მათ ბალიშებს ცოტა ხნით მათი სურნელი რჩება როცა შვილები მიდიან ცოტა ხნით,
მათი თოჯინები ცოტა ხნით მარტო რჩებიან.
როცა შვილები მიდიან ცოტა ხნით,
მათ ბალიშებს ცოტა ხნით მათი სურნელი რჩება.
როცა შვილები მიდიან ცოტა ხნით,
ისინი ცოტა ხნით ტელეფონით გველაპარაკებიან.
როცა შვილები მიდიან ცოტა ხნით,
მათი საყვარელი სატელევიზიო არხები ცოტა ხნით უნახავები რჩებიან.
როცა შვილები მიდიან ცოტა ხნით,
მათთვის მოსახარშ ბურღულს ობი უჩნდება.
როცა შვილები მიდიან ცოტა ხნით,
მათი სახე ცოტა ხნით გვავიწყდება.
როცა შვილები მიდიან ცოტა ხნით,
მათი ხმა ცოტა ხნით ნისლში ეხვევა.
როცა შვილები მიდიან ცოტა ხნით,
მათი მშობლები დღეებს ბეჭებით ეზიდებიან,
კისერწაგრძელებულები, დაძარღვულები მიათრევენ დღეებს, რომლებსაც გასვლა არ უნდათ.
როცა შვილები ცოტა ხნით მიდიან,
მათი მშობლები მარტო რჩებიან:
ტელევიზორთან,
ფანჯარასთან,
კომპიუტერთან,
პირსაბანთან,
კართან...
როცა შვილები მიდიან ცოტა ხნით,
დედები კვდებიან... ცოტა ხნით.
ნინო თარხნიშვილი