ნუკა კვალიაშვილის გულწრფელი პასუხები პირად ცხოვრებაზე, ბავშვის აღზრდასა და მავნე ჩვევებზე მომღერალი ნუკა კვალიაშვილი მეორე შვილს აგვისტოში ელოდება, პირველი ბიჭი ლუკა თებერვალში ორი წლის ხდება. ნუკას ორსულობაზე და ზოგადად, დედობაზე ვესაუბრეთ.
- 2-თვე-ნახევრის ფეხმძიმე ვარ და პირველისგან რადიკალურად განსხვავებული ორსულობა მაქვს, ამიტომ მგონია, რომ გოგო უნდა იყოს; ასეთი შეგრძნება მაქვს, რაც გავიგე, რომ ბავშვს ველოდები. ლუკაზე ისე სუსტად ვიყავი, სულ ვიწექი და მეძინა, ფეხზე ადგომის თავი არ მქონდა, ახლა პირიქით, უფრო ენერგიულად ვარ. ერთი პრობლემა რაც მაწუხებს, ესაა საშინელი ტოქსიკოზი, რაც ლუკაზე, ფაქტობრივად არ მქონია, უფრო სწორად, სულ 7 დღე მქონდა და სულ ეგ იყო, ახლა კი რაც ორსულად ვარ, სულ ტოქსიკოზი მაქვს.
- ამბობენ, ქალებს ორსულობაში ხასიათი ეცვლებათ, მეტად სენტიმენტალურები ხდებიანო, შეგიმჩნევია ასეთი ცვლილება საკუთარი თავისთვის?
- პირველ ფეხმძიმობაზე საკუთარ თავს შევატყვე, რომ შევიცვალე, თითქოს რაღაცნაირად დავქალდი, მაგრამ რომ გავაჩინე, ისევ ისეთი "დავბრუნდი", როგორიც ვიყავი (იღიმის). ახლა კი მაგ მხრივ არაფერი არ შეცვლილა ჩემში, უბრალოდ პასუხისმგებლობა მომემატა. აქედან გამომდინარე გადავაგდე ისეთ იმავნე ჩვევები, როგორიც იყო სიგარეტის მოწევა, ყავა, ღამის თენება, სმა.
- პირველი ორსულობის დროს ეწეოდი?
- სხვათა შორის, ლუკაზე ორსულობისას ორი თვის ვიყავი, რომ გადავაგდე სიგარეტი. მაგ პერიოდში ძალიან სუსტ სიგარეტს, ისიც დღეში ერთ ღერს ვეწეოდი, მაგრამ ერთ დღეს გავიღვიძე და აღარ გამიჩნდა მოწევის სურვილი, იმის შემდეგ ორი წელი დანებებული მქონდა თავი. შემდეგ მონაწილეობა მივიღე ერთ-ერთ პროექტში, იქ ყველა ეწეოდა, გადიოდა, ამით ისვენებდა და მეც მომინდა, შესაბამისად ისევ დავიწყე მოწევა. თუმცა, ახლა უკვე აღარ ვეწევი, ასე ერთ დღეს ვთქვი, მეყოფა, აღარ უნდა მოვწიო და ნახევრად-სასვე კოლოფი მოვისროლე ნაგავში და მას შემდეგ არ მომიწევია.
- კარგია, რომ შეგიძლია და ამის ნებისყოფა გაქვს...
- ნებისყოფა მაქვს იმიტომ, რომ ვიცი, როგორ ვნებს ეს ყველაფერი ნაყოფს. თან საკუთარ თავში თავადვე ვამძაფრებ სიგარეტის მიმართ აგრესიას, ვკითხულობ სტატიებს, თუ როგორ ვნებს სიგარეტი ნაყოფს, ორგანიზმს და ეს უფრო და უფრო მეხმარება და მაძლებინებს...
- იმიჯის ხშირი ცვლით გამოირჩევი, ამბობენ, ორსულობის დროს თმის შეჭრა-შეღებვა კარგია არააო, როგორც ჩანს, არ გჯერა ამის...
- შეღებვა ნებადართულია ისეთი საღებავით, რომელიც არაა ამიაკის შემცველი, ამიაკი ტოქსიკურია და კანში ჩადის. მე საღებავით კი არა, გრძელვადიანი ტონიკით ვიღებავ, რაც არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს და არ ვნებს არაფერს, ამიტომაც ვიცვლი ორსულობის პერიოდში ფერს ასე თამამად. ზოგადად, ექიმის რჩევებს ვითვალისწინებ, მით უმეტეს, რომ მართლა ძალიან კარგი ექიმი მყავს, ლუკაზეც მასთან დავდიოდი, ვენდობი და მჯერა მისი.
- მშობიარობის შემდეგ ფორმაში დაბრუნება გაგიჭირდა?
- არა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ნებისყოფა მაქვს, როცა რამე მინდა, ვაღწევ. წაკითხული მქონდა, რომ ქალის ორგანიზმი მშობიარობიდან 6 თვეში უბრუნდება ფორმას, ამასთან მიყვარს ვარჯიში და ამით ვეხმარები ჩემს სხეულს. სადღაც შვიდი თვის ორსულს, უკვე წარმოდგენილი მქონდა, როგორი უნდა ვყოფილიყავი მშობიარობის შემდეგ, ისიც ვიცოდი, რომ თავი უნდა ამეპარსა, თმა რომ უნდა გამეღიავებინა და ა.შ. ყველაფრის დაგეგმვა მიყვარს წინასწარ და მერე ამ გეგმის მიხედვით ვმოქმედებ ხოლმე, მომწონს, სისრულეში რომ მომყავს ის, რაც დაგეგმილია.
- ლუკას თუ ამზადებთ წინასწარ იმისთვის, რომ მალე დედმამიშვილი უნდა შეეძინოს?ხშირად ბავშვები პირველ პერიოდში განსაკუთრებულად ეგოისტობენ და ეჭვიანობენ...
- ჯერ პატარაა, მაგრამ ეჭვიანობის მომენტი აქვს მაინც. ჩემი მეგობრები შეყვარებულები არიან და ჩვენთან რომ მოდიან, ლუკა უბედნიერესია, უყვარს ჩემს მეგობარ ბიჭთან თამაში იმდენად, რომ მისივე შეყვარებული თუ ჩაეხუტება, მოეფერება, მიდის და გაბრაზებული ურტყამს, თავი დაანებე, ნუ ეკარებიო (იცინის). ასეთი რაღაცები კი სჩვევია ლუკას, მაგრამ ვთვლი, რომ შეიძლება ისე მიუდგე, ისე აუხსნა და დაელპარაკო, რომ ეჭვიანობის და ეგოიზმის მომენტი არ ჰქონდეს. მგონია, რომ მაგას შევძლებ...
- ლუკა როგორი გასაზრდელი იყო?
- გასნაკუთრებული სირთულეები არ ახლდა მის გაზრდას, მშვიდი იყო, სამ თვემდე, როგორც ყველას, მასაც აწუხებდა მუცელი, გაზების პრობლემა, მერე იყო კბილების ამოსვლის პერიოდი, რამაც ცოტა გაგვაწვალა და გაგვიჭირდა, იმიტომ, რომ ვერ ვჭამდით, ტკიოდა, გაბრაზებული იყო ყველაფერზე. ეს სირთულე რომ გადავლხეთ, მერე უკვე ნორმალურად ვიყავით.. ზოგადად, მშვიდი და ძალიან კომუნიკაბელურია. საყვარელი ქცევები აქვს, საუბრობს თავის ენაზე, ვერ ვიგებთ, რას ლაპარაკობს, მაგრამ ის მაინც არ ჩუმდება. სათამაშო მიკროფონი ვუყიდე, რომლითაც გადასარევად ერთობა, მიდის და მღერის. მიხარია, რომ სიმღერისკენ აქვს მიდრეკილება.
- მეუღლე რამდენად გეხმარებოდა ბავშვის გაზრდაში?
- იქიდან გამომდინარე, რომ 7 თვე-ნახევრამდე ბუნებრივ კვებაზე მყავდა, სულ ლუკასთან ვიყავი, მაგრამ გასეირნება იყო თუ სხვა რამე, ერთად ვუკეთებდით მე და ჩემი მეუღლე. რომ ვთქვა პამპერსის გამოცვლა იცის და უყვარს-მეთქი, ტყუილი იქნება, იშვიათად კი არა, საერთოდ არ გამიგია, რომ კაცს პამპერსის გამოცვლა უყვარდეს, ერთეულები არიან ასეთები. დანარჩენი, მე თუ დასვენება მჭირდებოდა, ყველანაირად მიწყობდა ხელს, აკეთებდა ყველაფერს, რაც იმ მომენტში კაცს შეეძლო, რომ გაეკეთებინა.
- როცა გაიგეთ, რომ ისევ ორსულად იყავი, როგორ შეხვდით ამ ამბავს, როგორი მოლოდინი აქვს შენს მეუღლეს?
- მე სადღაც რვა-ცხრა თვის წინ მომეშალა მუცელი, ორი თვის ორსული ვიყავი მაშინ. მიუხედავად იმისა, რომ ის ორსულობა დაგეგმილი არ იყო და მოულოდნელად გავიგე ეს სასიხარულო ამბავი, მოვასწარით იმის გათავისება, რომ მეორე შვილის მშობლები ვხდებოდით. რომ მომეშალა, ეს ჩვენთვის, ორივესთვის, ძალიან დიდი სტრესი იყო. ექიმთან რომ მივედი და ნახეს, რომ ორსულობა შეწყვეტილი იყო, ვითომ მამშვიდებდნენ, ნუ ნერვიულობთ, ახალგაზრდები ხართ, კიდევ გეყოლებათო. არ იცი, ამის გახსენებაც კი როგორ ცუდად მოქმედებდა ჩემზე. ძალიან რთული და მტკივნეული იყო ის პერიოდი. მაგრამ საბედნიეროდ, ახლა კიდევ ორსულად ვარ, რომ გავიგეთ, მართლა ძალიან გაგვიხარდა, ვფიქრობთ, რომ ბავშვი, რომელიც არ დაბადებულა, თავიდან მოვიდა ჩვენთან. ყველანაირად ვუფრთხილდები ჩემს თავს და ასევე მიფრთხილდებიან გარშემო მყოფებიც.
- ბავშვმა როგორ იმოქმედა თქვენზე, როგორც წყვილის ურთიერთობაზე... როცა პატარა შემოდის ოჯახში მთელი ყურადღება მასზეა გადასული...
- იყო ეგ მომენტიც, რა თქმა უნდა, მაგრამ წინასწარვე ვიცოდით, რომ ასე მოხდებოდა. მიყვარს წიგნების კითხვა და ბევრი ვიკითხე ორსულობის პერიოდში ამ თემაზე, მინდოდა ყველა საკითხის შესახებ მქონოდა ინფორმაცია, რასაც მერე პარქტიკაში გამოვიყენებდი, თან ჩემს მეუღლეს ვუზიარებდი ყველაფერს და შედეგად ორივე მზად დავხვდით ლუკას, ისიც ვიცოდით, რომ მალე გაივლიდა და გადაგორდებოდა ის რთული პერიოდი. ზოგადად, კაცებს არ უყვართ, როცა მათი "კუთვნილი" ყურადღება სხვაზე გადადის და პრობლემები ჩნდება მერე ურთიერთობაში... ჩვენ კი ერთმანეთის გვერდში დგომით, აი უკვე რამდენი წელია შემოვრჩით ერთმანეთს.
- ბოლოს მინდა გკითხო, იმ სტატუსზე (იხილეთ სტატუსი), რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნე სოციალურ ქსელში. ბევრი დააბნია ამ სტატუსმა...
- ჩემი დაწერილი ისეთი სათაურით ჰქონდათ გამოქვეყნებული სხვადსხვა საიტებს, თითქოს ჩემს მეორე ნახევარზე ვწერდი და რამე პრობლემა მქონდა, არადა ასე არ იყო. მე ვიგულისხმე მეგობრებიც, ნათესავებიც, მეორე ნახევარიც, მაგრამ კონკრეტულად არავინ, ზოგადი იყო ჩემი პოსტი, ზოგადად ასე ვფიქრობ. მყოლია მეგობრები, რომლებთანაც ახლა ურთიერთობა აღარ მაქვს, იმიტომ, რომ ჩვენ ინტერესები აღარ ემთხვეოდა ერთმანეთს, ზუსტად ამაზე იყო დაწერილი ეს სტატუსიც. უბრალოდ სხვანაირად წარმოაჩინეს და კარგი პიარი გამოუვიდათ. არანაირად არ გამოუწვევია ამას ჩემში უარყოფითი ემოცია, ასეთებზე არ ვბრაზდები, იმიტომ რომ ვიცი, რეალურად რა და როგორ არის.
ციცი ომანიძე