საბედნიეროდ, ბაწარმა მე მიმტყუნა და არა ჩემს ძმას... მას შემდეგ ათმა წელიწადმა ჩაუარა ჩემს ცხოვრებას გვერდით
ზოგი მაგარ, სპორტულ ავტომობილზე ოცნებობს, ზოგიერთი - სიმდიდრეზე, მაგარ ქალზე, ჩემპიონობაზე, პოპულარობაზე, მოგზაურობაზე...
მე მხოლოდ ერთი სანუკვარი ოცნება მაქვს - მინდა, რომ სიარული შემეძლოს. ცამეტი წლის ვიყავი, მე და ჩემმა ძმამ ხის კენწეროზე ბაწარი ჩამოვაბით და ერთმანეთს ზედ ასვლა-ჩამოსვლაში ვეჯიბრებოდით. როგორც ჩანს, კარგად ვერ მოვაბით... საბედნიეროდ, ბაწარმა მე მიმტყუნა და არა ჩემს ძმას. ძალიან ცუდად დავეცი. წელს ქვემოთ პარალიზებული აღმოვჩნდი. მას შემდეგ ათმა წელიწადმა ჩაუარა ჩემს ცხოვრებას გვერდით. ბოლო წლებში საერთოდ არ გამიყვია ცხვირი გარეთ. მესამე სართულის ფანჯრიდან ვიყურები, ვაკვირდები, როგორ დარბიან ბავშვები, ბურთს თამაშობენ, როგორ სეირნობენ ჩემი თანატოლები წყვილ-წყვილად. მოსწავლეებს სასწავლო დღე რომ უმთავრდებათ, როგორი გახარებულები გამორბიან სკოლიდან.
სახლში მე ვარ ტყვე, გარეთ - მზესუმზირის გამყიდველი ბებო. თითქოს მასაც არ შეეძლოს სიარული. სულ ერთ ადგილას ზის. რამდენჯერ ადრე ავმდგარვარ, სპეციალურად, რომ მისი მოსვლა დამენახა და რამდენჯერ გვიანობამდე შემოვრჩენილვარ სარკმელთან, რომ მისი წასვლა მეხილა, რაიმე ნიშანწყალი მისი სიარულის შესაძლებლობისა. მაგრამ ამაოდ... საპირფარეშოში მაინც არ უნდა გასვლა მთელი დღის განმავლობაში? საინტერესოა, გარეთ მყოფთ არ უჩნდებათ ეს შეკითხვები?
შუა დღისას ჩემი მომვლელი მოდის ხოლმე. საკვებს მიმზადებს და სამ დღეში ერთხელ ბანაობაში მეხმარება. ხანდაზმული ქალია, საცოდავი იქით მოსავლელია, მაგრამ გაჭირვების გამო იძულებულია და მაინცდამაინც არ წუწუნებს, ყოველ შემთხვევაში - ჩემთან. ისეთი სიბრალულით მიყურებს ხოლმე, მირჩევნია რაღაცა დამარტყას, ვიდრე ასე შემხედოს.
ოროთახიანში ვცხოვრობ. მისაღებიც და საძინებელიც ერთი დიდი ბიბლიოთეკაა. წიგნები, წიგნები და კიდევ წიგნები. მხოლოდ სამზარეულო გადაურჩა წიგნებს, თუ კულინარიის წიგნს არ ჩავთვლით. ადრე ამ ორ ოთახში უბრალოდ წიგნებს ვხედავდი, ახლა კი უკვე სამყაროებს ვხედავ. შესაბამისად ბიბლიოთეკის ნაცვლად - ჩემს მიკროკოსმოსს. სწორედ წიგნმა შეძლო ჩემი გადარჩენა ფსიქოლოგიური და სულიერი დეგრადირებისგან. დროის უმეტეს ნაწილს კითხვაში ვატარებ. ტელევიზორი და კომპიუტერი საერთოდ გავაქრე სახლიდან. წიგნთან შედარებით მათი ფასი ნულის ტოლია. წიგნებში რომელიმე პერსონაჟის ადგილას წარმოვიდგენ ხოლმე თავს, ამიტომ წიგნის სამყაროში სიარულიც შემიძლია, სირბილიც, ცურვაც და უბრალო ადამიანებისგან განსხვავებით - ფრენაც. იმდენად გავიწაფე კითხვაში, რომ ასოებს, სასვენ ნიშნებს, სიტყვებს, წინადადებებს, აბზაცებს, გვერდებსაც კი ვეღარ ვამჩნევ. პირდაპირ სამყაროები იჩითება. ნარკოტიკები არ გამისინჯავს, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ამას ვერც ერთი მათრობადი ან ჰალუცენოგენი ვერ მოგცემთ. კინოში სხვისი ფანტაზიებია, რეჟისორის აზრებს მიყვები, შენი ფანტაზია ამ დროს ჩლუნგდება და ფუნქციას კარგავს. წიგნში კი შენ ხარ დამდგმელი რეჟისორიც, ოპერატორიც, მხატვრული გამფორმებელიც... მოკლედ, ძაან მაგარია.
ჩემს ქვემოთ, მეორეზე, ერთი სტუდენტი გოგონა ცხოვრობს. თიკო ჰქვია. თიკო, თიკო, თიკო... შემიძლია უსასრულოდ ვიმეორო ეს სახელი, მაგრამ რა აზრი აქვს?! ის ვერასოდეს გამიცნობს, ჩემზე სერიოზულად არ იფიქრებს. ერთადერთი გრძნობა, რაც შეიძლება მასში გამოვიწვიო - სიბრალულია. ამას კი სიკვდილი მირჩევნია. ამიტომ არც ვცდილობ მის გაცნობას. ფარდის უკნიდან ვიჭვრიტები ხოლმე და ვაკვირდები, როგორ მიდის სასწავლებელში და როგორ ბრუნდება. მისი განრიგი ზეპირად ვიცი. მის ვარცხნილობაში, ჩაცმულობასა და მაკიაჟშიც კი მცირე ცვლილებასაც ჩამჩნევ. იმასაც ვხვდები, როდის როგორ ხასიათზეა. მან კი, შეიძლება ჩემი არსებობაც კი არ იცის.
ექვსი წლის რომ ვიყავი, მე და ჩემი კლასელი დათო, რომელიც ჩემსავით ფათერაკიანი ბავშვი იყო, სკოლიდან გავიპარეთ და იქვე ას მეტრში პატარა ჭაობთან მივირბინეთ. იმ დროს გვეგონა, რომ სკოლიდან ძალიან შორს ვიყავით. ისიც გვეგონა, რომ იმ ჭაობში ბაყაყების გარდა თევზებიც იყვნენ. ორი გამხმარი ლერწამი შუაში გადავგრიხეთ და წყალში ჩავუშვით იმ იმედით, რომ თევზს დავიჭერდით. წარმოვიდგინეთ, რომ ანკესები გვეჭირა. როგორი ბედნიერი ვიყავი მაშინ!!! თუმცა მერე მამაჩემისგან კარგად მომხვდაა ტაკოში და ცრემლებიც ვაღვარღვარე, მაგრამ მეორე დღეს მე და დათო ამაყად შევხვდით ერთმანეთს, გამარჯვებული სახეებით, თითქოს დიდი გმირობა ჩავიდინეთ... ნეტავ იმ დროს!..
რა კარგი იქნებოდა, ადამიანს დროის მიმართულების შეცვლა რომ შეეძლოს და მომავლის ნაცვლად, თავისი ცხოვრება წარსულისკენ მიმართოს. მხოლოდ ათი წლით უკან მსურს დაბრუნება, იმ დამპალ ბაწარს ცეცხლში დავწვავდი და მსგავს რამეს აღარასდროს გავიმეორებდი...
აი ისიც... თიკო! უნივერსიტეტიდან ბრუნდება. სახე გადაღლილი აქვს, თვალებიც დასწითლებია. ალბათ გამოცდა ჰქონდა. თმის ერთი კულული წინ აქვს ჩამოგდებული და ძალიან უხდება. ასე დაღლილ-დაქანცულიც კი უმშვენიერესია. ყოველ შემთხვევაში მათ შორის, ვინც კი ოდესმე მოხვედრილა ჩემს თვალსაწიერში.
...ღამის სამი საათია. საძინებელში დიდი კედლის საათი მიკიდია. სიჩუმეში ერთი თუ ამიყოლია მისი მექანიზმის მუშაობამ, მთელი ღამე არ დამაძინებს. მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს და საძინებელშივე ვტოვებ. ღამით, როცა შინ სრულიად მარტო ვარ, ერთადერთი თანამოსაუბრე ეს კედლის საათია. არასდროს არ ეზარება საუბარი. ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ... მის ლექსიკონში ორად ორი სიტყვაა - ტიკ-ტაკ... ტიკ-ტაკ... და ერთი ორნოტიანი მელოდია საათში ერთხელ - ტუ... დუუუმ... ტუ.... დუუუმ!.. ჩემზე გაცილებით ასაკიანია. ერთი ხანობა მისაღებში ეკიდა, სანამ დედა და ჩემი ძმა უცხოეთში წავიდოდნენ და იქიდან შეუდგებოდნენ ჩემს "შენახვას". მაგრამ წიგნების კითხვისას საათი მეტისმეტად დიდ ყურადღებას იქცევდა და რეალობაში მაბრუნებდა. ჰოდა, მეც საძინებელში მივუჩინე ადგილი. ახლაც შევცდი, მოვუსმინე და ამიყოლია... ვეღარ ვიძინებ. რაკი ვერ ვიძინებ, ფიქრი დავიწყე. ფიქრები, რა თქმა უნდა, თიკოს შეეხება...
გათენებამდე ვიფიქრე, როგორ შემომეყვანა თიკო ჩემს სამყაროში. მის სამყაროში მე ვერ შევიდოდი, შესაბამისად - ის უნდა შემომეყვანა ჩემსაში. დილას ჩამეძინა. თიკო მესიზმრა. დიდ მწვანე მინდორში დავრბოდით, ორივე ვიცინოდით. თიკომ ბაბუაწვერა მოწყვიტა, ჩემკენ შემობრუნდა და სული შეუბერა. ბაბუაწვერები ჰაერში გაიფანტნენ და გამომეღვიძა.
სიზმარი ფურცელზე დავწერე, რომ არ დამვიწყებოდა. ერთი საათის შემდეგ მივუბრუნდი და წავიკითხე... უცებ, ისევ სიზმარში აღმოვჩნდი. ძალიან მაგარი იყო. მერე დავფიქრდი და მივხვდი, გასაღები ჩემს ხელთ იყო. უეცრად თავი ყოვლისშემძლედ ვიგრძენი. ჩემს მომვლელს დავურეკე და ძალიან ბევრი რვეული და ბევრი საწერკალამი დავაბარე. მთელი დღე ვწერდი. ვწერდი და ვკითხულობდი... ვწერდი და ვკითხულობდი... ბოლო ათ წელიწადში პირველად ვიგრძენი თავი ბედნიერად. შეიძლება ეს სიგიჟეა, მაგრამ ჩემთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა. მე და თიკო ერთად ვართ ჩემს სამყაროში.
პირველი წიგნი სასიყვარულო რომანი იყო. მეორე - სათავგადასავლო. ხომალდმა კატასტროფა განიცადა და დაღუპვას მხოლოდ ორნი გადაურჩნენ, თიკო და ერთი ბიჭი. ტროპიკულ სარტყელში ერთ-ერთ დაუსახლებელ კუნძულზე აღმოჩნდნენ. ისე დავწერე, რომ მათ დიდი ხნის განმავლობაში ვერ აგნებდნენ მაშველები, ამიტომ დიდხანს მოუწიათ ერთად ცხოვრება. ახლა, არ ვიცი, რიგით მერამდენე წიგნს ვწერ. ფანტასტიკაზე გადავედი. ამ წიგნში ფრენა შემიძლია და იმედია, იქაც შევძლებ თიკოს გულის მოგებას.
გიორგი ზურებიანი