უნდა ვთხოვოთ თუ არა შენდობა ოჯახის წევრებს
კვირას მართლმადიდებელი სამყარო მიტევების დღეს აღნიშნავს. ყველა ქრისტიანი ვალდებულია უფლისგან და ახლობლებისგან პატიება ითხოვოს. ვის უნდა ვთხოვოთ პატიება, ვის უნდა შევუნდოთ და ვის - არა. მიტევების დღის ტრადიციებზე გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ- მონაზონი ანდრია (სარია):
- როდიდან იღებს სათავეს მიტევების დღის ტარდიცია?
- მიტევების ტრადიცია ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან იღებს სათავეს. შემცოდე ერის წინაშე საჯაროდ ინანიებდა. ახალი აღთქმის ეკლესია ამ კანონს მკაცრად ინახავდა და გვახსოვს, როდესაც მაცხოვრის განსჯის დრო დადგა, ხალხმა ბარაბა შეიწყალა და მისი "სინანული" სცნო. ერი მიუტევებდა ავაზაკსაც კი წელიწადში ერთხელ.
- რატომ დაადგინა ეკლესიამ მიტევების დღე დიდი მარხვის დასაწყისში?
- მარხვა სინანულის საწყისია, მაცხოვარი კი ბრძანებს: "მზე ნუ დავა განრისხებასა თქვენსა." ადამიანმა მარხვა სიწმინდით უნდა დაიწყოს, სული თუ აღსავსეა მოყვასისადმი მიუტევებელი ცოდვებით, არც უფალი მოგვიტევებს. ყოველდღიურად ვიმეორებთ ფორმულას: "მოგვიტევენ ჩვენ, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ". ასკეტიკით გაპოხილი სხეულიც არაფრის მომცემია, თუ მას მიტევების "ონკანი" არ ახლავს.
- ვის შეიძლება ვთხოვოთ მიტევება და რა ფორმით უნდა გავაკეთოთ ეს? ყველა ნაცნობს ხომ ვერ დავუკავშირდებით?
- ადამიანმა უპირველესად ღვთისაგან უნდა ითხოვოს შენდობა და შემდგომ იმ ადამიანებს უნდა მიაწვდინოს გულის ხმა, რომელთაც ხშირად ხედავს და გულს უმძიმებს მანკიერებით. ჩვენი სული ყველაზე უკეთ სცნობს, სინდისი სად გავარღვიეთ.
- ოჯახის წევრებს უნდა ვთხოვოთ თუ არა პატიება?
- უმთავრესი სიწმინდე ოჯახია, უნებლიეთ ბევრჯერ გვიწევს გაბრაზება, წყევლა, მოუთმენლობა და ყვირილი. შესაბამისად, შენდობაც დროული იქნება.
- როცა ჩვენ გვთხოვენ მიტევებას, შეიძლება გულში ვერ ვპატიობთ. ვის შეიძლება არ მივუტვოთ?
- ერთადერთი ეშმაკს და მის მსახურებს: ერეტიკოსებს(მწვალებლებს), ჯადოქრებს,მკითხავებს. დანარჩენი ვინც ელოდება, გულით უნდა შევუნდოთ. შენდობა არ ნიშნავს ისევ საქმიანი ან პირადი ურთიერთობა აღვადგინოთ. ადამიანს ვპატიობთ, ლოცვაში მოვიხსენიოთ, ხოლო ფიზიკური სიახლოვე თუ გვაზიანებს, განვერიდოთ.
- ვის არ უნდა ვთხოვოთ პატიება?
- ჭეშმარიტების მტერს - უღმერთო ადამიანს და სატანას. მის წინაშე შენდობას არასდროს ვამბობთ და მის მსახურ ერეტიკოსებთანაც.
- ამ დღისთვის ლოცვა თუ არსებობს და როგორ უნდა შეხვდეს თითოეული ჩვენთაგანი?
- მიტევების კვირას სპეციალური ლოცვა სრულდება ტაძრებში და თითოეული ქრისტიანი წესით უნდა მივიდეს უფლის ტრაპეზთან შენდობა მიიღოს და ცხონების გზას შეუერთდეს.
თეა ცაგურიშვილი