"შემოსვლიდან 10 წუთში იმშობიარა" ვანის რაიონშის სოფელ სულორში 23 წლის მარინა ხაჭაპურიძე მშობიარობიდან რამდენიმე დღეში დაიღუპა. ახალგაზრდა გოგონას ერთი წლის უფროსი შვილი და 12 დღის ჩვილი დარჩა.
ოჯახი საშინელ სიღარიბეში ცხოვრობს და როგორ ახლობლები ვარაუდობენ, უყურადღებობა და უსახსრობა გახდა მელოგინის დაღუპვის მიზეზი.
ხაჭაპურიძემ ქუთაისში, ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკაში იმშობიარა. ახლობლები ამბობენ, რომ მარინას ძვირად ღირებული ნემსი და გადასხმები ჰქონდა დანიშნული, რომელიც უხსარობის გამო ვერ გაიკეთა და გარდაცვალების მიზეზიც ეს გახდა. თუმცა ექიმებს არ ადანაშაულებენ და მხოლოდ საკუთარი უსახსრობა მიაჩნიათ მთავარ პრობლემად.
ლოგიკურად დავინტერესდით, რატომ ვერ მოხდა ფეხმძიმე ქალის უზრუნველყოფა სიცოცხლისთვის საჭირო მედიკამენტებით და რატომ აღმოჩნდა ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი შინ, ექიმების ზედამხედველობის გარეშე.
mshoblebi.ge ვითარების გასარკვევად სამშობიაროს დაუკავშირდა.
ხონელიძის სახელობის კლინიკის სამეანო განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი ჯოჯუა:
"ეს ქალბატონი ჩვენთან შემოვიდა 4 დეკემბერს და დაახლოებით 10 წუთში იმშობიარა. მშობიარობამ კარგად ჩაიარა. დედაც და ბავშვიც სამ დღეში ჯანმრთელები გაეწერნენ კლინიკიდან. არავითარი ჩივილი პაციენტს არ აღენიშნებოდა. რაც შეეხება მის მდგომარეობას ორსულობის პერიოდში, რამდენადაც ვიცი, ხაჭაპურიძე ვანის რაიონის ერთ-ერთ ქალთა კონსულტაციაში იყო აღრიცხვაზე. ჩვენთან მხოლოდ მშობიარობისას შემოვიდა. კონსულტაციიდან არ ჰქონდა მოტანილი გაცვლა-გამოცვლის ბარათიც".
მისივე თქმით, პაციენტს უარყოფითი რეზუსის სისხლი ჰქონდა. ასეთ ორსულებს 28-ე კვირაზე ანტირეზუსგამაგლუბულინის ინიექცია უტარდებათ (რაც დაახლოებით 120 ლარი ღირს). ამის საშუალება ოჯახს არ აღმოაჩნდა.
"ექიმი, რომელმაც მშობიარობა მიიღო, დაუკავშირდა კონსულტაციას, სადაც უთხრეს, რომ მათ თავად გაუკეთეს ეს ინიექცია 28-ე კვირაზე. საერთოდ, გარდაცვალების მიზეზად რეზუს-კონფლიქტი ნაკლებ სავარაუდოა. მშობიარობის შემდეგ გარდაცვალების მიზეზი ბევრი რამ შეიძლება გახდეს. ამიტომ ყველა ქალს სამშობიაროდან გაწერის შემდეგ რეკომენდაცია ეძლევა, რომ 7-10 დღის ვადაში მიაკითხოს ექიმს და გარკვეული გამოკვლევები ჩაიტაროს. ეს რეკომენდაცია ამ ქალბატონსაც მიეცა. რომ მოსულიყო, შევამოწმებდით სისხლის შედედებას, ჩავატარებდით გამოკვლევებს და რაღაც მიზეზი გამოიკვეთებოდა. მან არ მიმართა ექიმს. ჩვენტან არ მოსულა, როგორც ჩანს, უსახსრობის გამო", - განაცხადა გია ჯოჯუამ.
მარინა ხაჭაპურიძეს ხვალ დაკრძალავენ. ოჯახის წევრების ვრცელ კომენტარებს, თუ როგორ მიმდინარეობდა ორსულობა და რა გარემოებებში დაიღუპა იგი, მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
P.S. ბევრი გამოთქვამს დახმარების სურვილს, სამწუხაროდ, ანგარიშის ნომერი არ აქვთ, თუმცა თავად ოჯახი ვანის რაიონის სოფელ სულორში ცხოვრობს. რაც შეეხება მოვლენების განვითარებას, ექიმების კომენტარი შეგიძლიათ იხილოთ ამ სტატიაში.