ამჯერად არ ვაკოცე ძილის წინ – რომ ეგრძნო თავისი დანაშაული. თავადაც საყვედურის თვალებით შემხედა გამაგიჟა, გამაცოფა, მდგომარეობიდან გამომიყვანა... ათჯერ, ასჯერ, ათასჯერ თქმული არ გაიგო, მაინც აურ-დაურია ყველაფერი, იყვირა, იწივლა, მიყარა, მოყარა, გაოფლიანდა, აუტყდა ხველა... და მაგრად ვეჩხუბე. აღარც მახსოვს, რა ვუთხარი, გამწარებული ვყვიროდი, ვუხსნიდი, რომ ასე არ შეიძლება, რომ თამაშს არავინ უშლის, უშლიან სიგიჟეს, წრეგადასულობას, გადარეულობას... თვალებში მიყურებდა... არა, უტიფრად არა, არც გაოცებული. უბრალოდ მიყურებდა. ეს უფრო მაგიჟებდა – თითქოს ამ მზერით მამხელდა: დედა, ნუ მიყვირი! ნუ მეჩხუბები! პატარა ვარ, არ მესმის ჯერ ყველაფერი. მე უბრალოდ შენი ყურადღება მაკლია, სულ შენთან მინდა ყოფნა. და როცა შენ არ მყავხარ გვერდით, როცა შენს საქმეებს უბრუნდები და ჩემთვის ვერ იცლი, მაშინ მეწყება ეს სიგიჟე და გადარეულობა... ეს თავისით ხდება, მე სულაც არ მინდა. რაღაც მეწყება შიგნიდან, რაღაც აუხსნელი და ამოუცნობი, და ვიწყებ აწეწვას, მიყრას, მოყრას, გაგიჟებას... პროტესტის ნიშნად? შენი ყურადღების მოპყრობის ნიშნად? არ ვიცი, ეგ უკვე დიდებმა უნდა იცოდეთ...
- დახარე თვალები! – ვუკივლე და ჩხუბი გავაგრძელე. დახარა... და უარეს ხასიათზე დავდექი, უარესად ვიგრძენი თავი დამნაშავედ, ურჩხულად, ცუდ დედად...
რა ვქნა? როგორ გავაგებინო ბავშვს, რომ ისევ მის გამო ვაკეთებ ამას, მისი კეთილდღეობისთვის ვაკლებ დროს, რომელსაც ვახმარ საარსებო ფულის შოვნას, მის უკეთეს მომავალზე ზრუნვას? როგორ ავუხსნა, რომ მასთან ყოფნაზე, თამაშზე, მის მოფერებაზე მეტად მეც არაფერი მინდა, მაგრამ ცხოვრება ასეა აწყობილი...
დავაწვინე, საყვედურებით, კრიტიკით. როგორც ყოველთვის, ამჯერად არ ვაკოცე ძილის წინ – რომ ეგრძნო თავისი დანაშაული. თავადაც საყვედურის თვალებით შემხედა, გადაბრუნდა და დაიძინა.
მე ისევ გავაგრძელე თვითგვემა, ღელვა, თავის დადანაშაულება... მერე კი უცებ თავში დამიტრიალდა ათასი ფიქრი. ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე? რა იცი, ერთი წამის მერე რა ხდება? იქნებ სამყარო გადაბრუნდეს, იქნებ რაიმე უბედურება მოხდეს, ბოლოს და ბოლოს, იქნებ მე დამემართოს რამე (არა, ბავშვს ფიქრშიც არ უნდა დაემართოს არაფერი!!!), და ჩემს პატარას ის უკანასკნელი დედის ამბორიც არ უნდა დავუტოვო? ისე უნდა დაიძინოს, რომ გულში ჩაყვეს დედის საყვედურები? იქნებ მერე, რომ გაიზრდება, ყველა სხვა დაძინება დაავიწყდეს – ისინი, რომლებიც მოფერებით და კოცნით არის სავსე და გაახსენდეს მხოლოდ ეს, დედის ამბორის გარეშე...
მივედი, ლოყაზე ვაკოცე, თავზე მოვეფერე... აკრუსუნდა, ჩემკენ გადმობრუნდა და გულში ჩამეხუტა... მე ცრემლები მომერია... უშველებელი ბედნიერება ჩამეღვარა გულში... მასაც...
ლელა ზურებიანი