ბევრმა არ იცოდა, რომ "მის თურქეთს" სინამდვილეში ქართველი მშობლები ჰყავდა... ამ მსახიობს თურქული სერიალების მოყვარულები პირველ რიგში "დიდებული საუკუნიდან" იცნობენ, როგორც ვალიდე სულთანს, ასევე სხვა სერიალებიდან, სადაც ძირითადად ძლევამოსილ ქალს თამაშობს ხოლმე. თუმცა ბევრმა არ იცის მისი ბიოგრაფია და ის, რომ ამ ქალბატონს ქართული წარმომავლობა აქვს.
ნებაჰატ ჩეჰრე 1944 წლის 15 მარტს არის დაბადებული თურქეთის ქალაქ სამსუნში. მამამისი აჭარიდან იყო წარმოშობით, დედაც თურქეთში გადასახლებული ქართველების - ლაზების წარმომადგენელი გახლდათ. როგორც ჩანს, ლამაზი გარეგნობა და ეშხი ქართული ხვდა წილად და ამითვე აოცებდა თურქებს. ამისვე დამსახურებით მიიპყრო საზოგადოების ყურადღება, 15 წლისა გახდა "მის თურქეთი" და საკმაოდ ცნობილი მოდელი, მერე კი კინოში გადაინაცვლა და ერთი პერიოდი მღეროდა კიდეც.
1964 წელს, უკვე საკმაოდ ცნობილი მსახიობი, ცოლად გაჰყვა ასევე მსახიობ ილმაზ გუნეის, თუმცა ეს ქორწინება ოთხ წელიწადში დაირღვა. შემდეგ ისევ გათხოვდა - კალათბურთის მოთამაშე იავუზ დემირს გაჰყვა ცოლად. კარიერაც კი მიატოვა ოჯახური ცხოვრების გამო, მაგრამ ამ ქორწინებამაც ვერ გაძლო და ნებაჰატი კინოს დაუბრუნდა.
დღეს კვლავ კინოშია, აღიარებული მსახიობია და მიუხედავად წარუმატებელი პირადი ცხოვრებისა, ამბობს, რომ ბედნიერია.