"ასე, როგორც მე, კიდევ ძალიან ბევრი ახალგაზრდა დედაა..." ჩვენი მკითხველი ახალგაზრდა გოგონა ახალი გამგზავრებულია ამერიკაში - კრედიტი აიღო, რომ ამ ქვეყანაში გამგზავრებულიყო, უკეთესი ცხოვრების ასაწყობად, მისთვის და მისი შვილისთვის. ის მარტოხელა დედაა და ძალიან უჭირს ბავშვის გარეშე ყოფნა. არანაკლებ გაუჭირდა სამუშაოს შოვნა. მან თავისი დარდი ასე გაგვიზიარა:
"მოგესალმებით მინდა გაგიზიაროთ ჩემი დარდი, როგორ გვიჭირს ახალ ჩასულ ემიგრანტებს, ფსიქოლოგიურად და მორალურად... ასეთი წერილების დაგზავნაში ვართ მთელი დღეები სამუშაოს ძებნაში... სამწუხარო რეალობაა...
"საღამო მშვიდობისა, ქალბატონო... ბოდიში, ასე პირდაპირ, გაუცნობლად რომ გწერთ.
თხოვნა მაქვს თქვენთან, თუ შესაძლებლობა გაქვთ დამეხმაროთ დასაქმებაში. ტყუილს ვერ გეტყვით, ახალი ჩამოსული ვარ, ინგლისური საწყის ეტაპზე ვიცი, მანქანის მართვა ვიცი, თბილისში ვმართავდი. ფსიქოლოგიურად მომზადებული ვარ, შრომისუნარიანი, ენერგიული, პასუხისმგებლიანი ვარ.
ერთი შვილი მყავს, 6 წლის, წელს წავიდა სკოლაში. დედას დავუტოვე. სამწუხაროდ, განქორწინებული ვარ. ბანკის კრედიტით წამოვედი.
დიდი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული, ქალბატონო... და გთხოვთ გულისხმიერებას. დამერწმუნეთ, ნდობას გაგიმართლებთ. წინასწარ მადლობა. თუ გექნათ დახმარების საშუალება, ჩემი ამერიკის ნომერია... "
სამწუხარო რეალობაა ჩვენი. ასე, როგორც მე, კიდევ ძალიან ბევრი ახალგაზრდა დედაა.
გაგიზიარეთ ჩემი მორალური და სულიერი ტკივილი, ყოველი წუთი და წამი მოლოდინი სამუშაოსი. მაგრამ მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება. ბედნიერი მომავალი ჩვენს შვილებს!"