”ქ-ნო ნანუკა, მე, თქვენ რომ დახმარება აღუთქვით, მაგრამ საბოლოოდ მისთვის არაფერი გაგიკეთებიათ, იმ ლუკა ჩხარტიშვილის დედა ვარ”, - სკანდალის გაგრძელება რამდენიმე დღეა არ წყდება ხმაური იმ საქველმოქმედო საღამოებზე შემოსული თანხების გამო, რომლისთვისაც სტანისლავ ბონდარენკო საქართველოში ჩამოვიდა. ორი დღის წინ, პროექტ „ცეკვევენ ვარსკვლავების“ დასრულების შემდეგ ნანუკა ჟორჟოლიანმა ამ თემას სკანდალური სტატუსი მიუძღვნა, სადაც წერდა, რომ შემოსული თანხა ჯერ კიდევ არ იყო გადარიცხული იმ ბავშვის ანგარიშზე, ვისთვისაც ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ:
„ველოდებოდი პროექტის დამთავრებას. არ მინდოდა ხელის შემშლელი ყოფილიყო, რომელიმე ინფორმაცია, რამე დეტალი?! თან მშობელს ჯერ კიდევ ქონდა იმედი და ჩვენც ვუწევდით ანგარიშს ამ ფაქტს.
სტანისლავ ბონდარენკო რომელი ქველმოქმედებისთვისაც ჩამოიყვანეს (პატარა ბავშვისთვის ოპერაციის თანხა გროვდებოდა), ორგანიზატორებს ამ დრომდე არანაირი დახმარება არ გაუწევიათ ოჯახისთვის. ბავშვის დედას შევთავაზეთ საჯაროდ ამ ამბის გაცხადება და გვითხრა, მერე საერთოდ აღარ მომცემენ თანხასო. იმიტომ, რომ ეს ამბავი ასე გრძელდება, მოტყუებულად, გადავწყვიტე მე მეთქვა საჯაროდ.
წარმოადგინონ ორგანიზატორებმა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ მათ ბავშვს გადაურიცხეს ის თანხა, რომელიც მას ეკუთვნოდა. სპექტაკლებიდან და სხვა ღონისძიებებიდან შემოსულ თანხებს ვგულისხმობ, თორემ გახსნილ ანგარიშზე რაც ირიცხება, ეს კეთილი ადამიანების დამსახურებაა.
ჩვენ პროექტის თანამონაწილეები ვიყავით. ფინანსურადაც ყველაფრის საქმის კურსში ვართ. რამდენი უნდა ჩარიცხულიყო ბავშვთან. იმედი გვაქვს, ამბის გასაჯაროების შემდეგ ორგანიზატორები ფულს ჩაურიცხავენ ბავშვს. თუ არა, იმედი გვაქვს შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან, ვინ და რატომ ითაღლითა“, - წერდა ნანუკა.
ნანუკას საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზატორმა ელენე თარგამაძემ უკვე გასცა პასუხი (იხილეთ ელენე თარგამაძის მიმართვა), დღეს კი ნანუკას უკვე იმ ბავშვის დედა სცემს პასუხს, რომელსაც ზემოხსენებული ქველმოქმედების შედეგად შვილის გამოჯანმრთელებაში დაეხმარნენ. გთავაზობთ, ლუკა ჩხარტიშვილის დედის პოსტს:
”ქ-ნო ნანუკა, მე, თქვენ რომ დახმარება აღუთქვით, მაგრამ საბოლოოდ მისთვის არაფერი გაგიკეთებიათ, იმ ლუკა ჩხარტიშვილის დედა ვარ! რამდენჯერ მოგმართეთ, გთხოვეთ, იქნებ თქვენს გადაცემაში გამონახოთ დრო და ჩემი ურთულესი დაავადებების მქონე შვილს დაეხმაროთ-თქო. ეს რამდენიმე თვის წინ იყო და ისე გავიდა თვეები, თქვენ არაფერი გაგიკეთებიათ. რაღაცებს მპირდებოდით, მაგრამ თქვენი დაპირება დაპირებად დარჩა!
დღეს თქვენ ამბობთ, სტანისლავ ბონდარენკო რომელი ქველმოქმედებისთვის ჩამოიყვანესო? მე გიპასუხებთ: სწორედ ამ გოგოებს, ნათიას და ელენეს დაებადათ იდეა სტანისლავი საქართველოში ჩამოსულიყო ჯერ მიხოს დასახმარებლად და შემდეგ ამას უკვე ბევრი საქველმოქმედო საქმე მოყვა. ეს ის სტანისლავ ბონდარენკოა, რომელიც სამ არაჩვეულებრივ გოგოსთან ერთად ბათუმში დათო ოქიტაშვილის დახმარებით და ბათუმის "ქალთა კლუბის" ინიციატივით, ჩემი შვილისთვის ორგანიზებულ საღამოზე ჩამოვიდა და არც ერთი თეთრი, მათ შორის გზის და ჩამოსვლის ელემენტარული ხარჯებიც კი არ გადაგვიხდია ჩვენ მათთვის.
იქნებ მანამ, სანამ ამ სასტუსს დაწერდით, კარგად გაგერკვიათ ორგანიზატორებთან და მიხო სხვიტარიძის ოჯახთან, რატომ ყოვნდებოდა თანხის ჩარიცხვა, რამე საერთო შეთანხმება ხომ არ ჰქონიათ მათ ერთმანეთთან და მერე გამოგეტანათ ხმამაღალ სტატუსად თქვენთვის ვითომ მტკივნეული თემა! ახლა ისეთ სტატუსს აქვეყნებთ ისევ, თითქოს თქვენი დამსახურებაა და თქვენ უნდა გიმადლოდეთ ვინმე, მიხოს ოჯახს თანხა თუ ჩაურიცხეს. ამას, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სხვა თუ არაფერი, პოპულისტობა ქვია!
და კიდევ, ამ პასუხს ის მადლიერი დედა გწერთ, რომელიც ამჯერად თქვენგან დარჩა მოტყუებული!”
თეკლა ჟვანია