შვედმა მწერალმა ასტრიდ ლინდგრენმა, "კარლსონისა" და "პეპის" ავტორმა 1978 წელს ერთი ამბავი მოყვა იმის დემონსტრირებისთვის, თუ როგორ ხედავენ ბავშვები ფიზიკურ დასჯას.
"ერთხელ ერთ ქალს შევხვდი, პასტორის ცოლს. მასთან საუბარში გავარკვიე, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში გადაუწყვეტია, არასდროს ეცემა ბავშვი, რადგან არ სჯეროდა აღზრდის ამ მეთოდის. სინამდვილეში იმ დროს ბავშვების გაროზგვა ძალიან გავრცელებული იყო. ერთხელ მის 5 წლის შვილს ძალიან უცელქია და ქალს, მიუხედავად თავისი შეხედულებებისა, მაინც გადაუწყვეტია ბიჭის გაროზგვა.
ქალმა ბიჭი ქუჩაში გაგზავნა, რომ თავადვე ეპოვა დასასჯელი წკეპლა. ბიჭი დიდხანს არ დაბრუნებულა, ბოლოს კი მთლად ცრემლიანი მოვიდა, ქვით ხელში. უთქვამს: "დედა, წკეპლა ვერ ვიპოვე, მაგრამ აი, ქვა, შეგიძლია, მესროლო".
უცებ ქალი მიხვდა, ბავშვის თვალებით ეს ყველაფერი ასე ჩანდა: თუ დედამ გადაწყვიტა, მცემოს, მაშინ არ აქვს მნიშვნელობა, რით გააკეთებს ამას, ქვითაც შეიძლება... დედა გაჩერდა, შვილს მოეხვია და ატირდა. მან ეს ქვა შეინახა, რომ ხშირად გაეხსენებინა ეს ამბავი და ის ფაქტი, რომ ფიზიკური დასჯა გამოსავალი არ არის".
ასტრიდ ლინდგრენმა დასძინა, რომ თუ სიტუაციას ბავშვის თვალებით შევხედავთ, შევძლებთ მას რაღაც სწორად ვასწავლოთ.
მწერლის ნაამბობ ამ ამბავს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება და განხილვა მოჰყვა. ერთი წლის შემდეგ კი შვედეთი პირველი ქვეყანა გახდა, სადაც აკრძალეს სკოლასა და სახლში ბავშვების ფიზიკური დასჯა.