ამბავი საოცარი დედისა... – მესამე ღამეა მაღალი სიცხე აქვს...
– მერე აქამდე სად იყავით, ბავშვს ბატონები აქვს გართულებული, - თერმომეტრის ფერთხვით სათვალეებიდან გადმოხედა ფერწასულ დედას ექიმმა.
– გუშინაც მყავდა სასწრაფო გამოძახებული, მითხრეს, საშიში არაფერიაო, მაგრამ წუხელ ძალიან ახველებდა, გათენდა თუ არა ისევ დაგირეკეთ... და... ახლა არ ვიცი, თქვენს იმედზე ვარ, ერთადერთი შვილი უნდა გადამირჩინოთ, - თითქმის შეეხვეწა ქალი ექიმს... ისე შეეხვეწა, უფალს რომ ვთხოვთ მთელი გულით რაღაცას და მისგან ხსნას ველოდებით.
– ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, სასწრაფოდ უნდა გადავიყვანოთ, - უთხრა თავის თანაშემწეებს ექიმმა და ნივთების ჩალაგება დაიწყო პატარა, ჯვრებით გაფორმებულ ყუთში.
დედას გულის ხმა ყურებშიც ესმოდა... ის კი არა, ეგონა, ირგგვლივ ყველგან მისი გული იყო... ცარიელ, უფერულ კედლებზეც კი... დაბნეული ასრულებდა ექიმის ყველა მითითებას, ბავშვი თბილ პირსახოცში გაახვია და კიბეებზე დაეშვნენ...
მეზობლის სახლიდან სიმღერის ხმა გამოდიოდა, კარები ღია იყო, ნათლად ჩანდა ბედნიერი მეფე-დედოფალი და რამდენიმე მოცეკვავე წყვილი.
– ქორწილია? - იკითხა ექიმმა უადგილოდ, თან მეფე-დედოფალს მისჩერებოდა კარებიდან.
– კი, ქორწილია, როგორც იქნა, ამ ოჯახში ქორწილია დიდი უბედურების შემდეგ, - ჩაილაპარაკა დედამ და თბილი მზერა მიაპყრო მეზობლის კარებს, საიდანაც ქალი გამოვიდა და კარებთან მდგომი ჩვილბავშვიანი მეზობელი რომ დაინახა, ყურადღებით მოიკითხა ,რა ხდება, ნატო, რა ჭირს შენს პატარა გოგოსო.
– ბატონები აქვს, საავადმყოფოში მიმყავს...
- უფალმა გიშველოთ, - შეწუხდა ქალი, - რა ვქნა, მეც გამოგყვებოდი, რომ არა...
– არაფერია, მივხედავ თვითონ, ბედნიერები გიმყოფოს ღმერთმა... - ჩვილი ისევ ახველებდა და წუხდა...
საავადმყოფომდე მთელი საუკუნე მოეჩვენა დრო დედას, რომელსაც ხელებში უსუსური პატარა ჰყავდა და ვერაფრით შველოდა, მხოლოდ გულში იკრავდა და სიცხიან შუბლს უკოცნიდა წამდაუწუმ.
საავადმყოფოს კედლები სამარის კედლებს ჰგავდა... სულ ორი საათიღა იცოცხლა ჩვილმა... - ბავშვს აქ ვერ დავტოვებ... - უფრო სწორად გვამს, უნდოდა ეთქვა დედას. ექიმებიც არ შეეწინააღმდეგნენ, სახვევებში თბილად გახვეული გაყინული ჩვილი ხელებში მისცეს...
ზამთრის ცივი და ქარიანი დღე იყო...
მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორმე სახლამდე მიეღწია...
მეზობლის სახლიდან ისევ სიცილის, მხიარულების, მუსიკის ხმა ისმოდა...
ოჯახის დედას ისევ არ გამოჰპარვია კიბეზე ჩიტის ფეხებით ასული ნატო.
- შვილო, რა ხდება, რა გითხრეს ექიმებმა? როგორ არის? - ბავშვისკენ წამოიწია მეზობელი...
ნატომ ხელი მაღლა ასწია... ცხედარს სახვევი სახეზეც გადააფარა და გაბზარული ხმით უთხრა მეზობელს:
- ჩუმად... არ გაიღვიძოს... სძინავს... - და ისევ გააგრძელა გზა დამფრთხალი ჩიტივით...
ანა ლაშხელი ონიანი