მხოლოდ მაშინ შეძლებ ბავშვს ასწავლო ბედნიერება. ეს იქნება სწორედ შენი ყველაზე ძვირფასი საჩუქარი... ერთხელ ბრძენკაცი მიდიოდა გზაზე, ბუნებას ჭვრეტდა და გაზაფხულის ფერებით ტკბებოდა. კაცი დაინახა, რომელსაც მხრებით უშველებელი ტვირთი მოჰქონდა. ტვირთის სიმძიმისგან ლამის ფეხები ეკეცებოდა. სახეზეც ტანჯვა და მწუხარება ეწერა.
- რატომ იმეტებ თავს ასეთი მძიმე შრომისა და ტანჯვისთვის? – ჰკითხა მოხუცმა.
- იმიტომ ვიტანჯები, რომ ჩემი შვილები და შვილიშვილები იყვნენ ბედნიერები, - უპასუხა საწყალმა, - ჩემი დიდი პაპა ჩემი პაპისთვის შრომობდა ასე მძიმედ, პაპა – მამაჩემისთვის, მამაჩემი – ჩემთვის, და მეც უნდა ვიტანჯო ჩემი შვილების ბედნიერებისთვის.
- თქვენს ოჯახში ვინმე იყო ბედნიერი? – დაინტერესდა ბრძენკაცი.
- ჯერ არა, მაგრამ შვილები და შვილიშვილები ალბათ ნამდვილად იქნებიან ბედნიერები! – მეოცნებედ წამოიძახა კაცმა.
- სამწუხაროდ, უწიგნური ვერ ასწავლის კითხვას, თხუნელა კი არწივს ვერ გაზრდის! – ამოიოხრა მოხუცმა ბრძენმა, - ჯერ თავად უნდა ისწავლო, როგორ იყო ბედნიერი, მხოლოდ მაშინ შეძლებ ბავშვს ასწავლო ბედნიერება. ეს იქნება სწორედ შენი ყველაზე ძვირფასი საჩუქარი.
...არა მხოლოდ მძიმე შრომა და მისი მატერიალური უზრუნველყოფისთვის ტანჯვა არის გარანტი იმისა, რომ ბავშვი ბედნიერი გაიზარდოს, არამედ ბავშვთან სიახლოვე და სიყვარულის განაწილება, რაც ორივეს აბედნიერებს – მშობელსაც და შვილსაც. პატარა უნდა ხედავდეს, რომ მისი მშობლებიც ბედნიერები არიან...