ოჯახი არც ეგოიზმის კუნძულია და არც ბედნიერების ინკუბატორი
ახალგაზრდა სეტ ადამ სმიტმა ქორწინებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ოჯახური ცხოვრება მისი სტიქია არ იყო. თავის ბლოგში მან ამ თემაზე ჩანაწერი გააკეთა, რომელმაც საზოგადოება აღტაცებაში მოიყვანა. გთავაზობთ ამ ჩანაწერის სრულ ვერსიას.
ქორწინება საშენო არაა
მხოლოდ წელიწადნახევრიანი ცოლ-ქმრობანას შემდეგ მივხვდი, რომ მე ქორწინებისთვის არ ვარ გაჩენილი. დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ, ბოლომდე წაიკითხეთ ჩემი გზავნილი.
მომავალი მეუღლე ჯერ კიდევ სკოლაში გავიცანი. მაშინ 15 წლისანი ვიყავით. ვმეგობრობდით და ის დღეც დადგა, როცა ჩვენი მეგობრობა სერიოზულ გრძნობაში გადაიზარდა. მეგობრებს შორის ეს საკმაოდ ხშირია.
მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობდით და დიდი სიყვარულიც გვაკავშირებდა, თავიდანვე შიშითა და ეჭვის თვალით ვუყურებდი ჩვენი დაქორწინების პერსპექტივას. რაც უფრო ახლოვდებოდა ქორწილის დღე, მით უფრო მიძლიერდებოდა შიში და პანიკა. მზად ვარ ამ ნაბიჯისთვის? კიმი ნამდვილად ჩემი შესაფერისია? გამაბედნიერებს?
ერთ საბედისწერო ღამეს ჩემი ეჭვები მამაჩემს გავანდე. მამასთან საუბარი ჩემთვის დაუვიწყარი გახდა. მამამ დამცინა და მოთავებული ეგოისტი მიწოდა. ყოველი მისი სიტყვა სამუდამოდ ჩამრჩა მეხსიერებაში. "ქორწინება არ არის მხოლოდ შენი გასაბედნიერებელი რიტუალი. ოჯახს იმიტომ ქმნი, რომ გააბედნიერო შენი საყვარელი ქალი და შვილები, რომლებიც მომავალში გაგიჩნდებათ. მხოლოდ შენს მოთხოვნილებებს არ უნდა მოარგო ეს მნიშვნელოვანი მოვლენა. სხვაზეც უნდა იფიქრო, იზრუნო, შენი ძალისხმევა ახლა თქვენს საერთო მომავალს უნდა მოახმარო და არა საკუთარ გუნება-განწყობას. აი, ეს არის ქორწინები მიზანი და არსი".
მამის სიტყვების მერე მივხვდი, რომ კიმი ჩემი ცხოვრების ქალი იყო. მხოლოდ მისი გაბედნიერებისთვის შემეძლო ყველაფერზე წასვლა. მომინდა, რომ ის გამხდარიყო ჩემი ოჯახის ნაწილი.
ეგოიზმი მაინც ყოველთვის უტევდა ჩემს გონებას. რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან ავი ეგოისტი ვიყავი. საშინლად ვიქცეოდი. ვგრძნობდი, რომ ვერ ვასრულებდი მამის სიტყვას. არც ჩემი მეუღლის გაბედნიერება მიცდია. სამაგიეროდ ცოლმა მაგრძნობინა, რა არის ნამდვილი, უანგარო სიყვარული. იმის მაგივრად, რომ ესაყვედურა და ეჩხუბა, თავად დამიწყო დამშვიდება. მისმა სინაზემ და მხარდაჭერამ ნამდვილი სასწაული მოახდინა - როგორც იქნა, დავწყნარდი და გულზეც მომეშვა. ტირილიც კი ამივარდა. ცოლს პატიებას ვთხოვდი. თურმე რაც მეტ სიყვარულს გასცემ, მით მეტს დაიბრუნებ უკან. იმაზე ტკბილი შეგრძნება არ არსებობს, როცა სხვა ადამიანს სიყვარულს ჩუქნი. ოჯახი არც ეგოისტების კუნძულია და არც ბედნიერების ინკუბატორი. ოჯახი სიყვარულით თქვენ უნდა გაავსოთ. ეს არ დაგავიწყდეთ.