობლებს ადანაშაულებენ უფულობაში, უზრუნველობაში. ერი სულიერ სასოწარკვეთილებაში ვართ, სულიერ შიმშილს განვიცდით. მაცხოვარს რომ ნდომობდა უმდიდრეს ოჯახში იშვებოდა, თუმცა არჩია არაფერი ჰქონოდა და ჩვენთვის ეჩვენებინა რომ ფული არ არის განმსაზღვრელი ბედნიერებისა.
ოჯახების ყველაზე დიდი პრობლემა ქრისტეს გარეშე ცხოვრებაა. ეკლესია ყველა კუთხიდან ცდილობს დახმარებას მის შვილებზე, ვინაიდან განუჭრელი ნაწილნი არიან უზენაესი სამკვიდრებლის. ჩვენი მიზანია ცოდვებისგან გამოხსნა, გამოსყიდვა საკუთარი პიროვნების დემონური კლანჭებისგან. არ უნდა გვეშინოდეს ხორცის დასუსტების, ქონების დაკარგვის, ბანკის ვალის, უსახლკარობის, ყველაზე მეტად ხორცის წარწყმედის შიში უნდა გვქონდეს, ეკლესია ადამიანის სულიერ გადარჩენაზე იღვწის, ღმერთთან მოგვიწევს "ანგარიშის ჩაბარება" საკუთარ ცხოვრებაზე.
თეა ცაგურიშვილი