"ჩემი ქორწილი იყო" რამდენიმე დღის წინ საზოგადოება რიტუალების სასახლეში მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ შეძრა - 7 წლის ბიჭუნა სავენტილაციო მილში იპოვეს, სადაც, სავარაუდოდ, ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ის, ორდღიანი მკურნალობის შემდეგ, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებისგან გ. ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.
ამ საზარელმა ინფორმაციამ უამრავი ადამიანი ააღელვა. როგორ აღმოჩნდა ბავშვი სავენტილაციო მილში, ვის ახლდა პატარა და რატომ ვერ მოხერხდა მისი უფრო ადრე პოვნა. ამ და სხვა გარემოებების შესახებ mshoblebi.ge ოჯახის ახლობელს ესაუბრა. მისი თქმით, ბავშვი მამიდის ქორწილში იმყოფებოდა. თან ახლდა არამარტო მშობლები, არამედ მთელი ოჯახი. მისი დაკარგვა მალევე შენიშნეს და საკმაოდ დიდხანს ეძებდნენ.
"სავენტილაციო მილს ზევიდან დიდი მაგიდა ედგა, გვერდები ჩუქურთმებივით ჰქონდა. როგორც ჩანს, ბავშვი მაგიდის ქვეშ შეძვრა და ამ მილში ჩავარდა. ეს სივრცე 2 სართულზე მეტი სიმაღლის იყო. ბავშვი სახით დაეცა. ძალიან მძიმე დაზიანებები მიიღო, მათ შორის ფუძის ძვლის მოტეხილობაც ჰქონდა. შოთიკო არ ყოფილა ძალიან ცელქი ბავშვი. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ეძებდნენ. ბოლოს მილში მობილურით ჩაანათა ნათესავმა და ასე იპოვეს" - განუცხადა mshoblebi.ge-ს ოჯახის ახლობელმა.
გავრცელებულ ინფორმაციას მოგვიანებით თავად ბავშვის მამიდაც გამოეხმაურა. მან კომენტარი საიტზევე გამოაქვეყნა.
"ჩემი ქორწილი იყო. ბავშვი 5 წუთის მერე მოვიკითხეთ და ნახევარი საათის განმავლობაში ვეძებდით. ბავშვი სავენტილაციო-საჰაერო სივრცეში კი არ შეძვრა, მაგიდის ქვეშ შესასვლელში იყო 15-მეტრიანი ჩასავარდნი, რომელიც დახურული იყო ჩალის ბადით. გამოკვლევების შედეგად ეს ბადე 3 კილოგრამზე მეტ წონას ვერ უძლებდა. ბავშვს ნახევარი საათის განმავლობაში ვეძებდით და არც ერთმა თანამშრომელმა არ გვითხრა, რომ ამ მაგიდის ქვეშ ასეთი რამ იყო და იქაც გვეძებნა. მათ შორის იყო ქალბატონი თამარ გომართელიც. მე პირადად მივაწოდე თამარ გომართელს სტუმრების სია და იქ ეწერა, რომ ბავშვი 7 წლის იყო. ბავშვი ჩემმა ნათესავმა იპოვა და რომ იძახდა, ახადეთ მაგიდას თავი, ბავშვი აქაა ჩავარდნილიო, დაცვის თანამშრომელმა ჩაიხედა და უმტკიცებდა, აქ არ არის ჩავარდნილიო. მერე იქ მყოფმა სტუმრებმა ჩამოხიეს ფარდები და ერთმანეთზე გადააბეს, რომ ზემოდან ჩასულიყვნენ, რადგან იქ მყოფ თანამშრომლებს ვეღარ ვპოულობდით. თამუნა გომართელს არ სცხვენია, რა ინფორმაციას აქვეყნებს. გვაძებნინეს გარეთ, შიგნით ყველგან და გვეუბნებოდნენ, არსად წავიდოდა, სადმე ეძინებაო. ისიც არის აღსანიშნი, რომ სანამ ჩვენ მათთან ხელშეკრულებას ვაფორმებდით, დედაჩემმა ჰკითხა, უსაფრთხოების ზომები თუ არის დაცულიო, რაზედაც ქალბატონმა თამარმა დადებითი პასუხი გასცა" - ნათქვამია კომენტარში.
ამ დღეებში ინტერნეტგამოცემა "კვირამ" სადღესასწაულო რიტუალების სასახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, თამარ გომართელის კომენტარი გაავრცელა.
"უბედური შემთხვევა საქორწინო ცერემონიის დაწყებიდან დაახლოებით 3 საათში მოხდა. სავენტილაციო-საჰაერო სივრცეში ვერც ერთი პარამეტრის ადამიანი ვერ მოთავსდება, თუმცა ბავშვი იყო დიდი ხანი მშობლების მეთვალყურეობის გარეშე და როგორც ჩანს, მან მოახერხა იქ შეძრომა. მოზარდი საათზე მეტი ხანი იყო აღნიშნულ სივრცეში, რაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების მისაღებად საკმარისი აღმოჩნდა. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა და ძალიან ვწუხვართ ამ ყველაფრის გამო", – განაცხადა გომართელმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სსკ-ის 124-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ნივთები სახლში, საიდანაც ბავშვებს სასიკვდილო საფრთხე ემუქრებათ
7 ყველაზე დიდი საფრთხე, რაც ბავშვს ემუქრება და მშობლის "ბრალია"