უხაროდა გამოჯანმრთელება, მაგრამ აშინებდა ის თანხა, რომელიც საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ უნდა გადაეხადა ერთი ღარიბი ბიჭი სახელად ჰოვარდ კელი კარდაკარ დადიოდა. წვრილმან ნივთებს ყიდდა და დაგროვილ ფულს მისი ოჯახი სკოლაში გადასახდელ სწავლის საფასურს ამატებდა. ერთხელაც ძლიერ მოშიებულმა გადაწყვიტა, რომელიმე სახლში პურის ნაჭერი ეთხოვა. კარი ახალგაზრდა ქალმა გაუღო, ბიჭს ბოლო მომენტში მოერიდა საჭმის თხოვნა და პურის ნაცვლად წყალი ითხოვა. ქალმა დიდი ჭიქით რძე გამოუტანა. ბიჭი ყლუპ-ყლუპად სვამდა, ნელ-ნელა აგემოვნებდა თოთოეულ წვეთს. ეჩვენებოდა, რომ ასეთი გემრიელი არასოდეს არაფერი გაუსინჯავს. ბოლოს იკითხა:
- რამდენი გადაგიხადოთ ჭიქა რძეში?
- არაფერი! - უპასუხა ქალმა - გულითადი დახმარება უფასოა.
- ასეთ შემთხვევაში მიიღეთ ჩემგან გულითადი მადლობა. - თქვა ბიჭმა და სახლი დატოვა.
ერთმა ჭიქა რძემ ჰოვარდ კელი ფიზიკურადაც გააძლიერა, გაამხნევა და რწმენაც ჩაუსახა გულში.
წლები გავიდა, ეს ახალგაზრდა ქალი დაავადდა. ადგილობრივმა ექიმებმა ვერ უშველეს და დიდ ქალაქში გაგზავნეს, სადაც მისი დაავადება სპეციალისტებს უნდა განეხილათ. კონსილიუმზე პროფესორი ჰოვარდ კელიც მიიწვიეს. ნაცნობი ქალაქის სახელწოდების გაგონებაზე, სადაც მან ბავშვობა გაატარა, თვალები გაუბრწყინდა, პალატისკენ გაემართა, ფრთხილად შეაღო კარი და იმ ქალის სახეც იცნო, ჭიქა რძე რომ დაალევინა დაღლილსა და მოშიებულს. კაბინეტში დაბრუნებულმა ჰოვარდმა მისი გადარჩენა გადაწყვიტა.
ავადმყოფობასთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ ქალი გამოჯანმრთელდა. მკურნალობის მანძილზე მან არ იცოდა იმ კაცის სახელი და გვარი, ვისი მეთოდითაც მკურნალობდნენ. უხაროდა გამოჯანმრთელება, მაგრამ აშინებდა ის თანხა, რომელიც საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ უნდა გადაეხადა.
მკურნალობის თანხა თავდაპირველად ჰოვარდს წარუდგინეს, საკმაოდ დიდი ფული იყო დახარჯული. ექიმმა ბლანკს გაკრული ხელით რაღაც მიაწერა და პაციენტისთვის გადასაცემად კონვერტში ჩადო.
კონვერტი დიდხანს იდო პალატის მაგიდაზე ხელუხლებელი. ქალმა იცოდა, რომ მკურნალობის საფასურის გადახდა მთელი ცხოვრების მანძილზე მოუწევდა და აჭიანურებდა მის გახსნას. ბოლოს გახსნა, თანხის დანახვამ გული შეუკუმშა, შემდეგ ქაღალდის ქვევით წარწერამ მიიქცია ყურადღება: "მკურნალობა გადახდილია ჭიქა რძით". ექიმი ჰოვარდ კელი.