ყველაზე ხშირად ასეთი ქალები წყალში აჩენენ, ინგლისში კი კანონითაც ნებადართული გახდა სახლში მშობიარობა ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება სახლში მშობიარობა, ძველებურად, ბებიაქალებით. ამას საქართველოზე და გაჭირვებულ ოჯახებზე არ ვყვებით, ლაპარაკია საკმაოდ კარგ ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებსა და ასეთივე ოჯახებზე. ამერიკაში, ინგლისში, საფრანგეთში, რუსეთში უკვე ასობით შემთხვევაა, როცა ქალები საკუთარი სურვილით ირჩევენ შინ მშობიარობას. და აქ არ იგულისხმება შემთხვევითი მშობიარობები, ლაპარაკია სწორედ დაგეგმილ მშობიარობაზე.
ძირითადი მიზეზი თურმე არის ქალების სურვილი, შინაურ გარემოში დარჩნენ და ნაკლებად ეკონტაქტონ უცხოებს. არადა, ექიმები აქტიურად აფრთხილებენ, რომ შინ მშობიარობისას ოთხჯერ მეტია ბავშვთა სიკვდილიანობის რისკი, ვიდრე სპეციალურ დაწესებულებაში მშობიარობისას. ძირითადი საფრთხე ის არის, რომ შინ მშობიარობისას არ არსებობს ინტენსიური თერაპიისადმი წვდომა, რომელიც აუცილებელი ხდება ხოლმე მოულოდნელი გართულებებისას. მკვდრადშობილი, გაგუდული ბავშვების ამ ქვეყნისკენ მობრუნების შანსიც სამშობიაროში მეტია, ვიდრე შინ მშობიარობისას.
ბოლო წლებში დიდ ბრიტანეთში კანონითაც ნებადართული გახადეს შინ მშობიარობა, თუ არ არის რაიმე გართულება. ინგლისელმა ექიმებმა, გინეკოლოგებმა და ბებიაქალებმა დაადგინეს, რომ თუ ორსულობის დროს არ არის რაიმე გართულება და არ არსებობს საფრთხე, სავსებით საკმარისია მხოლოდ ბებიაქალის ჩარევა და შინ დარჩენა. ამჟამად ინგლისსა და უელსში მშობიარობების დაახლოებით 2 პროცენტი სწორედ სახლის პირობებში ხდება.
სავსებით გასაგებია, რომ სახლში არ არსებობს სპეციალური აპარატურა და სპეციალური სკამი. ამიტომ, მშობიარობა ან საწოლზე ხდება, ან როგორც გამოცდილი ბებიაქალები ამბობენ, შინ მშობიარობის დროს ყველაზე მოსახერხებელია, როცა ქალი ფეხზე დგას და ისე მშობიარობს. ან კიდევ – წყალში ზის.
დიახ, დიახ, აღნიშნული მშობიარობების დიდი ნაწილი წყალში მშობიარობაზე მოდის. ქალების გარკვეული ნაწილი ამჯობინებს, წყალში იმშობიაროს – ზოგიერთები აბაზანაში წვებიან, სხვები – გასაბერ კამერაში, და ხანდახან ბებიაქალიც კი არ ჰყავთ გვერდით, ქმრის დახმარებით კმაყოფილდებიან, ისე მშობიარობენ.
თუმცა ექიმები ამგვარ მშობიარობებზეც ტეხენ განგაშს. ადრე გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ წყალში მშობიარობა ბავშვისთვის ყველაზე კომფორტულია – ის მისთვის ჩვეულ გარემოში, პირდაპირ წყალში ხვდება, დედისთვის კი – უმტკივნეულო. თუმცა ეს მითი გაიფანტა. წყალში მშობიარობის ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა მას სერიოზული გართულებები მოჰყოლია: ბავშვის სისხლდენა, ინფიცირება და დახრჩობაც კი. საერთო ჯამში, წყალში დაბადებული ბავშვების 12 პროცენტს სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია სჭირდება ხოლმე...
დასკვნა ერთია – ჯობს ნაკლები გავრისკოთ და მშობიარობა, ეს ისედაც რთული და მინიმუმ ორი ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, სპეციალისტებს მივანდოთ, ამისთვის განკუთვნილ დაწესებულებაში.