უფროსი დედაკაცი ქოხამდე გააცილებდა, შემდეგ კი მას აღარავინ ეკარებოდა და თავად უძღვებოდა ყველაფერს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მშობიარობის სხვადასხვაგვარი ტრადიცია არსებობს. საქართველოშიც ტრადიციებით ბევრი ცხოვრებისეული მოვლენაა დახუნძლული. თითოეულ კუთხეში განსაკუთრებულია ქორწინების, დღესასწაულების, შვილების აღზრდის თუ სხვა წეს-ჩვეულებები. ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და დაუჯერებელი ხევსურეთში არსებული ზოგიერთი ტრადიციაა. განსაკუთრებულად ქალის მშობიარობის. ცნობილია, რომ ხევსური ქალები სრულიად მარტო მშობიარობდნენ.
ხევსურული ადათის მიხედვით, მშობიარე ქალს შვილის გაჩენა შეეძლო სოფლის გარეთ აშენებულ ფარღალალა ქოხში – რომელსაც საჩეხს ეძახდნენ. მშობიარეს წინასწარ შეჰქონდა ქოხში საჭირო ჭურჭელი, ტანსაცმელი, საჭმელი. როცა მუცელი ასტკივდებოდა, უფროსი დედაკაცი ქოხამდე გააცილებდა, შემდეგ კი მას აღარავინ ეკარებოდა და თავად უძღვებოდა ყველაფერს.
მშობიარე საწოლს გამართავდა, თავქვეშ ხანჯალს დაიდებდა, რომ მავნე არ გაკარებოდა. ბავშვს ჭიპლარსაც თვითონ მოსჭრიდა დუქარდით.
"რაც უნდა მძიმე მშობიარე იყოს, ხევსური ქალი არ დაიკვნესებს, ეს ქალისათვის სირცხვილია", - ჰყვებიან ძველი ხევსურები.
თუ მშობიარეს ძალიან გაუჭირდებოდა, გამოცდილ დიაცს მიუყვანდნენ და ის მიეშველებოდა მას, საჩუქრად აძლევდნენ ერთ ძროხას. თუ ძალიან მძიმე მშობიარობა ექნებოდა ქალს, ხახმატის ჯვარს შეევედრებოდნენ.
თუ მელოგინე გადარჩებოდა, ხახმატში მიდიოდნენ და საკლავს კლავდნენ. თუ მშობიარე მოკვდებოდა, მას თავისი სახლის მახლობლად დაასვენებდნენ 3 დღე, დაიტირებდნენ და განცალკევებით დაასაფლავებდნენ. ვინც მშობიარობას ქოხში გადაიტანდა, ოთხი დღის შემდეგ სამრელოში გადავიდოდნენ. სამრელო იყო განცალკევებული შენობა, რომელიც სიპი ქვით იყო ნაგები.სამრელოში ქალი 4 კვირა რჩებოდა. ოჯახიდან მას ისევ არავინ ეკარებოდა, საჭმელ-სასმელს შორიდან, გრძელ ჯოხზე ჩამოკიდებულს, კარებიდან აწვდიდნენ. მელოგინეს რომ არ შეშინებოდა, სამრელოს მახლობლად თვითონ ქმარი ან ახლობელი მამაკაცი წვებოდა და დარაჯობდა.
თუ ვაჟი დაიბადებოდა, მშობიარეს დიდი პატივით ეპყრობოდნენ და ქალებს უგზავნიდნენ. თუ ქალი გაჩნდებოდა, დაღონდებოდნენ და მშობიარეს გამხმარი ქერის პურით კვებავდნენ...
საბედნიეროდ, ეს მავნე წესი ხევსურეთში დღეს სრულად დავიწყებულია.
(მომზადებულია სერგი მაკალათიას წიგნ "ხევსურეთის" მიხედვით)