31 წლის ქალი ორსულობის მე-15 კვირაში იყო, რომ ტვინი გაეთიშა... ეს საოცარი შემთხვევა უნგრეთში მოხდა. 31 წლის ქალი ორსულობის მე-15 კვირაში იყო (დააახლოებით 4 თვის), რომ ტვინი გაეთიშა და პრაქტიკულად გარდაიცვალა. თუმცა ექიმებმა გადაწყვიტეს, არ გამოერთოთ სისტემიდან და ბავშვისთვის ამქვეყნად მოვლენის შანსი მიეცათ.
"მარტო ის კი არ გვქონდა მიზნად, რომ ბავშვი დაბადებულიყო, ისე უნდა გაგვეკეთებინა, რომ ის ჯანმრთელი გაჩენილიყო", - აღნიშნა ექიმმა, რომელიც მედიკოსთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა.
ბავშვი მაინც ადრე დაიბადა – ორსულობის 27-ე კვირაში (ექიმების თვალთახედვით, ყველაზე კრიტიკული დრო 25 კვირამდეა - ბავშვმა ეს კრიტიკული პერიოდი მაინც გადალახა). ტვინის გარდაცვალებიდან ქალის სხეული კიდევ 92 დღე "აცოცხლეს". ახალშობილი პატარა იყო, 1 კილო და 400 გრამი, მაგრამ ჯანმრთელი, და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა. ბიჭუნას მცირე ხანს ინკუბატორში მოუწია ყოფნა, მერე კი ნათესავებმა წაიყვანეს.
აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ქალის ორგანოები, გული, ღვიძლი, თირკმლები და კუჭქვეშა ჯირკვალი, სხვა ადამიანებს გადაუნერგეს, რამაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე იხსნა. მშობიარობიდან ორ კვირაში ბავშვის დედა სისტემიდან გამორთეს. უნგრულ საავადმყოფოებში ეს პრაქტიკა რა ხანია მუშაობს – ამ პერიოდის განმავლობაში ექიმები ორგანოების ტრანსპლანტაციისთვის საჭირო პროცედურებს ატარებენ.
"ეს შემთხვევა სრულიად ექსტრაორდინარულია, - ამბობს ერთ-ერთი ექიმი, - ჩვენ არა მხოლოდ ბავშვს დავეხმარეთ ამქვეყნად მოვლენაში, არამედ რამდენიმე ორგანოც მივიღეთ გადასანერგად".