რამდენიმე საწარმოს თანამშრომლები პასუხისგებაში მისცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ფალსიფიკაციის ფაქტზე, რძის პროდუქტების მწარმოებელი და რეალიზატორი საწარმოების - შპს „ნამდვილი პროდუქტების“, შპს "ამირანი XXI“-ს და შპს "ჯი ეს ენ“-ის ხელმძღვანელები და თანამშრომლები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
"გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნულ საწარმოთა ხელმძღვანელ პირებს, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების საფუძველზე ჰქონდათ ვალდებულება, ქალაქ რუსთავში მოემარაგებინათ საბავშვო ბაგა-ბაღები რძის ნაწარმით.
ბრალდებულები, შემოსავლის გაზრდისა და დანახარჯის შემცირების მიზნით, რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევით, იაფფასიანი მინარევების გამოყენებით აწარმოებდნენ ფალსიფიცირებულ კარაქს და უწევდნენ რეალიზაციას საბავშვო ბაგა-ბაღებში.
გარდა ამისა, სხვადასხვა სპრედების ერთმანეთში გადარევის გზით, ბრალდებულები იღებდნენ უხარისხო პროდუქციას, აფასოებდნენ როგორც ნამდვილ ნაღებ კარაქს და ამარაგებდნენ რუსთავის ათეულობით საბავშვო ბაგა-ბაღს“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
საგამოძიებო სამსახურის მიერ, არაერთი საბავშვო ბაღიდან და ხსენებული საწარმოებიდან ამოღებულია ფალსიფიცირებული პროდუქცია, რაზედაც ჩატარდა ექსპერტიზა და კარაქში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნით, რძის ცხიმის შემცველობა აღმოჩნდა მცირე და იგი ნაწარმოები იყო სხვა იაფფასიანი მცენარეული ცხიმებისაგან.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 დან 3 წლამდე.
ამ ფაქტს გამოეხმაურა თავად კომპანია "ნამდვილი პროდუქტების" მფლობელი კონსტანტინე შარვაშიძე და მისთვის წაყენებულ ბრალდებებს აბსურდული უწოდა.
როგორც კონსტანტინე შარვაშიძის ძმის, თეიმურაზ შარვაშიძის მიერ გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი, საგამოძიებო ორგანო ბიზნესმენებზე ზეწოლას ახორციელებს და რძის პროდუქტების კოპანიისთვის წაყენებული ბრალდებებიც სწორედ ამას უკავშირდება.
"დაიწყო შემოტევა ჩემს ძმაზე, კონსტანტინე შარვაშიძეზე. რამდენიმე დღის წინ ფინანსურმა პოლიციამ "შეამოწმა" შპს "ნამდვილი პროდუქტები" და ბრალი წაუყენა მას, ვითომ ფალსიფიკაციის აბსურდულ საქმეზე - "კარაქში სპრედი გაურიესო". თვითონაც ვერ გარკვეულან, რას ედავებიან, მაგრამ უნდათ პრობლემებში გაგვხვიონ", - ნათქვამია განცხადებაში.
თემურაზ და კონსტანტინე შარვაშიძეები პრემიერ-მინისტრს და ბიზნეს ომბუდსმენს მიმართავენ.