6-7 წლის ასაკიდან სავალდებულოა ბავშვმა აღსარება თქვას სწორი რელიგიური აღზრდა რომ პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს, ეს ცნობილი ამბავია. ასევე დიდი ნუგეში და იმედია ეკლესია ორსულის, მშობიარესა თუ მეძუძური დედისთვის. რომელი ასაკიდან უნდა დაიწყოს ბავშვის ეკლესიასთან დაახლოვება, უნდა მარხულობდნენ თუ არა ბავშვები, ორსულები ან მეძუძური დედები, როგორია ბავშვისზიარების წესი ასაკის მიხედვით - ამ და სხვა საიინტერესო კითხვებს mshoblebi.ge-სთვის წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):
- სასურველია ბავშვი ყოველ წირვაზე ვაზიაროთ. თუ დედა არ არის მორწმუნე და ნათლიას ან მეზობელს მიჰყავს, მღვდელმა მაინც უნდა აზიაროს. 2 წლის ბავშვი ნაჭამიც რომ იყოს, ვაზიარებთ, მაგრამ 3 წლის ზევით უზმოზე ეზიარება. გამონაკლისი შემთხვევები ყოველთვისაა და ამას მოძღვარი შემთხვევის შესაბამისად გაითვალისწინებს. 6-7 წლის ასაკიდან სავალდებულოა ბავშვმა აღსარება თქვას. ამ დროს ის უკვე ეჩვევა ტყუილებს, ბილწ აზროვნებას, მრისხანებას, ურჩობას. მღვდელი დამოძღვრავს, ყურადღებას მიაქცევს და საშუალებას მისცემს ჩაკლას სარეველა, რომელიც მის სულს აშთობს. თავს ნუ მოვიტყუებთ რომ პატარაა და ჯერ ვერაფერს ხვდება. დღევანდელი ბავშვის გონება მეტად განვითარებულია, ვიდრე წლების წინ იყო. კომპიუტერის, ტელევიზორისა და ტელეფონით უამრავ ინფორმაციას იღებენ. რომც დავუმალოთ, თავად ეძებენ. მშობელმა ადრეული ასაკიდანვე უნდა შეაყვაროს ლოცვა.
- როგორ უნდა მარხულობდე ბავშვი, რომელი ასაკიდან არის ეს დაშვებული და საერთოდ, რამდენად სწორია ბავშვის მარხვა?
- უნდა ვამარხულოთ ბავშვი, მაგრამ ყველაფრის აკრძალვა არ იგულისხმება. არის ისეთი კატეგორია ბავშვებისა, რომელნიც თვითონ ითხოვენ მარხვას. აქაც ფრთხილად უნდა ვიყოთ. მათ სურვილი უჩნდებათ მოგვბაძონ, შემდეგ როდესაც დაინახავენ"დიდი არაფერი" ყოფილა, გული უცრუვდებათ და ეკლესიაშიც აღარ უნდათ სიარული. პირიქითაც ხდება - მოძღვრის კურთხევის გარეშე მშობელი ძალდატანებით"ამარხულებს", მე არ ვჭამ და შენც არ ჭამოო. ესეც კატეგორიულად მიუღებელია. ზომიერება, ოქროს შუალედია საჭირო.
აღსარებასთან ერთად შეიძლება ნელ-მელა მივაჩვიოთ მარხვას, თუმცა ყველაფერი არ უნდა ავუკრძალოთ. ზიარების წინ მოძღვარმა ურჩიოს, რომ მარხვის პერიოდში ხორცი არ ჭამოს, ოთხშაბათსა და პარასკევს კი რძის პროდუქტებისგან შეიკავოს თავი. სიყვარულით შესწავლილი სულიერება ნაყოფს იღებს. მან უნდა განიცადოს, რომ ეს თავშეკავება მისი სულისთვის ხდება. ჯოჯოხეთად ნუ გავუხდით მარხვას. ყველაზე უკეთ მოძღვარი განსაზღვრავს ბავშვის მოტივაციიდან გამომდინარე. ზოგადად კი, ჯანმრთელი ბავშვისთვის 12 წლის ასაკიდან სრული მარხვა მიზანშეწონილია.
-აუცილებელია თუ არა მარხულობდეს ფეხმძიმე ან მეძუძური დედა? რა წესები არსებობს მათთვის?
- ორსულ დედებს ექიმის რეკომენდაციის მიხედვით ვაძლევთ კურთხევას, მისი ჯანმრთელობისთვის რაც აუცილებელია, უნდა მიიღოს. თუმცა აქვე უნდა განვსაზღვროთ, როდესაც რძის ნაწარმის კურთხევას ვაძლევთ, გემოთმოყვარეობაში არ უნდა გადაუვიდეთ. შეიძლება მიიღო რძე უმარილოდ, უშაქროდ. ასევე მიირთვა ყველი, მაგრამ არა ხაჭაპური, ელარჯი. კურთხევის მიცემა აუცილებლობით არის გამოწვეული და არა საქეიფოდ.
- ხშირად მშობელს არ სურს ბავშვმა ნათლობის ოქროს ჯვარი ატაროს. რამდენად აუცილებელია ნათლობის ჯვრის ტარება ან რით უნდა შევცვალოთ ის?
- ჯვარი ოქროსი იქნება, ბრილიანტის თუ ხისა, ამას არა აქვს მნიშვნელობა. ყველა ნაკეთობა სიწმინდეა და ერთნაირ თაყვანისცემასა და სიწმინდით მოპყრობას იმსახურებს. მაცხოვარი და მოციქულები ხის ჯვარზე გაეკრნენ, მცხეთის მირონმდიმარე ჯვარიც ხისაა. მთავარია ჯვრის სიღრმისეული არსი და წვდომა. ჯვარმა კაცობრიობა იხსნა ცოდვისგან, ჯვარი გვიხსნის დემონებისგან. თუ იმის გამო ვინახავთ, რომ ოქროა და არ დამეკარგოს, დიდი უმეცრების ბრალი იქნება. საერთოდ, ჯვარი არ უნდა დაგვეკარგოს. მატერიალური წონით ცქერა ჯვრის სულიერ მნიშვნელობას აკნინებს. ყველა ჯვარი ერთნაირი ღირებულებისაა და ერთნაირი დოზით გააჩნია ხსნის ძალა. ნათლობის ჯვარი იარაღია და ვატაროთ, მოვუფრთხილდეთ. შევეცადოთ, მყარ ყელსაბამზე ჩამოვკიდოთ. არის შემთხვევები, როცა ალერგიის გამო საერთოდ ვერ გუობენ ყელზე ჯვარს. ასეთ დროს შეიძლება ხელზე დავკიდოთ, სანამ იმუნიტეტი გაუძლიერდება და გამონაყარისგან განთავისუფლდება ბავშვი.
თეა ცაგურიშვილი