უკვე ციოდა, მაგრამ ბიჭი ჯემპრით დადიოდა სკოლაში. კაცი იყო და არ წუწუნებდა უკვე ციოდა, მაგრამ ბიჭი ჯემპრით დადიოდა სკოლაში. კაცი იყო და არ წუწუნებდა, იცოდა, რომ უჭირდათ, მარტო დედა მეტს ვერ ახერხებდა. თავადაც ჯერ პატარა იყო და ვერ ეხმარებოდა.
რამდენიმე დღე ჯიხურში იმუშავა დედამ.
"მოუკვდეს დედა, - ფიქრობდა ქალი შვილზე - ფულს რომ ავიღებ, საჭმელს ვიყიდი და იქნებ იმდენიც დამრჩეს, მეორადებში ვუყიდო რაიმე "კურტკა".
დილას ქალს ჯიხური უნდა გაეღო. უცებ ქარმა წინ ქურთუკი აუფრიალა. დედამ ახედა კორპუსებს, ალბათ ვინმეს თოკიდან მოიტაცაო ქარმა. მერე აიღო ქარის გზავნილი და იქვე ჯიხურთან მიაბა თოკით, პატრონი დაინახავს და მოაკითხავსო.
ორი დღე ითვლიდა დედა თეთრებს, ორი დღე ფრიალებდა ჯიხურთან ქურთუკი.
"რა ვიცი, მომკითხავი აქამდე მოაკითხავდაო", - იფიქრა მესამე საღამოს და წამოსვლისას ჯიხურში შენახვის მაგიერ შინ წამოიღო.
ბიჭს ცოტა დიდი მოუვიდა, მაგრამ დედა და შვილი ამაზე არ ჩიოდნენ.
"რა ვიცი, ქუჩაში არავინ გახადოს, ჩემი "კურტკა" რად გაცვიაო", - შიშობდა დედა, მაგრამ სკოლაში შვილი მაინც ქარის მოტანილი ქურთუკით გაუშვა.
P.S. გუშინ ნათლიდედამ მიამბო ამბავი ქალზე, რომელიც იქვე, მის უბანში ცხოვრობს ქირით.
თინათინ მოსიაშვილი