ამ ახალშობილმა მხოლოდ 10 დღე იგრძნო დედის სითბო... - სულის შემძვრელი ამბავი და ფოტოები ეს ერთი ქართული ოჯახის ამბავია, რომელიც ჩვენმა მკითხველმა გვიამბო და შეგვძრა. ოჯახის წევრთა გვარებს ობიექტური მიზეზების გამო არ ვასახელებთ. თუმცა თუ ვინმე გამოთქვამს მათი დახმარების სურვილს (ისეთი, ვინც სერიოზულად დაეხმარება და ცოტათი მაინც შეუცვლის პირობებს ამ პატარებს), მათ აუცილებლად შევატყობინებთ ოჯახის კოორდინატებს.
ისინი იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობენ, ვანის რაიონში. ამ პაწაწინების დედა, 23 წლის გოგონა, მშობიარობას გადაჰყვა. როგორც მისმა ახლობლებმა გვიამბეს, სავარაუდოდ, მასა და მის ქმარს სისხლის შეუთავსებლობა ჰქონდათ და საჭირო იყო ძვირად ღირებული ინიექციის გაკეთება ორსულობის დროს (ახლობლების ნაამბობის თანახმად, ერთი ნემსის ღირებულება დაახლოებით 120 ლარი გახლდათ), რის საშუალებაც ოჯახს არ ჰქონდა. ამის გამო მდგომარეობა გართულდა, მშობიარობის შემდეგ დედას ხუთი გადასხმა უნდა გაეკეთებინა, რაც ასევე ძვირი ღირდა და ვერც ეს შეძლეს... შედეგად, გოგონა სამი დღის წინ, მშობიარობის შემდეგ 10 დღეში გარდაიცვალა. დარჩა ორი შვილი - ერთი წლის ბავშვი და ახალდაბადებული, 12 დღის ჩვილი...
ამ პატარამ მხოლოდ 10 დღე იგრძნო დედის სითბო...
ახლა ბებოსთან არიან, მეზობელიც ეხმარებათ, როცა დრო აქვს. არც საჭმელი აქვთ საკმარისი, არც ტანსაცმელი... და რა პირობებშიც ცხოვრობენ, ამას თავადაც ხედავთ...
თუ ვინმე დაინტერესდება მათი ბედით, დაგვიკავშირდეს და იქნებ შევცვალოთ ორი პატარა ბავშვის ცხოვრება...