ახლობლებმა გადაწყვიტეს, სიკვდილის წინ გაებედნიერებინათ სნეული ლესლი 18 წლის გოგონას ამ სევდიანმა ამბავმა თავის დროზე მსოფლიო შეძრა. კალიფორნიელ ლესლი რივერას საშინელი დიაგნოზი დაუსვეს – ლეიკემიის ისეთი სტადია, რომ რამდენიმე თვეღა დარჩენოდა სიცოცხლე. მიუხედავად თავისი მძიმე მდგომარეობისა, სკოლის დამთავრება შეძლო, თუმცა ერთი აუსრულებელი ოცნება ჰქონდა, რომელიც მისმა ახლობლებმა იცოდნენ და გადაწყვიტეს, სიკვდილის წინ გაებედნიერებინათ სნეული ლესლი.
გოგონას ნათესავებმა მიმართეს სპეციალურ ფონდს, რომელიც განუკურნებელი ავადმყოფების უკანასკნელ ოცნებებს ასრულებს. ლესლის სურვილს ისინი დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ, მით უმეტეს, რომ სრულიად განხორციელებადი ოცნება იყო – საყვარელ ადამიანზე გათხოვება, რომელიც თავგანწირვით ზრუნავდა მასზე ცუდად ყოფნის დროსაც.
ლესლიმ და დანიელმა ერთმანეთი სასკოლო ბანაკში გაიცნეს, 2012 წელ,ს და მას მერე განუყრელნი იყვნენ. ამბობდნენ, რომ ეს ნამდვილი სიყვარული იყო. ასეც აღმოჩნდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ლესლი თითქმის მთელ დროს საავადმყოფოში ატარებდა, დანიელიც გვერდიდან არ სცილდებოდა.
ლესლი ხშირად უყურებდა მის საყვარელ ტელეგადაცემას ქორწილების ორგანიზების შესახებ, რომელსაც დევიდ ტუტერა უძღვებოდა. სწორედ დევიდს დააკისრეს ეს საპასუხისმგებლო საქმე – ლესლის ქორწილის ორგანიზება.
დევიდი არც კი დაფიქრებულა, მაშინვე დათანხმდა, მომაკვდავი გოგონას უკანასკნელი ოცნების ასრულებაში მიეღო მონაწილეობა, სრულიად უსასყიდლოდ.
რაოდენ დიდი იყო გოგონას გაოგნება, როცა გაიგო, რომ მისი ოცნება სრულდებოდა, ხოლო როდესაც საპატარძლო კაბის მოზომებისას თვით დევიდ ტუტერა გამოეცხადა, შოკში ჩავარდა.
ქორწილი 2013 წლის 21 ნოემბერს შედგა ლას-ტომასის რანჩოზე. ყველაფერი იყო, რაც ქორწილს შეეფერებოდა – გაპრანჭული პატარძალი (რომელსაც გრძელი პარიკი ამშვენებდა), გახარებული სიძე, ნათესავები, მისი საყვარელი მარწყვი შოკოლადით და ფოტოჯიხური.
ქორწილის წინა დღეს საავადმყოფოში სისხლის მორიგი გადასხმა გაუკეთეს, რომ მთელი ცერემონიის განმავლობაში თავი ძალიან სუსტად არ ეგრძნო.
მამამ საკურთხევლამდე მიაცილა, საქორწინო ფიცი დადეს და ბედნიერები გადაეხვივნენ ერთმანეთს...
ზღაპარი დამთავრდა. ცხოვრება გაგრძელდა... სულ მცირე ხნით. რადგან იმავე წლის 5 დეკემბერს, ქორწილიდან ორიოდ კვირაში, ლესლი გარდაიცვალა...