ჩემი 35-წლიანი ბებიაქალობის განმავლობაში, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ორი წელი ოსვენციმის ქალთა საკონცენტრაციო ბანაკში გავატარე. მეც რიგითი ტუსაღი ვიყავი, პარალელურად კი პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდი. იმ ურიცხვი ქალიდან, რომლებიც მოჰყავდათ და მოჰყავდათ ოსვენციმში, ბევრი ფეხმძიმედ იყო. ბებიაქალის ფუნქციას 3 ბარაკში ვასრულებდი. ბარაკები ფიცრისა იყო, ფართე ღრიჭოებიანი და ვირთხებისგან გამოხრული ხვრელებით. შიგნით ორ მხარეს სამსართულიანი საწოლები იყო გამართული. თითოზე 3-4 ქალი უნდა განთავსებულიყო. ქვეშ ბინძური თივის ლეიბები ეგოთ, უფრო სწორად, ერთ დროს თივის. მათი შიგთავსი უკვე დიდი ხანია გალეული იყო და ქალები პრაქტიკულად ხის ფიცრებზე იწვნენ,
ბარაკის ბოლოში აგურის ღუმელი გვედგა. ეს იყო მშობიარობის მიღების ერთადერთი ადგილი და ერთადერთი ატრიბუტი. სხვა ხელსაწყო ამ სამედიცინო პროცესისთვის არ არსებობდა. ამ ღუმელის გათბობას წელიწადში რამდენჯერმე თუ ვახერხებდით.
ძირითადად სიცივესა ჭუჭყში მიწევდა მშობიარობის მიღება. ამ პროცესისთვის აუცილებელ პირობაზე, წყალზე, თავად უნდა მეზრუნა. მის მოსატანად სულ მცირე, 20 წუთი იყო საჭირო. ასე რომ მშობიარეების ბედი სანახევროდ ღმერთზე იყო მინდობილი, მეც ძალიან მძიმე დღე მადგა. გართულების შემთხვევაში თავად უნდა მემოქმედა - ბანაკის გერმანელი ექიმები სამედიცინო რეპუტაციას სხვა ეროვნების პაციენტების მომსახურებით არ გაიფუჭებდნენ. შესაბამისად, მათი გამოძახების უფლება არ მქონდა.
ერთადერთი ექიმი, ვინც მეხმარებოდა, პოლონელი ირენ კონეჩნოი იყო. სხვათა შორის, მას ვუმადლი ჩემს გადარჩენას, როცა ტიფით გავხდი ავად. ტუსაღ ექიმებს აღარც სახელი, არც ფული და აღარც პროფესიული ამბიცია აღარ გააჩნდათ. ისინი თავდადებით მუშაობდნენ უმთავრესი მისიისთვის - გადაერჩინათ ადამიანის სიცოცხლე ყველა ვითარებაში.
ტყვეთა საკონცენტრაციო ბანაკში 2-წლიანი პრაქტიკისას 3000-ზე მეტი მშობიარობა მივიღე. ენით აუწერელი სიბინძურის, უწყლობის და სიცივის მიუხედავად, არც ერთი ბავშვი და არც ერთი მშობიარე არ დამღუპვია. როცა ბანაკის ესესელმა ექიმმა ანგარიშის მომზადება მიბრძანა, სადაც მშობიარეთა გართულებები და სიკვდილის შემთხვევები უნდა დამეფიქსირებინა, ვუპასუხე, რომ არც ერთი შემთხვევა სიკვდილით არ დასრულებულა. ექიმმა შემომხედა და მითხრა, რომ ასეთი შედეგი გერმანიის ყველაზე წარმატებული და სრულყოფილი კლინიკების სამეანო განყოფილებებსაც არ ჰქონდათ.
შედეგი მართლაც პარადოქსული იყო. ჩემი ვარაუდით, გამოფიტული და ღონემიხდილი სხეულები ბაქტერიებისთვის ყოვლად უსარგებლო საკვები იყო. ამიტომაც მშობიარეებს ინფექციები არ ემართებოდათ. მშობიარე პრაქტიკულად რამდენიმე დღის მშიერი იყო. ქალი მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე პურის დღიურ ნორმაზე უარს ამბობდა. ერთი დღის პური ერთი ზეწარი იყო, რომელსაც დახევდა და სახვევებად გამოიყენებდა.
სახვევების რეცხვა დიდ სირთულეს წარმოადგენდა. ქალებს ბარაკის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ, შიგნითაც ბევრი აკრძალვა მოქმედებდა. მელოგინეებს დარეცხილი საფენების გაშრობა საკუთარი სხეულით უხდებოდათ. თუმცა ეს ყველაფერი მაინც არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც მანამდე ხდებოდა.
...1943 წლის მაისამდე ოსვენციმში დაბადებული ყველა ახალშობილს მხეცურად კლავდნენ - კასრში ახრჩობდნენ. ამ მოვალეობას ორი მედდა - კლარა და ფანი ასრულებდნენ. კლარა მეანი იყო და სასჯელს ბავშვების მკვლელობისთვის იხდიდა. მას საქმიანობის უფლება ჩამორთმეული ჰქონდა. ამიტომაც ეს საქმე მიაბარეს. ბარაკის ზედამხედველობაც მას ჰქონდა ჩაბარებული, ფანი კი თანაშემწედ დაუნიშნეს.
ყოველი მშობიარობის შემდეგ ამ ქალების ოთახიდან მელოგინეებს წყლის ხმამაღალი ბუყბუყი ესმოდათ... რამდენიმე დღის მერე კი ბარაკიდან ნაგავთან ერთად გატანილი ვირთხებისგან სანახევროდ შეჭმული შვილების ცხედრებიც შეეძლოთ ეხილათ.
1943 წლიდან ბავშვების ბედი გარკვეულწილად შეიცვალა. ქერა და ცისფერთვალა ბავშვებს დედებს ართმევდნენ და გერმანიაში დენაციონალიზაციის მიზნით გზავნიდნენ. თუმცა მანამდე რამდენიმე დღეს ისინი დედის გვერდით ატარებდნენ. ყველა დედას ეგონა, რომ ის გამონაკლისი იქნებოდა და არ ელოდა შვილთან განშორება... განშორება კი ენით აუწერელი საშინელება იყო. ებრაელთა ბავშვებს ძველებური სასტიკი მეთოდით იცილებდნენ თავიდან. ებრაელი ბავშვის დამალვა და სხვა არაებრაელ ბავშვებთან შერევა შეუძლებელი იყო - კლარა და ფანი რიგრიგობით აკონტროლებდნენ ებრაელი ქალების მშობიარობის პროცესს.
ახალდაბადებულ ბავშვს დედის ნომრით დაღავდნენ, კასრში ახრჩობდნენ და ბარაკიდან აგდებდნენ. დანარჩენი ბავშვების ბედი უარესი იყო - შიმშილი და სიცივე მათ ნელი სიკვდილით ხოცავდა. თხელი, სიფრიფანა კანი ძარღვებსა და ძვლებზე გადაკვროდათ.
უამრავი ტრაგედიიდან, რისი მომსწრეც გავმხდარვარ, ერთი ქალის ისტორია განსაკუთრებით შემომრჩა მეხსიერებაში. ეს ქალი ვილნოდან იყო, პარტიზანების დახმარების ბრალდებით იხდიდა სასჯელს. ორსულად იყო. როგორც კი იმშობიარა, დაცვამ მისი ნომერი გამოიძახა (ყველა ტყვეს ნომრებით არჩევდნენ). მივედი, რომ გამეგო, რატომ იძახებდნენ... მითხრეს, რომ კრემატორიუმი ელოდა.
ქალს ბავშვი ბინძურ ქაღალდში გაეხვია და გულზე მიეკრა, მისი ტუჩები უხმოდ მოძრაობდნენ, ეტყობა ბავშვისთვის უნდოდა ემღერა, მაგრამ ძალა აღარ ჰქონდა. ხმა არ ამოსდიოდა, მხოლოდ ცრემლები ეღვრებოდა თვალებიდან და ახალშობილს თავზე ეცემოდა...
ძნელი სათქმელია, რომელი უფრო დიდი ტრაგედიაა, როცა დედას შვილი თვალწინ უკვდება, თუ როცა მის გონებაში ცოცხალია, მაგრამ ბედის ანაბარა მიტოვებული...
2 წლის განმავლობაში ოსვენციმს მოლოდ 13-მა ბავშვმა გაუძლო. 1500-ზე მეტი კლარამ და ფანის დაახრჩვეს, ასეულობით ახალშობილი გერმანიაში დენაციონალიზაციის მიზნით გაგზავნეს, 1000-ზე მეტი შიმშილითა და სიცივით დაიღუპა.
ამ დრომდე არ მქონია საშუალება ჯანდაცვის წამომადგენლებისთვის სამეანო ანგარიში წარმედგინა ოსვენციმიდან.
ამას ახლა ვაკეთებ მათი სახელით, ვინც იმ ენით აუწერელ ბოროტებას ემსხვერპლა.
საკონცენტრაციო ბანაკში ყველა ბავშვი ცოცხალი, ლამაზი და ჯანმრთელი იბადებოდა. ბუნება ჯიუტად ცდილობდა თავისას და სიცოცხლის უხილავ რეზერვებს გვჩუქნიდა. ბუნება იყო ბებაქალის თანაშემწეც და მასწავლებელიც. ჩვენ ბუნებასთან ერთად ვიბრძოდით სიცოცხლისთვის და მასთან ერთად ვეხმარებოდით ახალი სიცოცხლის დაბადებას.
სტანისლავა ლეშჩინსკა, პოლონელი ბებიაქალი, ოსვენციმის ტყვე.