მოთხრობა მარტო დარჩენილ დედაზე
ლამოორა, ტეენსიო, ბიაანკა, გრააცია - რა ლამაზად ჟღერს, არა? არა, მართლაც საამური ენაა ეს იტალიური. ლამოორა, სეელვა - არ არსებობს, რაიმე უარყოფითისკენ განგაწყოს. ოპტიმისტური ენაა! სწორედაც რომ, ყველაზე ოპტიმისტური ენა მსოფლიოში - იტალიური!!! ამიტომ არის, რომ ჩავაფრინდი ამ "ლამორებს", როგორც ხავსს წყალწაღებული, და დღე და ღამ ვიმეორებ. "სეი ტუ?" - ვიხედები სარკეში და საკუთარ თავს შევძახი. იქიდანაც, რაც უნდა ცუდ ხასიათზე იყოს ჩემი ჩუმი აჩრდილი, ნებისმიერ შემთხვევაში სიხალისე გადაურბენს სახეზე და თვალებშიც ღიმილი უკრთება...
ეს დილაც ასე დაიწყო. საზიზღარ ხასიათზე გამეღვიძა, ქუთუთოები სადღაც ფეხებში ექაჩებოდნენ თვალებს, თავი ჭერში მიხტოდა, ხელები ტორებივით მქონდა დამძიმებული, ტვინი... მგონი სულაც არ მქონდა... მოკლედ, ნაბახუსევზე რომ არიან ხოლმე, ისე ვიყავი. თუმცა კი არ დამილევია. არც წუხელ და არც იმის წინ და არც იმის და არც იმის... მაგრამ ყოველ დილას ნაბახუსევი ვიღვიძებ, თითქოს არყით ვარ გამოლეშილი. ცხოვრება მათრობს... ოღონდ თრობის ყველაზე საშინელი გაგებით. არა, კი არ მათრობს, მლეშავს. ყოველდღიურობას არყის და ძმრის სუნი ასდის და საზიზღრად მთრგუნავს. ვერ ვიტან... ვეღარაფერს ვერ ვიტან, შინ მოსვლაც არ მინდა და არც გარეთ მიწევს გული. "არც მიწისა ვარ, არც ცისაო", ამბობდა... ვინ? აღარ მახსოვს, უბრალოდ დალექილი მაქვს სადღაც, თურმე არსებულ ტვინში და ახლა ამეკვიატა. მე რისა ვარ, ნეტავ?..
ძალიან მინდა, სინათლის შვილი ვიყო. ჰო, არ შეიძლება? ამდენ სიბნელეში მინდა სინათლის შვილი ვიყო და სინათლე მყავდეს დედადაც და მამადაც. მინდა გარშემო სულ ნათელი იდგეს, არ ღამდებოდეს, ყველას სახე უღიმოდეს, ყველა იმეორებდეს: გრააცია, ბონჯოორნო, ლამოოორა... ლამოოორა... ნეტავ იტალიაში თუ ღამდება? იტალიაში მინდა. მინდა, რო? არა, რომ ჩავიდე და იქაც ნაბახუსევმა გავიღვიძო, მართლა თავს მოვიკლავ... არა, რა დროს თავის მოკვლაა? ლამოორა, ნოოვა, სეელვა!!! გამოიკეთე ახლა ხასიათი, კეთილი ინებე და ადექი! სარკეში ჩაიხედე! მაინცდამაინც შემფასებლური თვალით ნუ შეხედავ საკუთარ თავს, უბრალოდ გაუღიმე და მორჩა. თორემ ახლა შეფასებას თუ დაიწყებ, ისევ აფუტკნულ ლოგინში მოგიწევს დაბრუნება და აღარც მოგინდება ადგომა... არასოდეს...
არა, უშნო კი არ ვარ, მაგრამ ზედ მაწერია, რომ ცხოვრებისგან ვარ დაღლილი... თუმცა ამას ცხოვრება არ ჰქვია, ყოველდღიურობისგან... ცხოვრებაა, რომ ცხოვრობ. და ცხოვრება ალბათ მართლაც მშვენიერია... მაგრამ მე ყოველდღიურად ვყოფითობ... ნეტავ თუ არსებობს ეს სიტყვა? ვარსებობო, ვერ ვიტყვი, ესეც რაღაც უფრო მნიშვნელოვანს ჰგავს... დინებას მივყვები, ოღონდ სად მიდის ეს დინება, ქვემოთ თუ ზემოთ, არ ვიცი... მგონი დინებაც დინებას მიჰყვება...
ყოფითობის მორიგ ათვლას შევუდექი... ვისაუზმე მარტოკამ, როგორც ყოველთვის... ეს ყოველთვის უკვე მესამე წელია გრძელდება და ჩემს ყოფითობას კიდევ უფრო აყოფითებს.
ჩემი ქმარი... ქმარი, რომელიც არასდროს მყვარებია, უბრალოდ, კარგი ადამიანი იყო, ჩემს მშობლებს მოსწონდათ, საზოგადოებაში ღირსეული ადგილი ეკავა და ავირჩიე... ალბათ მაშინაც დინებას მივყვებოდი, თუმცა ამას ჯერ ვერ ვაცნობიერებდი. მიყვარდა თუ არა ვინმე? მიყვარდა, მაგრამ ის... ჩემს მშობლებს არ მოსწონდათ, საზოგადოებაში არ ეკავა ღირსეული ადგილი და არ ავირჩიე... ჰოდა, მას მერე შევუდექი მწარე ყოფითობას... თუმცა მაშინ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა, ძალიან ხალიასიანი და სიცოცხლის მოყვარული გახლდით...
დაიწყო გრძელი გზა, მდორე და უნიათო, უხალისო და ბანალური, ერთფეროვნებით შეფერილი... ის მთლიანად თავის საქმეებში ჩაეფლო, უფრო სწორად, მანამდეც ჩაფლული იყო და არც მას მერე აუღია თავი, რაც ოჯახი შექმნა. თავის კვანტურ ფიზიკას ჩაჰკირკიტებდა, შიგადაშიგ, ოდნავი მრავალფეროვნებისთვის - გაზეთებსაც. მე მის ცხოვრებაში ჩვეულებრივი ცოლი ვიყავი, ვამზადებდი, ვალაგებდი, ვასუფთავებდი, ხანდახან - ოდნავი მრავალფეროვნებისთვის - მის ნაშრომებს ვათეთრებდი. ურთიერთობა არ გვქონდა, გვქონდა თანაცხოვრება, შემეშალა - თანაყოფითობა. ქელეხებში და ქორწილებში, როგორც იდეალურ წყვილს შეეფერება, ერთად დავდიოდით და სხვა ჩვენნაირ წყვილებს თვალებს ვუბრმავებდით, რომ ცხოვრებაშიც ერთად მოვაბიჯებდით... არადა, ასე არ იყო. მე ჩემთვის ვცხოვრობდი, ის - თავისთვის.
შვილთან (რომელიც, რასაკვირველია, ერთი "ვიყოლიეთ", როგორც ჩვენნაირ წყვილებს შეეფერებათ) ორივენი პირნათლად ვასრულებდით მოვალეობებს - ის, როგორც მამას შეეფერებოდა, მკაცრი იყო, მე - ლმობიერი. შვილიც გაიზარდა - წესიერი, ჭკვიანი, როგორც ჩვენს ოჯახს შეეფერებოდა, განათლებული, მაგრამ - ინდიფერენტული და ცივი...
ახლა ქმარი სხვა ყოფიერებაშია (არის კი ის ყოფიერება ნეტავ?), შვილი - საზღვრებს გარეთ (არა, იტალიაში არა...). კვირაში ერთხელ, ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე დროს მირეკავს და ერთი და იმავე ფრაზებით მკითხულობს. რატომ? მოვალეობას იხდის. ოღონდ ვისთან, არ ვიცი... ადრე გული მტკიოდა, ახლა სულ ერთი გახდა. კარგა ხანია მიმახვედრა, ჯერ კიდევ აქ მყოფმა, რომ ჩემი კალთის ბინადარი აღარ არის და თავისი ცხოვრება აქვს, სადაც ჩემი ადგილი არ აღმოჩნდა. რას იზამ?.. ვერც ვერაფერს.
ჰოდა, მას მერე მარტო ვყოფითობ. საშინელ ფიქრებს და დარდებს ვერსად გავექეცი. ვერც ტელევიზორმა მიშველა - ამ საზიზღარი ყუთის ტყვედ ვერ ვიქეცი... მეგობრებს თავ-თავისი ყოფითობა აქვთ და მე ვეღარ ავეკიდე... ცოტა ხანს ეკლესიაშიც ვიარე, "მრევლი" ვიყავი... იქაც ვერ მოვიკიდე ფეხი, ყველა ჭკუას მასწავლიდა და ვერ გავუძელი... ალბათ ჩემი კომუნისტური "მზიური" ახალგაზრდობა არ აღმოჩნდა მზად ამისთვის... რომ ვეღარაფერი მოვიფიქრე, თავის მოკვლასაც ვაპირებდი, როცა ერთხელ ჩემმა თანამშრომელმა (ჰო, ვმუშაობ, დინებას მივყვები იქაც), რომელმაც ადრე იმავე მიზნით ჯერ ძაღლის ყოლა შემომთავაზა, მერე თუთიყუშის, მერე - საყვარლის (ვერც ერთმა ვარიანტმა ვერ მომხიბლა), იტალიაში წასვლა მირჩია. და მეტი რეალურობა რომ მიენიჭებინა ამ რჩევისთვის, ლექსიკონიც მომართვა. შედეგი ფანტასტიკური აღმოჩნდა! იტალიაში ვერ წავედი (რაღა დროს ჩემი აქეთ-იქით ტანტალი და ახალი სამყაროების ძიებაა), სამაგიეროდ, იტალიური აღმოვაჩინე, რომელიც ჩემს მხსნელად იქცა. მას მერე შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში ლამოორა, ბონჯოორნო, გრააცია... ჩემი ჩიტიც, ძაღლიც და საყვარელიც ეგ არის.
ყოველდღე ახალ სიტყვებს ვსწავლობ, მერე საკუთარ თავსვე ვაბარებ ნამეცადინებს და კმაყოფილი ვწვები... განათებულ ოთახში... ესეც ჩემი უცნაურობაა. თუმცა უფრო სწორი იქნება ვთქვა, საცნაურობა, ჩემთვის ხომ ამაში არაფერია უჩვეულო. ამას წინათ იმ უკვე თქვენთვის ნაცნობ თანამშრომელს ჩემი შუქის გადასახადის ოდენობა რომ მოვახსენე, თმა ყალყზე დაუდგა, მარტო მყოფი ადამიანი ამდენს როგორ წერო? (დენი იგულისხმა, რასაკვირველია). ვუთხარი, მეზობელს შუქი გადაუჭრეს და იმას გავუყავი დენი-თქო. აბა, იმას ხომ არ ვეტყოდი, დღე და ღამ სინათლე რომ მინთია ყველა ოთახში, ტუალეტის ჩათვლით?
ბავშვობიდან ვერ ვიტან სიბნელეს. აკი ვამბობდი, სინათლის შვილი უნდა ვიყო... მწარედ მახსოვს, რამეს რომ ვაშავებდი (რა უნდა დამეშავებინა ერთი ციდა გოგოს, მაგრამ მაინც ასე ამბობენ, აშავებსო... თითქოსდა ყველაფერი თეთრია გარშემო და შენ ერთი აშავებ სამყაროს...), დედა ტუალეტის კარს გააღებდა, შემაგდებდა შიგნით, გამომკეტავდა და შუქსაც არ მინთებდა... გული გახეთქვაზე მქონდა, ჩემზე მიუსაფარი და უპატრონო არავინ მეგონა. ის ერთი წუთი ჩემთვის საუკუნეს უდრიდა და სანამ გამოვიდოდი, რაც კი ცუდი მქონდა ნანახი და გაგონილი, ყველაფერი თვალწინ მიტრიალებდა. სინათლეს რომ დავინახავდი, ბედნიერებისგან ცას ვეწეოდი, დედას მადლობის ნიშნად კოცნით ვახრჩობდი და ვეხუტებოდი... მერე ის საშინელი უშუქობის წლები დაიწყო და დეპრესიის ერთი ეტაპი კიდევ მაშინ გამოვიარე. სხვა თუ უპურობას და კუპონების სისუსტეს დარდობდა, ჩემი მთავარი სადარდებელი უშუქობა იყო. თითქოს ვიგუდებოდი...
ახლაც ასეა... ძილის დროსაც კი მინთია შუქი და როგორც კი მოსაღამოვდება, დაბნელებამდე, შინ მოვრბივარ, თითქოს ვინმე მელოდეს...
ჩემი ცხოვრება, სინათლის და იტალიურის გარეშე, ბნელ ტუალეტში ჯდომას ჰგავს...
ლამოორა, ტეენსიო, ბიაანკა, გრააცია - რა ლამაზად ჟღერს, არა?
2009 წელი
ლელა ზურებიანი