დიდი ასოებით ეწერა "ლევან მიყვარხარ", მეორე დილით ახალი წარწერა დაემატა როცა ლევანი ჩამოასვენეს, მეორე დილით მისი სახლის ფანჯრების წინ წარწერა გაჩნდა თეთრი საღებავით, დიდი ასოებით ეწერა "ლევან მიყვარხარ", მეორე დილით ახალი წარწერა დაემატა: "მე უფრო ძაან მიყვარხარ", ყოველ დილით ახალ-ახალი წარწერა ჩნდებოდა "მე ყველაზე ძაან მიყვარხარ", და ბოლო წარწერა იყო: "არავინ არ იცის, მე რა ძალიან მიყვარხარ.. ! "
ლევან აბაშიძე 1963 წლის 22 მაისს დაიბადა, თბილისში, მეცნიერმუშაკთა ოჯახში. ისეთ გარემოში იზრდებოდა, სადაც ზოგად-ადამიანურ კულტურულ ფასეულობებს არასოდეს დაჰკარგვიათ თავიანთი მნიშვნელობა და მათი გულისათვის თავგანწირვაც კი ჩვეულებრივ ზნეობრივ ნორმად ითვლებოდა.
1980 წელს, თბილისის პირველი საშუალო სკოლის დამთავრებისთანათვე, სწავლა განაგრძო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე, გამოჩენილი ქართველი რეჟისორის მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში. ჯერ კიდევ მეორე კურსის სტუდენტი იყო, როდესაც მიანდეს თბილისის კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლებში მონაწილეობა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ლევანის მიერ განსახირებული მთავარი გმირის როლი ტ. უაილდერის პიესაში "ჩვენი პატარა ქალაქი".
კინოდებიუტი შედგა ლ. ღოღობერიძის ფილმში "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", სადაც 14 წლის ლევანმა მთავარი გმირის ვაჟიშვილის როლი ითამაშა. პირველი მთავარი როლი ეკრანზე ჰქონდა 1984 წელს გიორგი შენგელაიას ფილმში ,,ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა", რომელმაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთ-ერთი მთავარი პრიზი ,,ვერცხლის დათვი" დაიმსახურა.
მას შემდეგ ლევან აბაშიძემ ოცამდე კინოფილმში მიიღო მონაწილეობა და არაერთი საინტერესო და შთამბეჭდავი მხატვრული სახე შექმნა, მაგალითად, "ფესვებში" და ბევრ სხვაში.
სიცოცხლის ბოლო დღეებამდე ლევან აბაშიძე უაღრესად ინტენსიური შემოქმედებითი ცხოვრებით ცხოვრობდა. 1992 წლის დამდეგიდან ერთდროულად სამ მხატვრულ ფილმში იღებდნენ მთავარ როლებში. დღითი დღე კიდევ უფრო მეტად იხვეწებოდა მისი ჭეშმარიტი ხელოვნება. უდროოდ შეწყვეტილი კადრები, დაუმთავრებელი კინომასალა ამის ნათელ დადასტურებას წარმოადგენს...
დაუმთავრებელი დარჩა გიო მგელაძის ცნობილი ფილმი "არა, მეგობარო", რომელიც რეჟისორმა მისი გარდაცვალების შემდეგ სუბიექტური კამერის საშუალებით დაამთავრა. ამ ფილმში ლევანს 1993 წელს კიევის საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალზე, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებიათვის პირველი პრემია მიენიჭა, ხოლო ობერ ჰაუზენის საერთაშორისო კინოფესტივალზე მან ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა.
ლევან აბაშიძე თავისი ნიჭით, ტემპერამენტით, სიყვარულის უნარითა და კაცური სინდისით ნათელი ცხოვრების განსახიერებას წარმოადგენდა. როდესაც აფხაზეთის ავბედითი ტრაგედია დატრიალდა, მისთვის დამახასიათებელი დაუოკებლობით მოხალისედ გაიჭრა ბრძოლის ველზე საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლების დასაცავად.
თავის მეგობარ თანამებრძოლებთან ერთად 5 სექტემბერს ღამით აფხაზეთში გაემგზავრა, 6-ში დილით სოხუმში ჩავიდა, ხოლო 7 სექტემბერს ეშერის მისადგომებთან დაიღუპა...
ქართულმა საზოგადოებრიობამ დიდი გულისტკივილით გამოიგლოვა თავისი საყვარელი მსახიობი, რომელსაც ახალგაზრდობის მიუხედავად, უკვე ჰქონდა მოხვეჭილი საყოველთაო პოპულარობა თავისი მაღალი პროფესიონალიზმის, დახვეწილი ოსტატობისა და, ამასთანავე, უაღრესად ვაჟკაცური ბუნებისა და გარეგნობის წყალობით.
ლევან აბაშიძე დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მისი უკანასკნელი სიყვარულის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ სტატია.