სამუშაოსგან თავისუფალი დროის 90%-ს ოჯახს ვუთმობ... ცოტა ხნის წინ ჩვენს საიტზე გამოქვეყნდა მასალა ლონდონელი მეცნიერების დასკვნის შესახებ, რომელთაც გამოთვალეს ის დრო, რასაც თანამედროვე მამები შვილებს უთმობენ. გაგიკვირდებათ და, 24 საათის განმავლობაში, თურმე მხოლოდ 35 წუთი რჩება მშობელს, კონკრეტულად კი მამას, შვილთან ურთიერთობისთვის. ისიც საგულისხმოა, რომ ეს 40 წლის წინანდელ მონაცემებს შვიდჯერ აღემატება.
გადავწყვიტეთ, გაგვერკვია, როგორია ქართული რეალობა და ცნობილ მამებს დავუკავშირდით.
ვანო ჯავახიშვილი:
- ჩემი სამსახურებრივი გრაფიკიდან გამომდინარე, ბავშვთან დიდ დროს, სამწუხაროდ, ვერ ვატარებ, თუმცა ვცდილობ, თავისუფალი დროის მაქსიმუმი ოჯახს მოვახმარო. რადგან დღე გაიზარდა, თბილა, საღაამოობით სასეირნოდ დამყავს.
- ბავშვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში თუ შეგაქვს წვლილი?
- მეტნაკლებად, კი. რასაკვირველია, დედა უფრო აქტიურია ასეთ დროს, მაგრამ აი, მაგალითად, სკოლის შერჩევის საკითხი იყო ამ ბოლო დროს აქტუალური, რადგან წელს შედის სკოლაში და მეც ჩავები ამ საქმეში, მქონდა ჩემი ინიციატივები, რომელიც ბავშვისთვის შეიძლება, კარგი იყოს.
- ვინაიდან სამსახურის გამო შვილისთვის არც ისე ბევრი დრო გრჩება, ეს ხელს ხომ არ გიშლის იმაში, რომ იყო მკაცრი შესაბამის სიტუაციებში?
- ხანდახან აუცილებელია, მკაცრი ვიყო, მაგრამ ვერ ვარ. როცა ძალიან დაღლილი ვარ და რაღაცაზე ჩამაცივდება, ნერვები მეშლება, მაგრამ რეალურად ვერ ვუბრაზდები. როცა დედამისი ტუქსავს, მე მიყურებს, თუ მხარი ავუბი ჩემს მეუღლეს, მაშინ ხვდება, რომ წარუმატებელია ჩემთან თავის შეფარების მცდელობა, მაგრამ თუ დაინახა, რომ მისკენ ვარ, გვერდიდან არ მცილდება. თუმცა უნდა აღვნიშნო, მიუხედავად ყველაფრისა, დედაზე გიჟდება.
- თუ უყურებს შენს შოუს, რას გეუბნება ხოლმე?
- ჩემი შვილი რაშიც ძალიან მგავს, არის ის, რომ სატელევიზიო ბადე შესწავლილი აქვს თავიდან ბოლომდე, იცის, სად რა როდის იწყება, ვინ რა გვარია, ვინ ვინაა და ა.შ. შეიძლება მე დღემდე არ ვიცოდე, თუნდაც "იქს-ფაქტორის" მონაწილეების გვარები, მაგრამ მას ეს არ შეეშლება. შესაბამისად, ჩემს გადაცემასაც უყურებს, მაგრამ "კომედი შოუ" უფრო უყვარს, იმიტომ, რომ იქაა მარეხი, მთვარისა ოდილაური... "ვანოს შოუ" უყვარს იმიტომ, რომ მამიკოს გადაცემაა.
- შინ დაბრუნდებულს შენი ტერმინებით ხომ არ გესაუბრება?
- უფრო მიშა ანდღულაძის ტერმინებით საუბრობს, მაგალითად "ჩემი დედას ვფიცავარ"-ს აყოლებს ხოლმე ფრაზებს. მე არ მაქვს გამოკვეთილი ტერმინოლოგია და ალბათ ამიტომ არ საუბრობს, შეიძლება, მიფრთხილდება და მე არ "მეღადავება".
ოთარ ქირია:
- სამუშაო დღეებში მინიმუმ ერთ საათს მაინც ვუთმობ შვილს, დასვენების დღეები კი თითქმის მთლიანად ლიზის ეკუთვნის.
- მასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში იღებთ მონაწილეობას?
- კი, ყველაფერში.
- თუ გიყვებათ თავის ამბებს?
- მიყვება, მეგობრული დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ მკაცრიც ვარ გარკვეულ საკითხებში.
- ხშირად გოგონები ტკბილი ენით, მამებს ყველაფერს "ასრულებინებენ", თქვენს შემთხვევაში როგორაა სურვილების საკითხი?
- შეუსრულებელი სურვილები არ გვქონია, მეც ვუსრულებ და ისიც მისრულებს ყველაფერს.
- როგორ აფასებს ლიზი თქვენს საქმიანობას, თუ გიზიარებთ აზრებს?
- კი, კი. გარდა ტელევიზიისა, მაქვს მეორე სამსახური, ერთ-ერთი მაღაზიათა ქსელის წარმომადგენელი ვარ, ჰოდა, ლიზა იქ მოდის ხოლმე და მეხმარება.
გია ბაღაშვილი:
- შემიძლია გითხრათ, რომ სამუშაოსგან თავისუფალი დროის 90%-ს ოჯახს ვუთმობ. ფიქსირებული გრაფიკით მომუშავე ადამიანებთან შედარებით, ეს უკეთ გამომდის, რადგან შემოქმედებითი კუთხით დაკავებულ ხალხს დროის მართვა თავად შეგვიძლია, რაც დადებით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს. როდესაც ჩემს შვილებს აქვთ ჩემთან ყოფნის, თამაშის, ურთიერთობის სურვილი და გამოხატავენ ამას, მაშინ თუ მართლა გადაუდებელი საქმე ან კონცერტი არ მაქვს, აუცილებლად მათთან ვატარებ დროს. პატარები ხომ შეუცდომლად გრძნობენ, რამდენად უწევენ მათ ანგარიშს მშობლები. ისინი უფროსებზე გაცილებით უკეთესი შემფასებლები არიან, სიმართლეს და სიყალბესაც ყველაზე დიდ რეჟისორზე უკეთ ამჩნევენ, არაფერი გამოეპარება მათ თვალსა და ყურს. მეექვსე გრძნობა თუ არსებობს, ყველაზე მეტად სწორედ პატარებს აქვთ განვითარებული.
- როგორია თქვენეული გართობის წესი, ვგულისხმობ გიას და ბავშვების გართობას?
- ჩვენეული გართობა არის თამაში, თამაში და კიდევ ერთხელ თამაში. გვაქვს მუსიკალური თამაშები, ლინგვისტური ხასიათის თამაში, ვერთობით ფიზიკური დატვირთვითაც, ამაში იგულისხმება სირბილი, დაჭერობანა, ბურთით თამაში... ასევე გვაქვს ჩვენი რიტუალები, რომლის დეტალებსაც არ გაგიმხლეთ, რადგან ამაზე ნებართვა ნინისა და ლიზისგან არ ამიღია (იცინის). გვაქვს დედიკოს გახარების რიტუალები, თამუნას და ბავშვებს ცალკე აქვთ მამიკოს გახარების რიტუალები. გარდა ამისა, აქტიურად ვარ ჩართული წიგნების კითხვაში, ასაკიდან გამომდინარე, ძირითადად ზღაპრებსა და ლექსებს ვკითხულობთ.
- სერიოზულ ასაკში გახდით მამა, როგორი შეგრძნებაა ეს?
- საოცარი! დარწმუნებული ვარ, მამობა ყველა ასაკში განსაკუთრებულია, ესაა ყველაზე დიდი საჩუქარი ღვთისგან. მამობა ნებისმიერ ასაკში გცვლის ადამიანს, გიცვლის ცხოვრებასთან დამოკიდებულებას და გიჩენს შეგრძნებას, თითქოს აქამდე არც გიცხოვრია და ბავშვებთთნ ერთად იწყებ სამყაროს ახლიდან შეცნობას. საერთოდ, ყველაზე რთულია ისაუბრო ისეთ წარუვალ ღირებულებებეზე, როგორიცაა სამშობლოს, ღვთის, სიცოცხლის სიყვარული და სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება შვილებისადმი სიყვარულიც. გრძნობათა მთელი პალიტრის გადმოცემა სიტყვებით ყოვლად შეუძლებელია.
როდესაც პატარა გამიჩნდა, მქონდა სიხარულისა და ბედნიერების საოცარი შეგრძნება, უდიდესი მადლიერების განცდა მეუღლის მიმართ. ჩვენი უფროსი გოგონა, ნინი, ცოტა რომ წამოიზარდა, ვგულისხმობ პირველ თვეებს, პირველი სიტყვა თქვა "გია", რაც ჩემი მეუღლის თამუნას დამსახურებაა. რატომღაც უნდოდა, ბავშვს ჩემი სახელი ეთქვა პირველად და იმდენჯერ უმეორებდა, სანამ მართლა არ ათქმევინა. ვფიქრობდი, როგორც ყველა ბავშვი, ჩვენი შვილიც პირველად დედას იტყვის-მეთქი, მაგრამ იმდენი ელაპარაკა, ნინიმ თქვა "გია" (იცინის).
როდესაც პირველი შვილი შემეძინა, გამიჩნდა მძაფრი შეგრძნება, რომ ჩემს თავს აღარ ვეკუთვნოდი. მას შემდეგ, რაც ნინიმ ჩვენთან კონტაქტი დაიწყო, მივხვდი, ბევრი რამ არ ვიცოდი, მაგალითად, როგორ დავლაპარაკებოდი. მინდოდა მელაპარაკა, გამომეხატა ემოციები, მაგრამ რა ფორმა იქნებოდა სწორი და ოპტიმალური? არ მინდოდა, რამე შემშლოდა და ჩემი სიტყვითა თუ ქმედებით დამეზიანებინა მისი სათუთი სული და ფაქიზი გრძნობათა სამყარო.
ამიტომ, მეც და თამუნამაც აქტიურად დავიწყეთ ამაზე ფიქრი. ზოგადად, მე და თამუნა ერთად ვიღებთ ოჯახთან და შვილებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას და ერთად ვსახავთ მოქმედების სტრატეგიას. თუ კი რამეში გამიმართლა, პირველ რიგში არის ის, რომ მე და თამუნას სიყვარულთან ერთად, გვაქვს ღრმა ურთიერთგაგება და ვართ თანამოაზრეები. ამის გამო, შემიძლია, თქვენი საიტის მეშვეობით დიდი მადლობა ვუთხრა ჩემს მეუღლეს.
თითქოს ბევრი გვქონდა წაკითხული ბავშვთა ფსიქოლოგიის შესახებ, მაგრამ სანამ საკუთარი შვილი არ გეყოლება, რამდენიც უნდა წაიკითხო, ეს იქნება მხოლოდ კონტურები, რეალობას მოკლებული ზოგადი ინფორმაცია. როდესაც პატარა გყავს, თვალებში გიყურებს და ურთიერთობას იწყებს შენთან, რთულია, მხოლოდ ინტუიციით მიხვდე, რა სჯობს, მხოლოდ მოეფერო? უნდა დაუშალო რამე, თუ არა? როგორი უნდა იყოს ბალანსი სითბოსა და კონტროლს შორის? და ა.შ. ლიტერატურის გაცნობასთან ერთად ამ საკითხში განსაკუთრებული სამსახური გაგვიწია ჩვენმა მეგობარმა, შესანიშნავმა პიროვნებამ, ქალბატონმა ნანა ჩაჩუამ. მას აქვს მშობელთა სკოლა, სადაც დიდი გამოცდილება მივიღეთ, უამრავ კითხვაზე მივიღეთ კვალიფიციური პასუხი და სასარგებლო რჩევები. ეს ყველაფერი მართლაც ძალიან გვეხმარება იმაში, რომ ნაკლები შეცდომა დავუშვათ შვილებთან ურთიერთობაში. გულითადად შემიძლია, ვურჩიო ასევე ყველა მშობელს, გაეცნონ იმ უაღრესად საინტერესო სტატიებს, რომელთაც თქვენ რეგულარულად აქვეყნებთ. დიდ სამსახურს გვიწევს თქვენი საიტი, mshoblebi.ge, სწორად შერჩეული თემებით, შემეცნებითი ხასიათის პუბლიკაციებით. ჩემს მეუღლეს ძალიან მოსწონს თქვენი საიტი და მეც, როცა დრო მაქვს, სიამოვნებით ვსტუმრობ მას.
კახი მამულაშვილი (მამულიჩა):
- მე ცოტა უფრო მეტ დროს ვატარებ, ვიდრე ხსენებულ კვლევაშია (იცინის). ჩემს ბიჭს, რომელიც 22 წლისაა, სამ დღეში ერთხელ მაინც ვნახულობ და შეიძლება, მთელი დღე ერთად ვიყოთ. მარიამთან დაკაშირებით საქმე სხვაგვარადაა, დედაჩემთან ცხოვრობს, მაგრამ ვცდილობთ, კვირაში 3-4-ჯერ მივიდეთ და ბავშვთან გავატაროთ დრო.
- პირველად როცა მამა გახდით, თქვენ თვითონვე პატარა იყავით, მარიამი კი უფრო სერიოზულ ასაკში შეგეძინათ, რა განსხვავება იყო ემოციურად ამ ორ მოვლენას შორის?
- ნიკო რომ გაჩნდა, 21 წლის ვიყავი. კი ვგრძნობდი მამობის ბედნიერებას, მაგრამ მე თვითონაც პატარა გახლდით და ცოტა სხვანაირად ვუყურებდი ყველაფერს, თუმცა ემოცია ორივე ბავშვის დაბადებისას ერთნაირი მქონდა.
- აღზრდაში თუ იღებდით მონაწილეობას?
- ნიკოზე კი, მარიკოზე – ნაკლებად.
- შვილებთან დაკავშირებულ საკითხებს თავად აგვარებთ?
- ნიკო დიდია, გვეკითხება აზრს, ეძებს სამსახურს და მგონი, მაგიტომ გვეკითხება რაღაცებს (იცინის). მაროსთან დაკავშირებულ თემებზე გადაწყვეტილებას ლელა იღებს ბებიასთან შეთანხმებით.
უფროს ვაჟ ნიკოსთან ერთად
- მარიკო თუ გიყვებათსკოლის, მეგობრების ამბებს?
- კი, როგორ არა, გვიყვება სკოლის, ეზოს ამბებს.
- რეალურად მშობლების ნაკლებობას განიცდის? გამოხატავს ამას?
- სამწუხაროდ, კი. ჩვენ ვცდილობთ ავუხსნათ, და მისთვის ეს მისაღები და გასაგებია.
ციცი ომანიძე