19 წლის ალიონა სახლიდან წავიდა, რომ მეგობრებთან ერთად დაელია. ორი კვირის მერე შინ მარტო დარჩენილი ბავშვი მკვდარი იპოვეს მორიგი საზარელი შემთხვევა რუსეთში ამ წლის დასაწყისში მოხდა, თუმცა ხმაურიანი სასამართლო პროცესი ახლა მიმდინარეობს და საზოგადოება სუნთქვაშეკრული ადევნებს მას თვალს. 19 წლის ალიონა იპატოვა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დედაა დედათა შორის. ძველით ახალ წელს სახლიდან წავიდა, რომ მეგობრებთან ერთად დაელია და ახალი წელი აღენიშნა. 5 თვის პატარა გოგონა არც კი გახსენებია. 21 იანვარს მისი დაბადების დღე იყო – 19 წლის გახდა. ეს კიდევ ერთი მიზეზი გახლდათ, რომ ექეიფა მეგობრებთან ერთად. მთელი ორი კვირა ისე გავიდა, საერთოდ არ მოსვლია თავში აზრად, რომ შინ პატარა ჰყავდა დატოვებული. როგორც მეზობლები ჰყვებიან, არც მათ იცოდნენ ეს ამბავი, თორემ ვიღაც მაინც ააკითხავდა საწყალ პატარას.
ორი კვირის მერე სახლში ალიონას პაპა მივიდა, რომ მრიცხველიდან მონაცემები ამოეწერა. როგორც ამბობს, სამ კვირაში ერთხელ მიდიოდა ხოლმე, ცოტა ფულს უტოვებდა გოგონას, რომელიც უქმროდ ზრდიდა შვილს. სწორედ მან იპოვა შიმშილისა და ტირილისგან გათანგული, გარდაცვლილი პატარა...
- ჩემი შვილიშვილი ერთი თვით ადრეც ვნახე, მაშინაც ნაშიმშილები მომეჩვენა და კიდეც ვუთხარი ჩემს შვილიშვილს, - იხსენებს პაპა, - ძალიან არ ულხინდათ, ალიონას მშობლებს უჭირთ, თუმცა ბავშვს ყველაზე მეტად დედის ყურადღება აკლდა...
როგორც ძიებისას გაირკვა, როგორც კი მორიგი თაყვანისმცემელი გამოუჩნდებოდა, ალიონა მაშინვე ივიწყებდა ყველაფერს და ხშირად დაუტოვებია ბავშვი მთელი დღე-ღამითაც კი სახლში მარტო. გამომძიებელთან საუბრისას აღიარა, რომ ბავშვის გაჩენიდან ერთ თვეში დაკარგა მისადმი ინტერესი. თავს იმართლებდა, პატარა ვარ ჯერ დედობისთვისო. თუმცა სამართალდამცველები ამბობენ, რომ სინანულიც და ის ბოდიშიც, რომელმაც სასამართლოზე გაიჟღერა, სინამდვილეში სიყალბეა – წინასწარ პატიმრობაში მყოფს სინანულის კვალიც არ ეტყობოდა, მხოლოდ იმით ინტერესდებოდა, რამდენი ხნით ჩასვამდნენ, რა პირობები ექნებოდა ციხეში, აჭმევდნენ თუ არა კარგად. მომავლის გეგმებიც კი გაუმხილა ერთ მათგანს – რომ გამოვალ, გავთხოვდები და შვილებს გავაჩენო...
სავარაუდოდ, მას 18 წლით პატიმრობის აღკვეთას მიუსჯიან.