შვილის მოგონებები, ციხის წლები და ცოლი, რომელიც მუდამ მის გვერდითაა მას მერე, რაც ცნობილი ბანი და ქველმოქმედი პაატა ბურჭულაძე საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთო, რასაკვირველია, გამძაფრდა ინტერესი მის მიმართ. საინტერესოა ხალხისთვის მისი როგორც საჯარო, ისე პირადი ცხოვრება.
ყველასთვის ცნობილია, რომ ბატონი პაატა წლებია წარმოშობით უკრაინელ ანჟელა ვასილენკოსთან ცხოვრობს, რომელზეც შარშან გრანდიოზულად იქორწინა და ჯვარიც დაიწერა. ამბობს, რომ ის მისი უდიდესი სიყვარულია და ქალბატონი ანჟელაც გამუდმებით მის გვერდით არის.
ბატონ პაატას ჰყავს ორი ვაჟი პირველი ქორწინებიდან (ირინა ნატრიაშვილთან) - შუქრი და ალექსანდრე. საზოგადოებისთვის მეტად ცნობილი შუქრია, რომლის ამბავი 1990-იან წლებში ბევრმა გაიგო და განიცადა კიდეც.
როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, 161-ე სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლობდა შვეიცარიაში, კოლეჯში, ლუზანასთან ახლოს. შემდეგ ვენაში ინტერნაციონალურ სკოლაში. მერე კი ყაზახეთში, იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. ძირითადად, დედასთან იზრდებოდა. "როდესაც ჩემი მშობლები დაცილდნენ, მე უკვე დიდი ვიყავი და ეს მაინცდამაინც არ მიგრძვნია. რა თქმა უნდა, კარგია, როცა ბავშვს დედაც გვერდით ჰყავს და მამაც. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. მამაჩემის მიმართ სასაყვედურო არაფერი მაქვს. მეც ისე გავზრდი ჩემს შვილს, რომ ყურადღება და მზრუნველობა არასდროს მოაკლდეს", - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში.
მერე იყო ციხის წლები...
1996 წელს 22 წლის შუქრი ბურჭულაძე ვენაში დააკავეს. მას ავსტრიის მოქალაქეობა ჰქონდა. როგორც ამბობდნენ, შუქრი ჯგუფურ მკვლელობაში გაეხვა... მოგვიანებით გაირკვა, რომ საქმე ერთი ქართველის მკვლელობას ეხებოდა, რაც სხვებთან ერთად, მასაც დაბრალდა... თავიდან შუქრის 24-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მერე აპელაციებით ჯერ ოთხი წელი მოაკლეს, მერე - ხუთი. საბოლოო ჯამში ციხეში 10 წელი და სამი თვე გაატარა.
მოგვიანებით საქველმოქმედო საქმიანობაში ჩაერთო, დაქორწინდა - სალომე ნაკაშიძეზე, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს და ბედნიერად ცხოვრობს.
„გურიის სოფელ სამებაში, მამაჩემის აშენებულ ტაძარში დავიწერეთ ჯვარი. 2008 წლის 28 სექტემბერს ბათუმში 450 კაციანი ქორწლი გვქონდა, 30-ში კი თბილისში 500 კაციანი. ქორწილში იყვნენ კახი კავსაძე, გურამ საღარაძე... ბევრი მომღერალი და მსახიობი. ეტყობა, ისე მონატრებული ვყავდი ყველას, ამხელა ქორწილებში ერთი პატარა წაკინკლავებაც არ ყოფილა. სტუმრებმა სულ ცეკვაში და სიმღერაში გაატარეს დრო.“
პაატა ბურჭულაძე ხშირად სტუმრობს შვილისა და შვილიშვილის ოჯახს.