დედა მასში 900 დოლარს სთხოვდა საქმროს ოჯახს... სონიტა ალიზადე ავღანელი გოგონაა, რომელიც მსოფლიომ გაიცნო. ის ახლა რეპერია და აქტივისტი, ქალთა უფლებებისთვის იბრძვის და იძულებითი ქორწინებების წინააღმდეგ ილაშქრებს - თავად ხომ ძლივს გადაურჩა ბავშვობაში ძალით გათხოვებას.
სონიტა 1997 წელს ავღანეთში, გერატში დაიბადა. მისი ოჯახი მალე წამოვიდა ავღანეთიდან, თალიბების რეჟიმს ირანში გაექცა. სწორედ იქ შეეჯახა სონიტა საფრთხეს, იძულებით გაეთხოვებინათ.
დედამისი, რომელიც თავადაც არასრულწლოვანი გაათხოვეს თავის დროზე, სონიტაში 900 დოლარს სთხოვდა საქმროს ოჯახს - ეს ფული თავისი ვაჟის, სონიტას ძმის ქორწინებისთვის უნდა გამოეყენებინა. სონიტას ჯერ კიდევ 10 წლისას ათხოვებდნენ, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო ეს გეგმები ჩაიშალა.
16 წლისას კი უკვე სერიოზულად უპირებდნენ გათხოვებას, თუმცა სონიტამ უარი თქვა დედასთან ერტად ავღანეთში დაბრუნებასა და უცნობ ადამიანზე დაქორწინებაზე.
ირანში გაეცნო სონიტა რეპს და საკუთარი სიმღერების წერა დაიწყო. დიდხანს ეძებდა სტუდიას, სადაც ჩაწერდა სიმღერას, რადგან ირანში ქალებს სიმღერა ეკრძალებათ სპეციალური ნებართვის გარეშე.
ასევე იხილეთ: როგორ ათხოვებენ 5 წლის ბავშვებს - შოკის მომგვრელი აზია
ბოლოს და ბოლოს, სონიტამ ჩაწერა სიმღერა "გასაყიდი პატარძალი", რომელიც იუთუბზე ძალიან პოპულარული გახდა და თავიდან სონიტას შეეშინდა კიდეც ამ პოპულარობას, თუმცა შემდეგ აშშ-ის პროდიუსერების ყურადღება მიიპყრო, მასში დიდი პოტენციალი დაინახეს, გრანტიც მიიღო და ამერიკაში წასვლაც მოახერხა, სადაც დღემდე ცხოვრობს.
ეს ყველაფერი დოკუმენტურ ფილმშია ასახული, რომელიც 2015 წელს გადაიღეს, მას "სონიტა" ჰქვია და სანდენსის ფესტივალის დიდი ჟიურის პრიზიც დაიმსახურა.
ახლა სონიტა ქალების უფლებებისთვის იბრძვის და ძალდატანებითი გათხოვეის წინააღმდეგ ილაშქრებს, ხშირად დადის შოუებზე, ატარებს ლექციებს და ყვება იმ არანორმალური წნეხის შესახებ, რომელსაც მუსლიმი ქალები განიცდიან
"ჩემს ქვეყანაში კარგი გოგონა ვერ იოცნებებს, მან არ უნდა იფიქროს მომავალზე და ყველაფერში მშობლებს დაუჯეროს", - ამბობს სონიტა და იხსენებს, რომ ყოველთვის, ადრეულ ბავშვობაშიც კი ჰქონდა სულ სხვა ოცნებები და არა 10 წლის ასაკში გათხოვება, როგორც მისი მშობლები გეგმავდნენ.