როგორ იღებავდნენ ხევსური ქალები თმას ყვითლად და მართლა იბანდნენ თუ არა საქონლის შარდით ვაგრძელებთ საუბარს ქართველი ქალების უწინდელ იდეალებსა და ცხოვრების წესზე, მათ ჩაცმულობასა და ასევე იმაზე, თუ როგორი ქალები მოსწონდათ ადრე სხვადასხვა კუთხეში. ამჯერად თუშეთსა და ხევსურეთს გადავავლოთ თვალი:
თუშეთში თურმე "მაინცდამაინც არავინ კითხულობდა ქალის გარეგნობას, მის გარეგნულ ნაკლსა თუ ღირსებას; პირველად იმას იკითხავდნენ, "როგორი საქმის ქალიაო, როგორი ხელისა, როგორი მეოჯახე, "გულ-ენადატეული" თუა, ხათრი და რიდი თუ აქვს უფროსებისაო. არ მოსწონდათ "ხეტოლა" - უსაქმური, "შედო", "შამშალი" - ანუ სახლში უსუფთაო, უწესრიგო, ასევე მატრაკვეცა, ზედმეტად თამამი ქალები. როგორც მწერალი და ეთნოგრაფი გ. ცოცანიძე აღნიშნავს, სიკოჭლითაც კი ქალის დაწუნება ერთგვარ საძრახის ამბად ითვლებოდა თუშეთში. თუმც თავის მორთვა არც თუში ქალებისთვის იყო უცხო. თინათინ ოჩიაური წიგნში, "სტუმრად თუშეთში", ასე აღწერს მათ გარეგნობას: "აჟრიალებენ მოქარგულ და შიბებასხმულ გულისპირებს შავ მანდილებით თავდაბურული მანდილოსნებიო"... მკვლევარი იმასაც აღნიშნავს, რომ "ჩითით ნაქსოვი ფეხსაცმელი, მოწონებით სარგებლობს მთაში. ქალი თუ კაცი, დიდი და პატარა ყველა ატარებს ლამაზად ნაქსოვ მსუბუქ ჩითებს. მამაკაცისა უფრო დარბაისლურია, შავ-თეთრით ჭრელი, ქალისას კი ნაირფერებით ალამაზებენ".
ხევსურულ ტანისამოსს "ტალავარი" ეწოდება. ის შინ მოქსოვილი ტოლისაგან (შალი) იკერებოდა, რომელსაც ხევსური ქალები ამზადებდნენ. ტალავრის კერვა თითქმის ყველამ იცოდა, ამაში ქალებს პატარაობიდანვე ავარჯიშებდნენ. ქალის ტალავარში მთავარი "სადიაცო" კაბა იყო, რომელსაც ქალები პირდაპირ შიშველ ტანზე იცვამდნენ, ის შავი ან ლურჯი ტოლისაგან იკერებოდა, მთლიანი იყო და მოკლე. სადიაცოს საყელო წინ ამოღებული ჰქონდა, გულისპირი, "ფარაგა" კი, ფერადი ძაფით იქარგებოდა და მძივ-ღილებით იმკობოდა. მას ზედ ეკერა შალის ზიკებითა და ჭრელანა ზოლებით მოქარგული "სამწყვეტლო". სადიაცოს ფარაგა გასათხოვარ ქალს მაგრად ჰქონდა შეკრული, მისი გახსნა სირცხვილი იყო, უნამუსობაში ჩამოერთმეოდა. გათხოვებისა და შვილოსნობის შემდეგ კი უკვე შეეძლო გახსნილი ფარაგით სიარული. სადიაცოს ქვემოთ შემოკერებული ჰქონდა ფერადზოლიანი "ქოქომი", რომელიც უკან ლამაზად იყო ასხმულ-აკეცილი და ეწოდებოდა "ნაჩაფი". ეს "ნაჩაფი" მოძრაობის დროს იშლებოდა. სადიაცოს წელზე ქალები შალის სარტყელს შემოიკრავდნენ, ფარაგის უბეს გადმოსწევდნენ და ისე ატარებდნენ.
სადიაცოზე ქალებს ეცვათ "ქოქლო", რომელიც გამოჭრილობით ქათიბს წააგავს, ის წელიანი იყო და მოკლე. ქოქლო შავი ტოლისაგან იკერებოდა, სახელო გაჭრილი ჰქონდა, საგულე და კალთისპირი კი ფერადი შალის კუწუბებით თუ ნაქარგებით შემკული. ზურგი და ბეჭები "ხატებით" (ჯვრებით) დაჭრელებული. წელზე ქოქლოს "აზღოტი" ჰქონდა ასხმული, რომელიც მოძრაობის დროს ლამაზად იშლებოდა. ზამთარში სადიაცოზე ქალები ტყავს იცვამდნენ. ასეთი ქურქი ცხვრის ბეწვჩაბრუნებული ტყავისაგან იკერებოდა.
ხევსურ ქალებს წინათ "ნაჭაპნი" ჰქონდათ, მას წვრილად იწნავდნენ და შუბლზე იხვევდნენ. ზოგი რამდენიმე წვრილი ნაწნავისაგან შემდგარ "სათმეს" (დალალს) იკეთებდა, რომელსაც სალტა ჰქონდა მოკერებული. ამ სალტიან ნაჭაპნს შუბლზე შემოიკრავდნენ, ნაჭაპნებს ყურზე შემოიხვევდნენ და ზედ მანდილს იხურავდნენ.
ეთნოგრაფ სერგი მაკალათიას მონაცემით, 1935 წლისათვის ნაჭაპნიანი ქალი უკვე იშვიათობაა ხევსურეთში, ამ დროიდან შეკრეჭილი თმა და თმის გაყვითლება შემოვიდა მოდაში და ხევსურ ქალებს ნაჭაპნ-ნაწნავების მოკვეცა დაუწყიათ, რადგან გრძელი თმის გაყვითლება, ბუნებრივია, ძნელი იქნებოდა.
ხევსურებს მოსწონდათ და ლამაზად თვლიდნენ თეთრკანიან და ყვითელთმიან ქალს. ამიტომ გაუთხოვარი ქალები თმას ხელოვნურად იყვითლებდნენ. ამ მიზნით ნაცარს ადუღებდნენ, შემდეგ მას გაწურავდნენ და ამ "ნ ა ც ა რ თ ვ ა ლ ა თ ი" კვირაში ორჯერ მაინც იბანდნენ თავს, თმა რომ გაყვითლებოდათ. ვისაც თმა ძნელად უყვითლდებოდა, ის ნაცართვალათი ყოველდღე იბანდა და თმას ისე იხუნებდა. გათხოვების შემდეგ თმის გაყვითლება სირცხვილი იყო და ხევსურის პატარძალს თმა ისევ უშავდებოდა.
ყველაზე ცნობილი და თითქმის საარაკოა ის ამბავი, რომ წინათ ხევსური ქალები თმას საქონლის შარდით იბანდნენ. საქართველოს ამ ულამაზესი კუთხის გეოგრაფიული მდებარეობა და მისი ადათ-წესები რომ არავინ იცოდეს, ამ ფაქტს ყველა დაუფიქრებლად შემოგაგებებს. დიახ, ასეც იყო, სილამაზისთვის ხევსური ქალები ასეთ "მსხვერპლზეც" მიდიოდნენ და თმას ე. წ. "მწურეთი" იბანდნენ, მაგრამ, თურმე, მწურე თმას ისე მალე და კარგად ვერ აყვითლებდა, როგორც ნაცართვალა.
ცნობილია ისიც, რომ ხევსურ ქალს სამკაულიც უყვარდა და მას გულ-მკერდი შემკული ჰქონდა ვერცხლის შიბით, რომელზეც ასხმული იყო ფულები და ჯვრები. შიბი ძვირად ფასობდა და მას უფრო შეძლებულები ატარებდნენ.
მაჯაზე ქალები ვერცხლის ზალტეებს (სამაჯურებს) იკეთებდნენ, თითებზე კი - ვერცხლის ბეჭდებს. ყურებზე სამ-სამი ვერცხლის რგოლის საყურე ეკეთათ - რამდენადაც მეტი და დიდი იყო საყურე, მით უფრო მოსწონდათ. წინათ თურმე ვერცხლის დიდი საყურეც უტარებიათ, რომელიც კუშტულებითა და ბიბილოებით იყო შემკული.
ამ თემაზე საუბარს კვლავ განვაგრძობთ...
მოამზადა სოფიო ჯაფარიძემ