ერთი დედის გულისტკივილი და ნამდვილი ამბავი თბილისური პოლიკლინიკიდან ერთი ჩვეულებრივი ქართველი დედის ნინო კალანდიას პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მასში საკმაოდ პრობლემატური საკითხია წამოჭრილი და საჭიროდ ჩავთვალეთ, ჩვენი მკითხველიც გაეცნოს მას. სამწუხაროა, რომ დღესაც არიან ადამიანები, რომლებსაც ელემენტარული განათლების გარდა, ელემენტარული კულტურაც აკლიათ:
"ანა ასაცრელად მყავდა დღეს წაყვანილი. ჩვენი რიგი რომ მოვიდა, შევედით, აცრეს და გამოვედი ფულის გადასახდელად. რიგში ჩემს შემდეგ მდგომი ფეხმძიმე გოგო, რომელიც მანამდეც თვალს არ აშორებდა ანას, მეკითხება:
- ის ბავშვი თქვენი შვილია? - კი-მეთქი.
- ისა და რა ჭირს?
- გრიპზე აიცრა, რა უნდა ჭირდეს?
- არა, აი, ისა, დაუნის სინდრომი აქვს? - კი-მეთქი.
- და დაუნებსაც ცრიან? არ ვიცოდი.
აცრების კალენდარი - საჭირო ინფორმაცია ყველა მშობლისთვის
ძალიან მეშლება ნერვები გაოცებული სახით დასმულ ასეთ კითხვებზე. მინდოდა რამე ცუდი მეთქვა, მაგრამ ძალიან შევეცადე წყნარად მეპასუხა, რომ დაუნებსაც ცრიან, რომ დაუნებიც ჭამენ, სვამენ, დადიან, ლაპარაკობენ, გაგიკვირდებათ და, უხარიათ კიდეც, წყინთ, უყვართ...
გამაწყვეტინა ლაპარაკი:
- და რო არ ლაპარაკობს, ის?
ეს იყო ბოლო წვეთი, სადაც ჩემს ზრდილობას ბოლო მოეღო.
საშინელების თქმას ვაპირებდი და ამ დროს ვიღაც მოხუცმა (რიგში იდგა ისიც შვილიშვილთან ერთად) დამასწრო:
- ალაპარაკდება და დარწმუნებული ვარ, თქვენნაირი რეგვენი არ გაიზრდება.
ფეხმძიმე გოგო საჩხუბრად მოემზადა, ანა და ნანა გამოვიდნენ ამ დროს ექიმის ოთახიდან და პასუხის გაუცემლად წამოვედი.
ახლა ვნანობ, რომ იმ მოხუცი ქალის ნათქვამ რეგვენს დავჯერდი. მაგრამ შემრცხვა ანასი, იმის თანდასწრებით რომ დამეწყო მტკიცება, რომ სამუზეუმო უცნაური ექსპონატი კი არა, ჩვეულებრივი ადამიანია".