”ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟები ჩავუტარე” - როგორ იხსენებს საბედისწერო დღეს გიორგი გოგოლაური გიორგი გოგოლაურს უკვე ძალიან ბევრი ადამიანი იცნობს. 1 აგვისტოს ახმეტის რაიონში მომხდარი შემთხვევის შემდეგ (იხილეთ სტატია), ამ ამბის გმირი გიორგი გოგოლაური მთელმა საქართველომ გაიცნო. გიორგიმ დაფიქრებაც ვერ მოასწრო, ისე გახდა ვარსკვლავი. სტატიის კომენტარებში გოგონები მას სიყვარულს უხსნიდნენ, უფრო ასაკოვანი ადამიანები ლოცავდნენ, მშობლებს აქებდნენ, ბევრი იმასაც წერდა, რომ სწორედ ასეთ ადამიანებზე უნდა გააკეთონ ტელევიზიებმა გადაცემები და რომ გიორგი იმსახურებს, 100%-იანი გრანტით მიიღონ ნებისმიერ უნივერსიტეტში. გვთხოვდნენ მის უფრო ახლოს გაცნობას...
ეს პოპულარობა გიორგისთვის მოულოდნელი იყო, მან უბრალოდ ის გააკეთა, რაც იმ წუთას ჩათვალა საჭიროდ და შედეგებზე აღარც უფიქრია. უბრალოდ ისე მოხდა, რომ იმ მომენტში ამ ამბავს თქვენი მონამორჩილი შეესწრო, გააშუქა და ასე დაიწყო და დაიწყო...
გიორგი გაურბის ჟურნალისტებს და დიდი თხოვნის შემდეგ ძლივს დავითანხმეთ ინტერვიუზე.
- გიორგი, გაიხსენე დეტალურად, რა მოხდა იმ დღეს?
- მეგობრები ახმეტის რაიონში, სოფელ მატანში ვიყავით სტუმრად კლასელის ოჯახში. მდინარეზე წასვლა გადავწყვიტეთ. 10-15 წუთის მისულები ვიყავით, რომ ჩოჩქოლი ატყდა და შემდეგ განწირული ყვირილი გაისმა. მე და ჩემი მეგობრები მაშინვე წყალსაცავისკენ გავიქეცით. ხიდიდან გადავიხედე და დავინახე, რომ ახალგაზრდა ბიჭი წყლის მორევში ტრიალებდა. როცა დაბლა ჩავედი, უკვე აღარ ჩანდა. ყველა პანიკაში იყო. მისი მეგობრები ემოციისგან თავს ვეღარ აკონტროლებდნენ და წყალში გადახტომას ცდილობდნენ, ეს უფრო ცუდ შედეგს მოიტანდა, იქ გადახტომას აზრი არ ჰქონდა, ყველა დაიღუპებოდა. ჩემი მეგობრები ირკლი ილურიძე და ცოტნე ფაჩუაშვილი იჭერდნენ ამ ბიჭებს და გადახტომის საშუალებას არ აძლევდნენ.
დავიყვირე, ჯაჭვი შევკრათ-თქო, წყალში შევედი და უკან 3-4 ბიჭი შემომყვა, იმათაც ძალიან ივაჟკაცეს. წყალში ხელი მეშვებოდა უკვე, ძლიერი დინება იყო, ჩემს უკან მდგომმა გამომაგდო მორევიდან. დიდი წვალების შემდეგ დაზარალებული წყალმა მეორე ნაპირას გამორიყა. გათიშული და სულ გალურჯებული იყო. სახეში ურტყამდნენ გამოსაფხიზლებლად. ვიფიქრე, თავის ტრავმები ექნებოდა და ვუთხარი ბიჭებს, ნუღარ ურტყამთ-მეთქი. ბეტონზე დავაწვინეთ. ალბათ 2-3 წუთი გათიშული იყო. ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟები ჩავუტარე. სასწრაფო რომ მოვიდა, უკვე გონზე იყო მოსული. საკაცით გამოვიყვანეთ მდინარიდან და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის მერე მის შესახებ არაფერი გამიგია. იმედი მაქვს, უკვე კარგადაა და თავის ოჯახს დაუბრუნდა.
- არ დაფიქრებულხარ, რომ იმ მომენტში შენი სიცოცხელე საფრთხეში ჩააგდე?
- იმ მომენტში ფიქრის დრო ნამდვილად არ მქონდა. ინსტინქტურად ვმოქმედებდი. მის ადგილზე შეიძლება მეც ვყოფილიყავი ან ჩემი რომელიმე მეგობარი. როცა ადამიანს შველა სჭირდება და შენ მის დასახმარებლად რამის გაკეთება შეგიძლია, არც უნდა დაფიქრდე. არასოდეს დამავიწყდება მისი მეგობრების ემოცია და სიხარულის ცრემლები, როცა მან თვალები გაახილა და გონზე მოვიდა. უიმედოდ იყვნენ, იმდენ ხანს დაჰყო წყალში, არავის ეგონა, თუ ცოცხალი გადარჩებოდა. სასწაული იყო მისი გადარჩენა.
- იფიქრებდი, ამხელა გამოხმაურება რომ მოჰყვებოდა ამ ამბავს?
- ასეთი შემთხვევა ძალიან ხშირად ხდება. ბევრ ადამიანს გადაურჩენია თავისი თანამემამულე, მეგობარი, უბრალოდ ამ დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ჟურნალისტი და ჩემი ამბავი გახმაურდა... ჩემს ადგილზე ყველა ასე მოიქცეოდა. არ ვთვლი, რომ რაღაც განსაკუთრებული გმირობა ჩავიდინე.
- რატომ წამოხვედი ჩუმად შემთხვევის ადგილიდან?
- აბა, რა უნდა მექნა? ეს ყველაფერი არც არავის დასანახად გამიკეთებია და არც პიარისთვის.
- ცოტა რამე შენს შესახებაც მოგვიყევი, რომ კარგად გაგიცნოს საზოგადოებამ.
- მშობლებთან და ორ პატარა ძმასთან ერთად ვცხოვრობ თბილისში. წელს დავამთავრე სკოლა და ჩავაბარე გამოცდები. მინდა გრიგოლ რობაქიძის უნვერსიტეტში, ბიზნესის ფაკულტეტზე მოვხვდე. ჩემი ოცნება იყო, წარმატებული სპორტსმენი გავმხდარიყავი, ვჭიდაობდი, მაგრამ ტრავმების გამო მომიწია ამ ოცნებაზე უარის თქმა. მინდა ვისწავლო, ბევრს ვიშრომებ, რომ წარმატებას მივაღწიო ცხოვრებაში.
- ძალიან ბევრი ბეჭდური თუ ინტერნეტგამოცემა დაინტერესდა შენით, მაგრამ ინტერვიუზე უარს აცხადებ. რატომ?
- როდესაც მე და ჩემი მეგობრები უკან ვბრუნდებოდით, დაგვეწია ჟურნალისტი (ანუ თქვენ - იღიმის) და ნებართვა მთხოვა გაეკეთებინა სტატია. მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, თუ ამ სტატიას ასეთი ამბავი მოჰყვებოდა, თორემ ნამდვილად არ მივცემდი ამის ნებას (იღიმის). ამისთვის მზად არ ვიყავი, ამიტომ მიწევს უარის თქმა. თან როგორც უკვე ვთქვი, არ ვთვლი, რომ რაღაც განსაკუთრებული გმირობა ჩავიდინე, ასეთი შემთხვევა ბევრია ჩვენს ცხოვრებაში.
- ბევრი გოგონა მოიხიბლა შენით. აქვთ მათ შანსი, თუ შენს გულში უკვე დაკავებულია ადგილი?
- არა, ჩემი გული თავისუფალია (იღიმის).
- ამ დღის მერე რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში?
- მარტო ის შეიცვალა, რომ ხალხმა გამიცნო. ეს ისტორია ჩაიწერა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ მე პიროვნულად არ შევცვლილვარ. დავესესხები ალექსანდრე ჭავჭავაძეს:
,,არ ვსდევ ჟამთა ცვლას,
მე იგივე ვარ მარად და მარად!"
ამ ამბის კიდევ ერთი მთავარი მოქმედი პირი 17 წლის გიორგი სუხოშვილია. ის ახმეტის რაიონში სოფელ მატანში ცხოვრობს. გიორგი გოგოლურის მსგავსად, ისიც მოჭიდავეა, ბევრ წარმატებას მიაღწია, თუმცა ამ შემთხვევის გამო ალბათ გარკვეული დროით ვარჯიშზე უარის თქმა მოუწევს. მდინარე ილტოზე მეგობრებთან და ძმასთან ერთად იმყოფებოდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია და უკვე სახლში გადის მკურნალობის კურსს. იმ წუთების გახსენება ძალიან უჭირს, ამიტომ მისი ძმა ცოტნე სუხოშვილი გვესაუბრა.
- თავიდან გვეგონა, რომ გვეხუმრებოდა და ვეძახდით, გამოსულიყო წყლიდან, მერე მივხვდით, რომ ცუდად იყო საქმე. ყველა პანიკაში ჩავვარდით, როგორია, ხედავდე ძმას ამ მდგომარეობაში და ვერაფერს შველოდე. გადახტომა მინდოდა, მაგრამ ბიჭები არ მაძლევდნენ საშუალებას. მერე ერთმა უცნობმა ბიჭმა შეკრა ჯაჭვი და წინ შევიდა. წყალმა ისიც შეითრია, მაგრამ მის უკან მყოფმა ბიჭმა გამოიყვანა. გიორგი წყლში დაახლოებით 10 წუთი იყო, მერე დინებამ მეორე მხარეს გამორიყა. ისეთ შოკში ვიყავით, ვერაფერს ვახერხებდით. იმ უცნობა დააწვინა ბეტონზე, ხელოვნური სუნთქვა და მკერდის მასაჟები ჩაუტარა. იმედი გადაწურული მქონდა, როცა ჩემმა ძმამ თვალები გაახილა. მერე სასწრაფოც მოვიდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ბიჭი ვეღარსად დავინახეთ. მე და ჩემმა მეგობრება მეორე დღეს მისი ძებნა დავიწყეთ, მადლობის თქმა გვინდოდა. მივაგენით ოჯახს, სადაც ის ისვენებდა, თუმცა იქ აღარ დაგვხვდა.
(მოგვიანებით ჩვენ გიორგი გოგოლაური და გიორგი სუხოშვილი ერთმანეთს დავაკავშირეთ. ავტ.)
გიორგი სუხოშვილის დედა:
- ექიმს ძალიან გაუკვირდა, ამდენი ხანი წყალში როგორ გაძლოო. ბავშვობიდან ჭიდაობს, ძლიერი ორგანიზმი აქვს და ალბათ ამან უშველა. თავიც ჰქონდა დარტყმული, მაგრამ ვფიქრობ, უფრო ფილტვები დაეკეტა და ამიტომ გაითიშა. როცა ტომოგრაფია გადავუღეთ, თავში დაზიანებები არ აღმოაჩნდა. გონზე რომ მოვედი, მარტო ადამიანებს ვხედავდი, არაფერი მესმოდაო. ღმერთმა უშველოს იმ ბავშვს ჩემი შვილის გადარჩენისთვის!წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, განწირული იყო ჩემი შვილი. ძალიან უშიშარი და ხიფათიანი ბავშვია. ღმერთმა მეორედ მაჩუქა მისი თავი. დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილიც იგივეს გააკეთებდა უცხო ადამიანის გადასარჩენად, ამიტომ არ გაწირა ღმერთმა და მშველელი გამოუჩინა. ვისაც რა შეეძლო, თავი არ დაზოგეს, ყველას დიდი მადლობა მინდა მოვუხადო!
მერი ბლიაძე