"მარტო ჩემს თვალებში არაა საქმე, უამრავი ადამიანი, განსაკუთრებით ქალი და გოგო განიცდის ამ წნეხს" - ირმა სოხაძის ტელეწამყვანი ქალიშვილის დამაფიქრებელი პოსტი „პირველი არხის“ გადაცემა „ინტერვიუს“ წამყვანი, მომღერალ ირმა სოხაძის ქალიშვილი სალომე ასათიანი ეკრანზე გამოჩენის შემდეგ ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. მისი ანალიტიკური გადაცემის შეფასებების გარდა, საზოგადოების ნაწილი მისი გარეგნობითაც "დაინტერესდა" და სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს. სალომემ მათ ასევე სოციალური ქსელის მეშვეობით გასცა დამაფიქრებელი პასუხი:
„ტელეგადაცემის ლინკებზე თუ ფოტოებზე რამდენჯერმე შემხვდა შენიშვნა ჩემი თვალების ასიმეტრიასთან დაკავშირებით. რომ „ელამი“ ვარ, რომ „აჯობებს კადრში მუქი სათვალით დავჯდე“… გადავწყვიტე გამცნოთ, რომ მე ერთ თვალში მხედველობა დაკარგული მაქვს. დაახლოებით ათი წლის წინ ბადურა ჩამომეშალა, სამი მძიმე ოპერაციის და უამრავი არანაკლებ მძიმე პროცედურის მიუხედავად, სამწუხაროდ, ვერ შემინარჩუნეს. უსინათლო თვალი თანდათან კარგავს ფუნქციას და დროდადრო მართლაც იხრება გვერდზე.
ვიცი, რომ ჩვენთან გარეგნობა, წონა, ჩაცმულობა, მაკიაჟი, სამკაულები და მსგავსი ქარაფშუტობები ლამის ფეტიშის რანგშია აყვანილი, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ დავნებდე ამ სტანდარტებს და სადმე დავიმალო. მუქ სათვალეს არ გავიკეთებ. სიბერეში შეიძლება თვალი ავიკრა, მეკობრის სტილში, შავი ხავერდით. ისიც იმიტომ, რომ საკუთარ „ობრაზს“ ვხედავ ასე და არა თვალის დამალვის მიზნით. მანამდე კი იმედია როგორმე გამიძლებთ. ძირს ჩარჩოები და სილამაზის სტანდარტები, ვეცადოთ შევიყვაროთ ჩვენ-ჩვენი „ნაკლები“ და „ხარვეზები“. we are all individuals, როგორც მონტი პაიტონის ბრძენები გვასწავლიან…
ემოციურად არ მეხება მსგავსი კომენტარები, საამისო ძალა ნამდვილად მაქვს. არც მაწუხებს და არც მთრგუნავს. მით უმეტეს მაშინ, როცა უმეტესი გამოხმაურება დადებითია, გადაცემების და ტექსტების შინაარსზეა და არა ამაზე. მაგრამ მგონია, რომ მნიშვნელოვანია ამ “გარეგნობის ფეტიშიზმზე” ხმამაღალი ლაპარაკი. მარტო ჩემს თვალებში არაა საქმე, უამრავი ადამიანი, განსაკუთრებით ქალი და გოგო განიცდის ამ ფეტიშიზმის წნეხს. და ამაზე უნდა დავიწყოთ ღია დისკუსია, აუცილებლად“.