ყველას უნდა ეს მნიშვნელოვანი თარიღი სწორი წეს- ჩვეულებებითა და რიტუალებით აღნიშნოს ქრისტეს შობას საზოგადოების უმეტესობა ტაძრებში ღამისთევით ეგებება, ნაწილი კი - სახლებში ფანჯრებთან ანთებული სანთლებით. როცა საქმე რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნას ეხება, გარკვეული კითხვებიც ჩნდება. ყველას უნდა, ეს მნიშვნელოვანი თარიღები სწორი წეს-ჩვეულებებითა და რიტუალებით აღნიშნოს. როგორ უნდა შეხვდეს ოჯახი შობის დღესასწაულს? გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):
- უწმინდესის კურთხევით შობის ღამეს სახლის ფანჯრებთან დიდი კელაპტარი უნდა ავანთოთ, ამას რა დატვირთვა აქვს?
- უწმინდესმა მოგვიწოდა ლოცვისთვის, ჩვენ ვიცით, ანგელოზებმა, მწყემსებმა და მოგვებმა უფალს სხვადასხვა სახის ძღვენი მიართვეს. ჩვენი მხრიდან კი ანთებული სანთელი, ეს ოჯახში რწმენის სვეტის ნიშანია, რითაც გამოვხატავთ მაცხოვრისადმი უდიდეს მადლიერებას. მზაობას, რომ ჩვენი სახლი მზად არის ქრისტეს მისაღებად. სანამ უფალი იშვებოდა, ვერ მოიძებნა ერთი სახლი, რომელსაც მარიამი შეაფარებდა თავს, თავისუფალი მხოლოდ საქონლის ბაგა აღმოჩნდა, რაც იკონოგრაფიაშიც აღიბეჭდა. უწმინდესმა ამ მოვლენაზე გაგვიმახვილა ყურადღება და გვათქმევინა იესოსთვის: ჩვენ მზად ვართ, უფალო, გისტუმროთ იმ სახლში, რომელიც საცხოვრებლად თავადვე გამოგვიჩენე.
- მხოლოდ ერთ ფანჯარაში უნდა ავანთოთ სანთელი?
- ფანჯარას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა აღმოსავლეთით კარგი იქნება, საიდანაც ელოდებით "სიმართლის მზეს".
- სანთელი მხოლოდ იმ ოჯახებში უნდა აინთოს, სადაც ოჯახის წევრები მარხულობენ?
- ნებისმიერ ოჯახში შესაძლებელია, მიუხედავად უმარხველობისა. ერთობით ვადიდოთ უფალი.
- ამ დროს რა ლოცვა უნდა წარმოვთქვათ?
- შობის ტროპარ-კონდაკი:
ტროპარი: შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის- ცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო დიდება შენდა!
კონდაკი: ქალწული დღეს არსებად უზესთაესსა შობს ჩვენთვის, და ქუეყანა ქვაბსა შეუხებელსა შესწირვენ, ანგელოსნი მწყემსთა- თანა დიდების მეტყუელებენ, ხოლო მოგვნი ვარკულავისა-თანა მოზაურობენ, რამეთუ ჩუენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი.
- შობის ღამეს ტაძარში ნაყიდი სანთელი უნდა დავანთოთ? ქუჩაში რომ შევიძინოთ, შეიძლება?
- რისი შესაძლებლობაც გვაქვს, სწორედ ის ძღვენი მიგვაქვს ტაძარში. ზოგიერთი სახლში ამზადებს, ზოგიერთი ტაძარში ყიდულობს ან სხვაგან. ჩვენ არ ვკრძალავთ მოტანილი სანთლის დანთებას, მთავარია ადამიანის სული დაინთოს რწმენად ღვთის წინაშე და ეს რომელი სანთლით მოხდება, დიდი მნიშვნელობა არა აქვს. წმინდა აბო თბილელი ციხეშიც კი ამზადებდა სანთლებს.
- როგორ უნდა შევეგებოთ ქრისტეს შობას?
- შობის დღემ, კაცობრიობას მშვიდობა მოუტანა. ყველაზე უპირველესი მსხვერპლი იქნება შემოვირიგოთ ჩვენზე გაბრაზებული ადამიანები, ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები და ამ გზით ჩვენში ვშობოთ ყველაზე უზენაესი მშვიდობა ქრისტეს სიყვარულისა. შობის დღეს, კარგი იქნება, მთელი ოჯახი ღვთისმსახურებისთვის მოემზადოს.
- შობას ეკლესიებში ღამისთევის მსახურებაა, მოსახლეობის უმეტესობა ღამისთევით ეგებება შობის დღესასწაულს, როგორ განმარტავთ ამას და აუცილებელია თუ არა ამ დროს ტაძარში ყოფნა?
- გარდამოცემით, უფალი გამთენიისას იშვა, ამდენად ღვთისმსახურება მთელი ღამის განმავლობაში გრძელდება, დილამდე. ქრისტიანი ამ უწმინდეს დღეს, უფალს უნდა შეეგებოს ტაძარში. სულის ანგელოზებთან ერთად ვაგალობოთ ტაძარში, ვინაიდან, ქრისტე იშვა.
თეა ცაგურიშვილი