ვალენტინობას საქართველოში უამრავი წყვილი აღნიშნავს. როგორც წესი, დიდად არავინ კითხულობს ამ დღის წარმომავლობას და სიყვარულის დღედ გამოცხადების მიზეზს - ადამიანებს უბრალოდ მოსწონთ და ეზეიმებათ სიყვარულის დღე, თუმცა იქვეა "ანტივანტინისტების ბანაკიც" - მათ სასაცილოდ არ ჰყოფნით ამ თარიღის დღესასწაულად გამოცხადება და აპროტესტებენ კიდეც. საიდან "გამოგვეცხადა" ეს თარიღი, ვინ იყო წმინდა ვალენტინი და როგორ უნდა აღვნიშნავდეთ მას. გვესაუბრებავ წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია).
- წმინდა ვალენტინი რეალური პიროვნება გახლდათ, მესამე საუკუნეში მოღვაწეობდა და მოწამეობრივად აღესრულა. ამბობენ, რომ ვალენტინობა შეყვარებულებისთვის დააწესა კათოლიკურმა ეკლესიამ, რაც არასწორია. წლების წინ კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსმა და გენერალურმა მდივანმა მოსკოვში, განაცხადა: კათოლიკური ეკლესია ,,შეყვარებულთა დღეს" არ აღნიშნავს, ანუ არ დღესასწაულობს. ამ დღეს კათოლიკური ეკლესია კირილესა და მეთოდეს ხსენებას აღნიშნავს. ბროკქაუზისა და ეფრონის ენციკოპედიაში ვკითხულობთ: ,, წმინდა ვალენტინის დღესთან დაკავშირებით, იკრიბებოდნენ ახალგაზრდები და დიდ ყუთში ყრიდნენ ბარათებს, სადაც წარწერილი იყო გოგონების სახელები. შემდეგ იქიდან იღებდნენ ბარათს ბიჭები. ბარათზე დაწერილი სახელი, რომელიც შეხვდებოდა ბიჭს ის გახდებოდა მის წლის ,,ვალენტინი". ერთწლიანი ურთიერთობისთვის ემზადებოდნენ როგორც ბიჭები, ასევე გოგოები. შეყვარებულობის საწინდარი იყო სახელი, დაახლოებით ისე, როგორც შუასაუკუნეების რომანებშია აღწერილი. 1969 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ, საერთოდ ამოიღო წმინდა ვალენტინის ხსენების დღე, მიზეზად ის დასახელდა, რომ მის შესახებ არ არსებობს რაიმე ჰაგიოგრაფიული თხრობა ზოგიერთის აზრით ამ თევს წყვილდებიან ფრინველები, შესაბამისად ჩვენც უნდა აღვნიშნოთ სასიყვარულო დღე. ჩვენ ვიცით, რომ თუ რაიმე განსაკუთრებით იმკვიდრებს ერში ,,ბიზნეს პროექტების სახით", მას აუცილებლად ,,მოუძებნიან" ტრადიციულ სარჩულს. სინამდვილეში, სარფიანი მოგების საწინდარია, იყიდება ყვავილები, იყიდება საჩუქრები. ახალგაზრდებს კი მეტი რა სურს: ,,სიყვარულის დღეა". რაც სიყვარულს უკავშირდება, მათთვის ყველაფერი მნიშვნელოვანია და არც აინტერესებთ ისტორიის წარმომავლობა, რამდენად რეალურია. ყველა არხი ამის ტირაჟირებას ახდენს და ძნელია არ ცდუნდეს ,,სიყვარულით" აღსავსე გული. ფართოდ ცნობილია, რომ ამერიკაში შობისა და აღდგომის დღესასწაულებს შორის იყო სიცარიელე, გახდა საჭირო კომერციული თვალსაზრისით რამის მოფიქრება და, მართლაც ვალენტინის დღე კომერციული ნიშნით მართლაც ყველაზე სარფიანი დღე გამოდგა.
- თუკი კათოლოკე წმინდანია და ამ დღეს მართლმადიდებლები აღნიშნავენ ეს სწორია თუ არა?
- დანაშაული არ არის აღნიშვნა, დანაშაულია არასწორი დაგეგმვა დღესასწაულისა...
მართლმადიდებელ ეკლესიაში წმინდა ვალენტინის ხსენების დღეა 19 ივლისი (ძველი სტილით 6 ივლისი), ხოლო კათოლიკური ეკლესია არ აღნიშნავს ამ დღეს ოფიციალურად, 1969 წლის საეკლესიო რეფორმის შემდეგ. ამ დღის ასოცირება რომანტიულ საყვარულთან, პირველად ჯეფრი ჩოსერის მიერ მოხდა შუა საუკუნეების მიწურულს. საერთოდ ამოიღეს კალენდრიდან, მაგრამ შემდგომ ისევ დაიწყეს ხსენება, თუმცა არა 14 თებერვალს. 14 თებერვლის აღნიშვნა ანგლიკანურ და პროტესტანტულ ეკლესიებშია მიღებული. კათოლიკური ეკლესიიდან სიმკაცრის მიზეზად დასახელდა ის, რომ არ ჰქონდათ საკმარისი ჰაგიოგრაფიული ნაშრომი, რითაც შეძლებდნენ მისი წმინდანობის დადასტურებას. საერთო წმინდანია, მაგრამ სხვადასხვა პერიოდში აღვნიშნავთ მათ ხსენებას. 1054 წლამდე, სანამ გამოყოფა მოხდებოდა კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიებისა, ჩვენ გვყავდა და გვყავს საერთო წმინდანები.
- მართლმადიდებისთვის რომელი წმინდანია სიყვარულთან დაკავშირებული და რომელ დღეს უნდა ავღნიშნოთ სიყვარულის დღე?
- სიყვარულის მოციქულად იწოდება წმინდა იოანე ღვთისმეტყველი, ასევე ნებისმიერი მოციქული სიყვარულისაა და შეგვიძლია მათ ვთხოვოთ მოგვანიჭონ ეს ნიჭი, გამოითხოვონ უფლისაგან შეწევნისა და კურთხევის მადლი. უფლის სიყვარული იმდენად დიდია ჩვენდამი, ვერცერთი დღე ვერ გამოგვასყიდინებს ამას. ჩვენი სული სიყვარულის ძღვნად უნდა გარდავქმნათ ყოველდღიურად და მივართვათ უფალს, ეს იქნება ჩვენი სულისთვის ,,ვალენტინისა" და ხსნის დღე.
რომანტიული კერა ამ წმინდანის სახელთან დაკავშირებული გვხვდება მე-14 საუკუნის დასაწყისიდან. წმინდა ვალენტინს მიიჩნევენ მამათმავალთა მაკურთხევლად. იმ პერიოდში იმპერატორმა კლავდიუსმა აკრძალა ჯვრისწერა და მაინც, საიდუმლოდ აღასრულა სასულიერო პირმა ვალენტინმაო, რის გამოც დასაჯა და შეწირულის სახელი დაიმკვიდრაო ისტორიაში. რამდენად მართალია?
1) ანტიკურ საბერძნეთში გვხვდება ,,მეგობრული სიყვარული", მაგრამ მათგან განსხვავებით რომაელ ლეგიონთა რიგებში ნაკლებად იყო მამათმავლობა გავრცელებული და ისტორიული ცნობა ამ დეტალის შესახებ გამოგონილია.
2) ჯვრისწერის წეს-განგება წმინდა იოანე ოქროპირამდე, უფრო მეტიც მე-5 საუკუნემდე არა გვაქვს, შესაბამისად ვერ შეასრულებდა საიდუმლო მსახურებას, ვერანაირი სახით, რადგან ლოცვები არ არსებობდა. ჯვრისწერა აღსრულებულად იწოდებოდა, თუ სასულიერო პირი ქორწინებას ესწრებოდა, ანუ საკმარისი იყო დასწრება.
3) ჩვენ ვიცით, რომ მე-3 საუკუნეში იდევნებოდა ქრისტიანობა და მას არანაირი სტატუსი არ ჰქონდა, პირიქით, მიწისქვეშეთში იმალებოდნენ და მათ თუ სადმე წაასწრებდნენ, სიკვდილით ისჯებოდნენ.
4) ყვითელ პრესაში და ტელევიზიითაც გავრცელდა, რომ წმინდა ვალენტინი, რომელიც საიდუმლოდ აღასრულებდა ჯვრისწერებს, შეუყვარდა ბრმა გოგო, რომელსაც, სიკვდილის წინ მისწერა სასიყვარულო წერილი, ხოლო რომის პაპმა მე-5 საუკუნეში იგი წმინდანად შერაცხა. ეკლესია სასიყვარულო ბარათების გამო არავის რაცხს წმინდანად, იგი მოწამეობისა და ქრისტეს სიყვარულისათვის ღებულობს გვირგვინს. პირველი ღია სასიყვარულო ბარათი, ციხიდან მე-15 საუკუნეში ორლეანის ჰერცოგმა საკუთარ ცოლს მისწერა. ქრისტიანობა ეროვნული ღირსების შემლახველად და ერის ღალატად აღიქმებოდა.
თეა ცაგურიშვილი