უბრალო ადამიანები გაცილებით მეტ სიკეთეს გასცემენ, ვიდრე სახელმწიფო, რომელმაც ადამიანები ღვთის ანაბარა მიატოვა ეს სიკეთე სულ ცოტა ხნის წინ მოხდა და მისი შემოქმედნი ჩვეულებრივი დედები არიან, ჯგუფიდან, რომელიც დედებს აერთიანებს. ჯგუფის ერთმა წევრმა დაწერა, რომ დენის გადასახადის გადაუხდელობის გამო შუქი გამოურთეს და ოთხ შვილთან ერთად (რომელთაგან უმცროსი მხოლოდ ორი თვისაა), უშუქოდ დარჩა... და რომ სახელმწიფო არანაირად არ ზრუნავს ადამიანებზე, რომელთაც ასე უჭირთ და მხოლოდ სხვა ადამიანების იმედი აქვთ...
პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრს შეეცოდა ახალგაზრდა დედა, ბევრმა არ დაიჯერა ეს ამბავი, სხვებმა დატუქსეს კიდეც, თუ საშუალება არ გქონდა, რატომ აჩენდიო ამდენ შვილს... თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც პირდაპირ საქმეზე გადავიდა, მოითხოვა აბონენტის ნომერი, გავიდა და ჩაურიცხა დენის საფასური... სიკეთე მართლა გადამდებია და ეს თუ გადაარჩენს ამ სამყაროს...
ახლა მისი პატარები გახარებულები არიან... ეს პატარა სიხარულია, რომელიც დიდ გაჭირვებაში ისე გაიელვებს ხოლმე, როგორც გვირაბის ბოლოს სინათლე, მაგრამ ამ სიხარულს ყველაზე დიდი რამ სდევს თან, იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება...
ახლა კი გაგაცნობთ ამ ამბის მთავარ გმირს, თათია ვაჩეიშვილს, იმ იმედით, რომ მისი ამბით დაინტერესდებიან სათანადო უწყებები და ცოტათი მაინც გაუიოლებენ ცხოვრებას.
თათია არც ისე დიდი ხნის წინ გავიცანი. მაშინ ფეხმძიმედ იყო მეოთხე შვილზე და ეშინოდა იმის, რაც ელოდა წინ იმ მდგომარეობის გამო, რომელშიც აღმოჩნდა. როგორც თვითონ მიამბო, დალხენილი ცხოვრება არც მანამდე ჰქონია, მაგრამ ის და მისი მეუღლე მუშაობდნენ და ასე თუ ისე ინახავდნენ ოჯახს. ერთხელ კი ქმარი ავარიაში მოჰყვა, უმძიმესი თავის ტრავმა მიიღო. ორი კვირა აპარატზე იყო შეერთებული და არც ჰქონდათ იმედი, რომ გადარჩებოდა. თუმცა ღვთის წყალობით გადარჩა და გამოვიდა კომიდან. ამას მოჰყვა მკურნალობა, უამრავი წამალი, რა თქმა უნდა, სამსახურიც დაკარგა. ახლაც რეაბილიტაციის პროცესშია და ადვილი მისახვედრია, როცა ჯანმრთელი მამაკაცები ვერ შოულობენ სამსახურს, მას როგორი პრობლემები ექნება ამ მხრივ.
სწორედ ამ პერიოდში გაარკვია თათიამ, რომ მეოთხე შვილზე იყო ორსულად - სამი შვილი პრაქტიკულად წამოზრდილი ჰყავდა და აღარც გეგმავდა კიდევ ერთ შვილს, თუმცა ესეც ღვთის წყალობად მიიჩნია და აბორტი არ გაიკეთა. ორსულმავე დაიწყო მუშაობა, რომ თავი ერჩინათ, ლუდის ჩამომსხმელად მუშაობდა და მუცელს მალავდა, რომ არავის შეემჩნია და ამის გამო სამსახური არ დაეკარგა...
იმის მერე რამდენიმე თვე გავიდა. თათიამ იმშობიარა, პატარა გოგონა გაუჩნდა, რასაკვირველია, ამასობაში სამუშაო მანაც დაკარგა და დარჩა ოთხი შვილით ყოველგვარი დახმარების გარეშე. ერთადერთი, რაც ოჯახს თვიდან თვემდე ეხმარება, მოხუცი მამის პენსიაა, რაც ოთხშვილიან ოჯახს, დაგვეთანხმებით, არაფერში ეყოფა. სოციალური დახმარება თავის დროზე არ დაუნიშნეს იმის გამო, რომ თათიას 200 ლარი ერიცხებოდა ხელფასის სახით (!) და ეს საკმარისად მიიჩნიეს ოჯახის სარჩენად. ახლა კი რავალშვილიანობის დახმარებაზეც უარი უთხრეს და იმის გამო, რომ სახლი, სადაც ცხოვრობენ, ერთ დროს კარგად იყო გაკეთებული და დანგრეულ-ჩამოშლილი არ არის, თურმე მაღალ ქულებს ვერ მიიღებს და კომპენსაციას არ დაუნიშნავენ... თათია ძალიან ღელავს თავისი მდგომარეობის გამო, მადლობას უხდის ყველა ადამიანს, ვინც მისი გასაჭირი გაიზიარა. "იმედი მაქვს, რაღაც ჩემს ცხოვრებაშიც შეიცვლება... უფროსი შვილები ამბობენ ხოლმე, დედა, ჩვენ მოვიკლებთ, ოღონდ ამ პატარას ჰქონდეს საჭმელიო..." - ერთი ქართული ოჯახის და კიდევ ერთი საოცარი სიკეთის ამბავი
ერთი სიტყვით, ეს ისეთი ამბავია, საქართველოში უკვე არავის რომ არ უკვირს და სამწუხაროდ, ბევრი ოჯახია ამ დღეში. თათია ცდილობს, ხანდახან საკუთარ პრობლემაზე შეახსენოს საზოგადოებას და მთავრობამდე მიაწვდინოს ხმა, რომ როდესაც დემოგრაფიაზე "ზრუნავენ", იმაზეც იფიქრონ, რომ შემდეგ ამ ადამიანებს დაეხმარონ ელემენტარულით მაინც... თორემ ეს ადამიანები მხოლოდ ღვთის ანაბარა არიან მიტოვებულები და კეთილი ადამიანების იმედად, რომლებსაც იქნებ თავადაც დიდად არ ულხინდეთ...