სგავსი საშუალებებით ბავშვების "დაწყნარება" და "დაძინება" ბოლო დროს საგანგაშოდ გახშირდა ირკუტსკში დიდი სკანდალი აგორდა კერძო საბავშვო ბაღის გარშემო, სადაც ძიძის "ექსპერიმენტებს" პატარა ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. ძიების თანახმად, ძიძა, რომელიც ათ ბავშვს აქცევდა ყურადღებას, მათ ფსიქოტროპული საშუალებებით ჭყირპავდა, რომ წყნარად ყოფილიყვნენ. შედეგად, წლი-ნახევრის გოგონა გარდაიცვალა, ექვსი ბავშვის ორგანიზმში კი გამომძიებლებმა ნარკოტიკი იპოვეს.
ძიძამ თავდაპირველად აღიარა დანაშაული, თუმცა შემდეგ უკან წაიღო თავისი სიტყვები და ამჟამად კვლავ მიმდინარეობს საქმის დეტალების გარკვევა.
როგორც რუსი ჟურნალისტები ამბობენ, რუსეთში (საქართველოს მსგავსად) საკმაოდ პრობლემატური გახდა სახელმწიფო ბაღებში ბავშვების მიღება, უამრავი პატარა რჩება ბაღს გარეთ და ამით კერძო, ხშირად არალეგალურმა ბაღებმა იხეირეს. ზოგიერთი ბაღი საერთოდაც კორპუსში მდებარე ბინებშია გახსნილი. მშობლებს კი სხვა გზა არ აქვთ და სადაც მოახერხებენ, იქ მიჰყავთ ბავშვი. ასეთ შემთხვევით ადგილებში ვერც ძიძების კომპეტენციაზე დადებენ თავს და ვერც აღმზრდელების.
კიდევ ერთი ინციდენტი რუსეთის კერძო ბაღში ერთი თვის წინაც მოხდა. მაშინ მასობრივი მოწამვლის შემთხვევა იყო. 13 ბავშვი მოხვდა საავადმყოფოში ნაწლავური ინფექციით.
თუმცა დავუბრუნდეთ ირკუტსკის შემთხვევას. მსგავსი საშუალებებით ბავშვების "დაწყნარება" და "დაძინება" ბოლო დროს საგანგაშოდ გახშირდა. mshoblebi.ge ადრეც არაერთხელ წერდა ასეთი შემთხვევების შესახებ, რომელთაგან ზოგიერთი ტრაგიკულადაც დასრულდა – ისევ რუსეთში დედას საკუთარი შვილები "შემოაკვდა" დიმედროლითა და არყით მათი დაძინების მცდელობის დროს. საქართველოშიც გაგვიგონია, რომ ქუჩაში მათხოვრობისას ხშირად ბავშვებს დასაძინებელი საშუალებებითა და ალკოჰოლით აძინებენ, რომ დიდხანს იყვნენ გაუნძრევლად "მუშაობის" პერიოდში. რა გავლენას ახდენს მათზე ეს ყოველივე ახლა ან მომავალში, ეს არავინ იცის. იქნებ მას მერე, რაც აფთიაქებიდან სხვადასხვა წამლის რეცეპტის გარეშე გაცემა აიკრძალება, ბავშვებიც ცოტა მეტად იქნებიან დაცული ასეთი სავალალო შემთხვევებისგან.