"საქონელი ძვირდება, კლასში უმეტესობას უმუშევარი მშობლები ჰყავს (ჩემსავით). ვინ რითი ცხოვრობს, ღმერთმა იცის..." ეს დღიური 1990-იან წლებში იწერებოდა. მისი ავტორი ერთი ჩვეულებრივი ქართველი გოგონაა, რომელსაც სწორედ იმ პერიოდში მოუწია გარდატეხის წლებმა. დღიურის წერა 14 წლისამ დაიწყო და 17 წლამდე წერდა. მის თვალწინ განვლო იმ მძიმე წლებმა და ბევრმა ისტორიულმა ქარტეხილმა, რომელიც დღეს ბევრს ახსოვს. ბავშვური გულწრფელობით არის ნაამბობი ეს ყველაფერი, ჩვეულებრივი ოჯახური და მოზარდული ამბები, რომელთაც სულ გასდევს ფონად მიტინგები, უშუქობა, გაჭირვება და ომები, რამაც მაშინდელ ახალგაზრდებსა და ბავშვებს საუკეთესო წლები დაუჩრდილა...
მეხუთე ნაწილი. იხილეთ მეოთხე ნაწილი
25 დეკემბერი, ოთხშაბათი, 1991 წ. ოთხი დღეა თბილისში საშინელება ტრიალებს, ისევ ამოტივტივდნენ ოპოზიციონერები. ზვიადს სულ "პუტჩისტები" და "კრემლის აგენტები" აკერია პირზე.
21-ში მთავრობის სასახლეს იარაღით შეუტიეს. რუსთაველზე ახლაც სროლაა. ტელევიზია გამორთულია, რადიო გათიშულია. დამწვარია I სკოლა, მხატვრის სახლი, სასტუმრო "თბილისი"... უტევენ და უტევენ... მოითხოვენ ზვიადის გადადგომას. ამ სიცივეში და თან ალბათ შიშითაც, ხალხი ვერ მიდის პრეზიდენტის დასაცავად. გზებიც გადაკეტილია. გამსახურდია ბუნკერშია და იქიდან იცავს თავს. მას თითო-ოროლა ერთგული ადამიანიღა შერჩა. ის ნაძირალები კი მაღაზიებს ძარცვავენ, იარაღით დათარეშობენ და რასაც უნდათ, იმას აკეთებენ. ზვიადის მომხრეებს საჭმელი შემოაკლდათ, არც ქვეშაგებები აქვთ, არც იარაღი. თბილისის მისადგომებთან სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოსული მოხალისეები დგანან, მაგრამ ოპოზიციონერები მათ ქალაქში არ უშვებენ.
23-ში ჩვენმა მეზობელმა მარიანამ (რუსი ოფიცრის ცოლმა) დედას უთხრა, რომ 22-ში, როცა მისი ქმარი იყო მორიგე, საბჭოთა ნაწილში (რომელიც თბილისში დგას) მისულა ჩვენი დიდი და გამოჩენილი რეჟისორი და რუსებისთვის დახმარება უთხოვია. საბედნიეროდ, მათ უარი უთქვამთ, თორემ ვინ იცის, რა მოხდებოდა.
მამას იარაღი არ აქვს, თორემ ალბათ იქ იქნებოდა. უიარაღოდ კი რა უნდა გააკეთოს, იმათ თავისთვის არ ჰყოფნით (ისე, შეიძლება მეც ვერ მეპატიებინა, ქართველისთვის რომ ესროლა ტყვია).
ამათ კი, თურმე შევარდნაძის ჩამოყვანა უნდათ და მისი პრეზიდენტად დასმა. ჰგონიათ, იმას თუ დააყენებენ, თავადაც გაიხარებენ და ქვეყანას ხელში ჩაიგდებენ. ეს თუ მართლა მოხდა, აი მაშინ იქნება მაფიის პარპაში.
ისევ არ წყდება ტყვიების ზუზუნი. ოპოზიცია ახლა ოპერის შენობაშია. ოჰ, ნეტა დროზე მორჩეს ეს ყველაფერი!!!
დღეს მამაჩემს და მის მეგობარს მანქანის გაჩერება უნდოდათ თურმე ქუჩაში, სადღაც აგვიანდებოდათ. ერთს გაუვლია, არ გაუჩერებია, მეორეს გაუვლია და არც იმას გაუჩერებია. მამას მეგობარს შეუგინია... მანქანის მძღოლმა უცებ დაამუხრუჭა და ავტომატით ხელში, გადარეული გადმოხტომია. ამათ ფეხებთან ავტომატის ჯერი მიუშვა და მოკვლით ემუქრებოდათ. მამას უთქვამს: - დამშვიდდი, შე კაცო, ქართველები არა ვართ, ასეთი სისულელისთვის ხომ არ მოვკლავთ ერთმანეთსო. ის არ დაშოშმინებულა და ითხოვდა მათ კედელთან მისვლას, რომ მიეცხრილა. მამა მიუახლოვდა თურმე, ავტომატზე ხელი მოკიდა და დასამშვიდებლად კიდევ რაღაც უთხრა. იმას უკან დაუხევია და მანქანა მთელი სისწრაფით გაუქროლებია. ხალხი გაკვირვებული უყურებდა ყოველივე ამას, ესენი რომ ასე გაუნძრევლად შეხვდნენ ამ აგრესიას. ერთ ქალს უთქვამს: - შვილო, ქვები ხართ, თუ რა ხართ, ხომ შეიძლებოდა მოეკალით, რატომ არ გაიქეცითო?
მერე კი დაუყოლებია, თუმცა შეიძლება ასე უფრო მომკვდარიყავითო.
ასეა თბილისში ამბები. ყველას იარაღი უჭირავს. განერვიულებული ხალხი დადის ქუჩებში და სულ უბრალო მიზეზის გამო ერთმანეთს ხოცავენ. ოჯახებშიც საშინელი მდგომარეობაა – ზოგან დედა ზვიადისტია, მამა – ოპოზიციონერი, შვილი უპოზიციო და არის ერთი ამბავი.
8 იანვრამდე ახალი წლის არდადეგები გვაქვს, თუმცა რა ახალი წელი გვექნება. დღეისათვის 51-მდეა გარდაცვლილი და 2000-მდე დაჭრილი. საშინელებაა!
11 იანვარი, შაბათი, 1992 წელი.
ახალი წელი დაგვიდგა. უსიხარულოდ და მოწყენილად.
ოპოზიციამ ზვიადი განდევნა მთავრობის სახლიდან. სომხეთისკენ წავიდა თავისი ამალით. მთავრობაში სიგუა, კიტოვანი, იოსელიანი და სხვანი მოვიდნენ. სამხედრო გადატრიალება მოხდა და ძალა მართავს ქვეყანას.
მე აღარავისი მჯერა, ყველაფერი შავით არის მოსილი და არაფერი მიხარია, არც მე და ალბათ, არავის მთელ ქვეყანაში.
არც ზვიადის მჯერა, ვერ მართა სახელმწიფო, მიუშვა სადავეები, წავიდა ცოლის ჭკუაზე.
პრეზიდენტის წასვლის მერე, ბუნკერში ვითომ საწამებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს, ხალხს აწამებდნენო. რაღაც არა მგონია, რომ მართალი იყოს, ახლა ათას რამეს მოუგონებენ.
ახლა კი ამათ დაიკავეს ქვეყანა და სისულელეებს აკეთებენ. სიგუამ ოსებს კულტურული ავტონომია მიართვა. მალე შევარდნაძის ჩამოყვანას აპირებენ. ზოგი ამბობს, შეიძლება გამსახურდიაც დაბრუნდესო...
11 თებერვალი, სამშაბათი. სკოლაში თითქმის ტყუილა დავდივართ. ამასწინათ მთელი სკოლა გავიფიცეთ 3 დღით, "დროებითი მთავრობის" გადადგომის მოთხოვნით. ახლა კი გაკვეთილებს არავინ სწავლობს, თან სასტიკად ცივა.
ყველაფერი გაძვირდა. პური 40 კაპიკიდან 4 მანეთსა და 20 კაპ. გაძვირდა. ხალხი გაგიჟებულია. ზვიადისტების მიტინგი რამდენჯერმე დაარბიეს. ერთ მიტინგზე, მარჯანიშვილის თეატრთან, 40-მდე კაცი მოკლესო. ამის გამო იყო სწორედ ჩვენი სკოლა გაფიცული. ერთი 12 წლის ბიჭი ჩემს მასწავლებელს ჩააკვდა ხელებში. ჩემს დამრიგებელს კი სახლში შეუცვივდნენ და ჭერი დაუცხრილეს. ყველა გადაირია.
დღეს შრომაში ორიანი მივიღე, თან მეტად უცნაურად. შრომის გაკვეთილი გვქონდა, მაგრამ ტყუილა ვიყავით. მასწავლებელი თავისთვის იყო, რაღაცას კითხულობდა, ბიჭები ცალკე ლაზღანდარობდნენ, გოგოები კი "ამის პატრონმა რა ქნას" ვთამაშობდით. ერთს შეხვდა სკამზე ასვლა და "ყიყლიყოს" დაძახება, არ გაკეთა. მე ვუთხარი, მაშინ რას თამაშობ-მეთქი. იმან კი მითხრა, ვერც შენ გააკეთებო. დავნაძლევდით. დავდექი სკამზე და... "ვიყივლე"! მასწავლებელი, რა თქმა უნდა, გაბრაზდა და ჟურნალში ორიანი ჩამიწერა. ბიჭები გაკვირვებულები მიყურებდნენ. სხვა დროს მეც გამიკვირდებოდა, მაგრამ ახლა ისე ვარ, თავი მაქვს მობეზრებული, თითქოს ყველაფერი ფეხებზე მკიდია, ყველაფერი სულ ერთია, აზრი დაკარგა. ამ ბრაზის და აგრესიის გამოსახატავად, ადამიანი ალბათ სხვადასხვა უკიდურესობაში გადადის. ესაა ფსიქოლოგიური ახსნა ამგვარი რამეებისა. ხა, ხა, ხა! ხო, მართლა, თუ დაადგა საშველი ამ სწავლას და დავამთავრე ნორმალურ ქვეყანაში, ფსიქოლოგიურზე მინდა ჩავაბარო, ძალიან მაინტერესებს. ეს ჯერჯერობით საიდუმლოა.
26 მაისი, სამშაბათი. დღეს 26 მაისია. არანაირი საზეიმო განწყობილება. უბრალოდ, დასვენების დღედაა გამოცხადებული და ჩვენც ვისვენებთ.
26 მაისს ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი ფრაგმენტი დაუკაშვირდა. დღეს ჩემი ყველა მოთხრობა თუ ჩანაწერი (დღიურის გარდა, ცხადია) გავანადგურე. თუმცა არც ვნანობ. ესეც რაღაც პროტესტის გამოხატულება იყო ალბათ, ან ჩემი ნერვიული აფეთქება (მგონი ცოტა ხანში ფსიქიურად ავიშლები).
ისე, სულ ვფიქრობდი, სიკვდილის წინ ანდერძად უნდა დავტოვო, წაუკითხავად დაწვან-მეთქი ჩემი "ნაწარმოებები". დღეს კი უცებ ვიფიქრე, რაღა სხვამ, ბარემ მევე მოვსპობ-მეთქი. სულ არ მინდოდა ვინმეს წაეკითხა და დიდად არც მომწონდა. დღეს დავხიე და ნაგვის ბუნკერში ჩავუძახე.
P.S. დღეს, საღამოს, დედამ შემთხვევით გაიგო ჩემი დღევანდელი საქციელის შესახებ. ძალიან ეწყინა. არ მეგონა, ასეთი რეაქცია თუ ექნებოდა, ლამის ცრემლები მოადგა თვალებზე. თურმე რამდენჯერმე ჩუმად წაუკითხავს და ძალიან მოსწონებია. - არ მეგონა, თუ ასე კარგად წერდი და ასეთი კარგი აზრები გიტრიალებდა თავშიო! მაგრამ ვერ გეუბნებოდი, მინდოდა თვითონ გეჩვენებინაო. მოკლედ, ძალიან ეწყინა.
ახლა დედას ხათრით იძულებული ვარ, ყველაფერი თავიდან დავიწყო, ძალიან კი მეზარება. თუმცა არ გამიჭირდება, თითქმის ყველაფერი მახსოვს.
დედას ისევ აწუხებს ის მუდმივი, ქრონიკული გრიპი. ძალიან გახდა, ღამაით სულ არ სძინავს, ახველებს და კვნესის. დღისითაც მალე იღლება, არ ვიცი, რა ეშველება. ძალიან ვდარდობ...
18 ივლისი, შაბათი. დიდი ხანია, არაფერი დამიწერია. ამ ხნის განმავლობაში გამოცდები ჩავაბარე და ჰუმანიტარულ კლასში ჩავირიცხე, გადავედი X კლასში.
ჩემი მეგობრები სოფლებში ისვენებენ, მე ჯერჯერობით აქ ვარ. მამა დამპირდა, სვანეთში გაგიშვებო. ისე მიხარია! ვეღირსები ჩემს საყვარელ სვანეთში წასვლას. ყოველ ღამე მესიზმრება, ძალიან მენატრება.
ნიკა სოფელშია, უკვე მომენატრა. მაბრაზებს, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს. მამა ბიძაჩემთანაა, ეხმარება, სახლში მე, დედა და გიო ვართ.
დედა ისევ ცუდადაა, თითქოს მკურნალობა დაიწყო, მაგრამ არ მშველისო და მიუშვა. ღამით დგება, რომ ვერ იძინებს, გული უჩქარდება, სუნთქვა უჭირს. ძილის დროს კი სულ ფშვინავს. მეც მთელი ღამე ვფხიზლობ, რაც შემიძლია ვეხმარები. ძალიან ვნერვიულობ... ვიცოდე ერთი, რით კურნავენ ამ ავადმყოფობას. ამბობენ, ქრონიკულია, ალერგიაა და არ რჩებაო. არ ვიცი... გიოც მეცოდება, სათვალეებით დადის (თუმცა უხდება, ძაან საყვარელია), ისევ დაელმებული აქვს თვალები. ვითომ ველოდებით, რომ გაიზრდება, გაუვლისო, ვნახოთ...
11 სექტემბერი, შაბათი, 1992 წ. ეს ზაფხულიც ჩამიშხამდა, თბილისში ჩავრჩი. აფხაზეთშიც ომი დაიწყო, თითქოს სხვა უბედურებები არ გვყოფნიდა, ესეც თავს დაგვატყდა. ბიჭები პანტა-პუნტით იხოცებიან, ვინც ვაჟკაცია იქ მიდის, აქ კი...
დანარჩენები აქ არიან!
მამა სულ თავის ძმასთანა, სახლის აშენებაში ეხმარება.
გუშინ სახლში ერთი ამბავი გვქონდა. დედამ თქვა, კარადაზე მამის დატოვებული ერთი ღერი სიგარეტი იდო და აღარ დევს, გარეთ კიდევ, სადარბაზოში, სიგარეტის ნამწვი გდიაო, თან ეტყობა, რომ ახალბედას მონაწევიაო. მოკლედ, ნიკას აბრალებდა. იმან ატეხა თავის მართლება, შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, მაგრამ დედამ მკაცრად გააფრთხილა და დაარიგა. ასე რომ, ალბათ მიხვდება.
ჩემს მეგობარს ერთი ბიჭი უყვარდა. გუშინ ცოლი მოუყვანია იმ ბიჭს. ძალიან შემეცოდა ანი. დღეს ვამშვიდებდი, ვეფერებოდი. ასე თქვა - არა, არ ვდარდობ. კიდევ კარგი, გავთავისუფლდიო. ქიმიაზე უტირია და მორჩა, მეტი აღარ უნერვიულია.
სწავლა ძალიან რთულად გვაქვს. გვავალებენ და გვავალებენ, არიქა, გაძლიერებული სწავლებააო! ქართულში გარჩევებს გვთხოვენ, კრიტიკებს. საქართველოს ისტორიაში ივანე ჯავახიშვილის ტომებს და ნარკვევებს გვაკითხებენ და ა.შ.
ნიკას სწავლის საქმე ძალიან ცუდად მიდის. დედამ დღიურში ორები და სამები უნახა. არადა, შარშან ორი ოთხი გამოყვა მარტო, დანარჩენი - ხუთები. ამასწინათ მისმა დამრიგებელმა დედა დაიბარა. არ ვიცი, რა ემართება, ეგეც შეიცვალა, უხეში გახდა, თავხედობს, სიტყვას ვერ ეტყვი. მე და გიოს სულ ნერვებს გვიშლის. სულ გარეთ ყოფნა უნდა. ალბათ ასაკის ბრალია, არ ვიცი.
26 ნოემბერი, ხუთშაბათი. გუშინ მოთოვა. საშინელი ქარი ამოვარდა. დღესაც ქარი ქრის. კაცი გარეთ ვერ გავა. დღეს შატალო გავაკეთეთ და სახლებში წავედით. ძალიან მეზარება ასეთ ამინდებში სკოლაში სიარული.
ჩვენი კორპუსიდან რუსი სამხედროები გადადიან და სულ ქართველები გადმოვიდნენ.
გარშემო ისევ ყველას უჭირს. საქონელი ძვირდება, კლასში უმეტესობას უმუშევარი მშობლები ჰყავს (ჩემსავით). ვინ რითი ცხოვრობს, ღმერთმა იცის...
3 იანვარი, კვირა. 1993 წ. რა მალე გადის დრო. ისევ დადგა ახალი წელი, ნეტავ, ეს წელი მაინც იყოს ბედნიერი! გუშინ ბედობა იყო და თუ იცი, ვინ დამესიზმრა?! ჩემი კლასელი ბუზალაძე, ალეკო, არ გაგეცინება?..
ახალი წლის ღამეს ცა განათებული იყო უამრავი ტყვიით, ყუმბარით, შაშხანით. თითქოს ცის დაპყრობა ან მისი გახევა უნდოდათ ამ უმადურ და გაუმაძღარ ადამიანებს. ამ ორომტრიალში სიხარულის ნასახს ვერ აღმოაჩენდი.
მთავრობამ არდადეგები 10 იანვრამდე დაგვინიშნა. ყველაფერს ტყუიან. შემოდგომის არდადეგები არ გვქონდა, მთელ იანვარს დაგასვენებთო და ახლა მარტო ორი კვირით გვასვენებენ...
15 თებერვალი, ორშაბათი. დღეს საშინლად ცივა, მოთოვა. აღარ გადის ეს ზამთარი. დილას სკოლაში მივედით მე და ნანა, საშინელი ქარბუქი იყო. მივედი და კლასში დავიძახე, წავედით, ქალაქის სკოლები დაიხურა, მენინგიტია გავრცელებული და ჩვენ რა გვინდა სკოლაში-მეთქი. დავავლე ჩანთას ხელი და წამოვედი. ვინც წამოვა, წამოვიდეს-მეთქი. ნანა გამომყვა, ნათია, თამრიკო... სხვები დარჩნენ. მივედი სახლში და გავთბი. იმათ წესიერად აღარ ჩატარებიათ გაკვეთილები (როგორც ყოველთვის), ისხდნენ ტყუილად.
წუხელ მამამ და დედამ რაღაცაზე იკამათეს და ახლა გაბუტულები არიან. გიოს მაღალი სიცხე აქვს, მთელი კვირაა საწოლში წევს. დედა კომპრესებს ადებს, ნიკა რაღაც წიგნს კითხულობს დიდი მონდომებით.
გუშინ დაბადების დღე მქონდა, ყოველგვარი ზეიმების გარეშე... 16 წლის გავხდი... თანდათან ვიზრდები...
18 მარტი, ხუთშაბათი. დღეს სასტიკ ხასიათზე ვარ. წეღან ნანასთან ვიყავი და რაღაც წიგნი მომცა, წაიკითხეო. ფუ, რა საზიზღრობა იყო, ვერ აღვწერ. ბინძურად, გახრწნილად იყო აღწერილი ყველაფერი, რაც ქალსა და მამაკაცს შორის ხდება. სათაურიც ბინძური აქვს - "ჭაობი". ყველანაირი შთაბეჭდილებები, წარმოდგენები დამემსხვრა, რა საშინელებაა! ადამიანები ნამდვილი ცხოველები ყოფილან, ან რა საჭირო იყო ამის ასე დაწვრილებით აღწერა?! ასეთ რამეებს უყურებენ ალბათ "პორნოფილმებში", ფუჰ!
გადავწყვიტე, აღარ გავთხოვდე, საერთოდ არ მივეკარო მამაკაცს. ეს რა საზიზღრობა ყოფილა. ნუთუ, ეს არის ყველაფერი?! არც სიყვარული, არც რომანტიკა, სიწმინდე... შოკირებული ვარ!
4 მაისი, სამშაბათი. ჩემს კლასელს მამა მოუკვდა. დღეს დეპეშა გავგზავნეთ, სოფელში ასაფლავებნ. საწყალი, რა ეშველება!
დღეს ჩემი საყვარელი მასწავლებელი, ისტორიკოსი იოსები, მასონებზე გველაპარაკებოდა. გვიხსნიდა. ძალიან ჭკვიანი კაცია და თან ძალიან მომთხოვნი. ლამის გვაზეპირებინებს საქართველოს ისტორიას და სხვა რაღაცებზეც გვესაუბრება, ნამდვილად გვანათლებს. მის გაკვეთილზე იგრძნობ, რომ ქართველი ხარ, იგრძნობ და იამაყებ.
წინა კვირას სკოლაში ჰუმანიტარული დახმარება შევაგროვეთ, სათნოების სახლში, მოხუცებულებთან წასაღებად. ბევრი რაღაც შეგროვდა. მეც წავიღე, რაც შემეძლო. გუშინ "მოამბეში" აღნიშნეს ეს ამბავი და ჩვენი დირექტორიც ალაპარაკეს.
გუშინ ბებოსთან ვიყავი, ძალიან ხალისიანად გამოიყურებოდა, ბევრს ლაპარაკობდა. ჩემი მისვლა ძალიან გაუხარდა. სულ "ჩემი დოდნა" მიძახა და მკოცნა.
სწავლა მელა დაგვიმთავრდება. ნეტა დამამთავრებელ კლასში ვიყო, მომბეზრდა ამდენი სწავლა.
გუშინ მეგობრებთან ერთად პარკში ვსეირნობდი; გვიან ამოვედი, დაღლილი და მალევე დავიძინე.
25-ში ისტორიაში გამოცდა მაქვს და ვმეცადინეობ.
ნიკა სკოლაში არ რჩება, უნდა გამოვიდეს. მათემატიკისა და ქიმიის მსწავლებელი და ჩამბარებელი არა ვარო. არ ვიცი, ბოლოს რას გადაწყვეტს. ისე, ახლა ბევრი გადის სკოლიდან, კოლეჯებში, ტექნიკუმებში აბარებენ.
31 მაისი, ორშაბათი. როგორც იქნა, ჩავათავე გამოცდებიდა გადავედი XI კლასში. საკმაოდ არაობიექტური გამოცდები იყო. იმედგაცრუება, ტირილი. ჩვენს თვალწინ მასწავლებლები და რამდენიმე მშობელი აუტანელ რამეებს სჩადიოდნენ. ზოგს რაღაც მიზეზების გამო ნიშანს უმატებდნენ, ზოგს კი უსინდისოდ აკლებდნენ. სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამოა, რომ უმეტეს მოსწავლეს გული აქვს აყრილი სწავლაზე... თუმცა წუწუნს მოვრჩები, არდადეგები დამეწყო და იმედი მაქვს, წელს მაინც ჩავაღწევ სვანეთში. 3 წელია არ ვყოფილვარ და ვგიჟდები, ისე მენატრება!
18 ივნისი, პარასკევი. სამი დღეა აეროპორტში დავპროწიალობ და ვერ წავედი. ისე დავიქანცე... აეროპორტში ქვეყნის ხალხია. უამრავი გვარდიელი აფხაზეთში მიდის დიდი ენთუზიაზმით და იქ კი, რა ელოდებათ...
აღარ წავალ აეროპორტში. დავიღალე ამდენი ლოდინით. ყველგან არის ფრენა, სვანეთის გარდა, ხან ამინდს იმიზეზებენ, ხან თვითმფრინავის გაუმართაობას...
პური ეს ორი დღეა ძლივს ავიღეთ. უკვე 50 მანეთი ღირს, უფრო სწორად კუპონი, მეტად მოუხმარებელი რამ. პურის გარდა ვერაფერს იყიდი. ახლა 300 კუპონი უნდა გახადონ პური. ხელფასები სულ კუპონებზეა და ხალხი იძულებულია, მერე მანეთებზე გადაახურდავოს. ხელში კი რაღაც კაპიკები რჩებათ. შესახედავადაც ძალიან სასაცილოა ეს კუპონები, "რეტროს" რომ ვთამაშობდით ხოლმე, იქაა ზუსტად ასეთი კუპონები.
ამასწინათ პარკთან წიგნების მაღაზია გატეხეს, უპატრონოდ მიტოვებულ მაღაზიას ხალხი მიესია და ათრიეს და ათრიეს სახლში წიგნებით სავსე ტომრები, განათლებულებმა თუ გაუნათლებლებმა.
ნიკა სკოლიდან გამოვიდა და ალბათ თოიძეში ჩაბარებს. დედა უკვე საბუთებს უგროვებს.
გიო მთელი დღე ეზოშია და ისეა გარუჯული, კაცი ვერ იცნობს.
მე აბსოლუტურად გამოვშტერდი. ძალიან მინდა, რომ ვინმე შემიყვარდეს, მაგრამ ვერ ვნახულობ სიყვარულის ობიექტს. იდეალური, ალბათ არ არსებობს, მაგრამ ისეთი ვერ ვნახე, რომ შემყვარებოდა. კლასში ხომ საერთოდ... კლასელებს სულ არ ვუყურებ "სხვანაირად". ჩემი ტოლები საერთოდ ბავშვები მგონია. ამიტომ, ყოველგვარ ინიციატივას ამ საკითხში, უარყოფითად ვხვდები... ისე, ახლა სკოლა რამ გამახსენა, ძლივს გავთავისუფლდი მისგან, არა, სექტემბრამდე სკოლას თავიდან ამოვიგდებ...
ამ წუთებში ლექსი დავწერე, ჩემს "მწარე ხვედრზე", მგონი ცოტა ბანალური და უაზრო გამოვიდა. შეიძლება როდისმე წაგაკითხო.
სხვა არაფერია ახალი ამ უაზრო ყოფიერებაში, ნახვამდის...
16 ივლისი, პარასკევი. თუ იცი გუშინ სად ვიყავი? - ოპერის თეატრში. პირველად ვიყავი. სულ მინდოდა, მაგრამ ამ არეულობის დროს, აბა, როგორ წავიდოდი. მანამდე კი, სვანეთიდან სულ ზაფხულში ჩამოვდიოდით თბილისში და ყოველთვის დახურული გვხვდებოდა სეზონი. ახლა კი ავიხდინე ოცნება. საბალეტო სპექტაკლს დავესწარი (რაც ძალიან მიყვარს, ბავშვობაში, ხომ ბალერინობაზე ვოცნებობდი...). ლატვიიდან იყო ჩამოსული საბალეტო დასი. ავტეხე ჩემი მგეობრები და წავიყვანე, გზაში დიდ ემოციებსა და განცდებში ვიყავი.
...რომ მივედით, ჯერ სალაროს და შემდეგ ლოჟის პოვნა ძალიან გაგვიჭირდა. ბევრი ცნობილი ადამიანი ვნახეთ. დარბაზი სავსე იყო. სპექტაკლი დანიშნულ დროს დაიწყო - "შეჰრეზადა" - აღმოსავლურ მოტივებზე. საოცრად თვალისმომჭრელად იყო გაფორმებული - ლამაზი დეკორაციები, ულამაზესი კოსტიუმები. მუსიკაც საკმაოდ კარგად ჟღერდა და მართლა მშვენივრად ცეკვავდნენ.
ბალეტი, ხომ გითხარი, ისედაც მიყვარს, მაგრამ ასე ახლოს პირველად ვნახე. გასაოცარი შთაბედჭილება მოახდინა. სულ ჩავიძირე, თითქოს ღრუბლებში ვიყავი. აღარც გვერდზე მსხდომი მეგობრები მახსოვდა, აღარც ჩემი თავი... მთლიანად ვიყავი ჩაფლული წარმოდგენაში. ენით აუწერელი განცდა. ასე მემართება დრამატულ თეატრშიც, მით უმეტეს, თუ კარგი სპექტაკლია. საერთოდ, უსაზღვროდ მიყვარს თეატრი, სცენა.
8 სთ-ზე გამოვედით ოპერის შენობიდან. გზაში ერთმანეთს ვუზიარებდით შთაბეჭდილებებს. ძალიან ნასიამოვნები მოვედი სახლში და ბედნიერმა დავიძინე.
25 აგვისტო, ოთხშაბათი. დიდი ხანია არ მიწერია. სულ აქეთ-იქით დავდიოდი, სოფელ-სოფელ.
მალე სწავლა იწყება და სულაც არ მიხარია. არც განწყობა მაქვს სასკოლე, არც საშუალება. ყველაფერი საყიდელია, ფული კი არ არის. დედამ ზამთრისთვის ვერაფერი გააკეთა. ჩვენი ფული სულ პურზე მიდის. ირგვლივ ყველას უჭირს.
1-დან საბარათო სისტემა შემოდის, იქნებ გვეშველოს. არადა, საშინელი რიგებია. წინა დღეს ვიღაც ქალი გაუჭყლეტიათ პურის რიგში, მომკვდარა.
დედა ღამის ოთხ საათზე გვაყენებს და ნახევრად მძინარეები მივდივართ, რომ რიგი დავიკავოთ, ძაღლების გვეშინია და ჯოხებით დავდივართ. პურის რიგში გვათენდება. მოსვენება აღარ მაქვს. ორ ცალზე მეტს არ აძლევენ და ხალხი ოჯახებით დადის, რომ ცოტა მეტი პური შეხვდეთ. თუმცა თუ დროზე არ დადექი რიგში, ისიც არ შეგვხვდება. არის ერთი წიოკობა, გინება, ლანძღვა, მუჯლუგუნები. ზოგი ურიგოდ ცდილობს, ზოგი სხვას უკავებს რიგს და ა.შ. საზიზღრობაა აბა, რა, დილაუთენია რომ ბნედას დაგცემენ და ცხვარივით წინ გაგიგდებენ...
ამ გაჭირვებამ ცოტ-ცოტა რაღაცებიც მასწავლა. ჩემოდებიდან ვითომ მოდიდან გამოსული ტანსაცმელი ამოვყარე და სულ გადავაკეთე, რაღაცები შევიკერე. ზოგი ძალიან კარგად გამომივიდა.
ხო, ნიკამ თოიძეში ჩაბარა, ორი გამოცდა ჰქონდა და ჩაირიცხა.
ახლა უნდა წავიდე. კარაქია საყიდელი. აბა, კარგად!
28 აგვისტო, შაბათი. დღეს მარიამობაა!
გუშინ თბილისი-წნორის მატარებელი ხევში გადავარდა. მსხვერპლი დიდია, ახლა მაშველთა რაზმები მუშაობენ.
დღეს ნიკამ და დედამ პური ვერ იშოვეს, არადა, ღამის 4-ის ნახევარზე წავიდნენ. ეტყობა ხალხი იმარაგებს, საბარათო სისტემის ეშინიათ, თურმე 400 გრ. იქნება სულზე და ალბათ, არავის ეყოფა.
ახლახან დედა, ნიკა და გიო ბებოსთან წავიდნენ, იქიდან კი პაპას საფლავზე გავლენ.
პირველიდან ყველაფერი ძვირდებაო, ამბობენ, არ ვიცი, ამ ხალხს რას უშვრებიან, მინიმალური ხელფასი 40 000 კუპონია და ამ ფასად 2 ცალ სარეცხის საპონს თუ იყიდი. სულ დააბეჩავეს და დაიმონეს ხალხი. ხმის ამომღები არავინაა, არც უკეთესობის იმედია.