ხანდახან ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ერთი შეხედვით ჩანს... მატარებელი სადგურზე იყო გაჩერებული, დაძვრას ველოდით. მაწანწალა შემოვიდა. დალურჯებული ჰქონდა სახე, საშინელი შესახედი იყო...
მიმოიხედა და დაიწყო:
- ბატონებო და ქალბატონებო, სამი დღეა არ მიჭამია. გეფიცებით! მეშინია მოპარვის, იმიტომ, რომ გაქცევის ძალა არ მაქვს. არადა, ძალიან მშია. ვისაც რამდენით შეგიძლიათ, დამეხმარეთ. სახეზე არ შემხედოთ, ვსვამ. და რასაც მომცემთ, იმასაც ალბათ, სასმელში გავუშვებ! - და გაიარა ვაგონში.
ხალხმა მაინც გაიკრა ჯიბეზე ხელი. ცოტა ფული მოაგროვა, ვაგონის ბოლოს გაჩერდა, ხალხისკენ შემობრუნდა და მუხლი მოიდრიკა.
- გმადლობთ, ხალხო. ღმერთმა მეტი მოგცეთ!
და უცებ, ბოლო ფანჯარასთან მჯდარი კაცი წამოიწია და მაწანწალას უყვირა:
- შე ბინძურო, მუქთახორა, რას თხოულობ ფულს? იქნებ მე ოჯახის სარჩენი ფული არ მაქვს. იქნებ, უკვე მესამე დღეა გამაგდეს სამსახურიდან, მაგრამ არ ვთხოულობ არაფერს, როგორც შენ, ნაგავო!
მაწანწალამ უცებ ხელები ჩაიყო ჯიბეებში, მოიქექა და რაც ჰქონდა, ყველაფერი, ქაღალდის ფული თუ ხურდები, იმ კაცს გაუწოდა.
- აი, აიღე. შენ გჭირდება უფრო.
- რა? - წამოჭარხლდა კაცი.
- აიღე, შენ უფრო გჭირდება. მე კიდევ მომცემენ. ხალხი ხომ კეთილია! - ხელში ჩაუდო ფული, შეტრიალდა და ვაგონიდან გავარდა.
- ეი, გაჩერდი! - წამოხტა ეს კაციც და ფულით ხელში გაეკიდა მაწანწალას.
მთელი ვაგონი გაშეშდა და გაირინდა. ხუთი წუთი მაინც ყველა მდუმარედ უსმენდა ბაქანზე მათ საუბარს. კაცი უყვიროდა, რომ ხალხი ნაგავია. მაწანწალა კი არწმუნებდა, რომ ადამიანები კეთილები არიან. კაცი ცდილობდა მისთვის ფულის დაბრუნებას, მაგრამ ის არ ართმევდა. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ კაცი მარტო დარჩა. უკან მობრუნებას არ ჩქარობდა. მატარებელმა რომ დაძვრა დაიწყო, შემოვიდა და ისევ თავის ადგილას დაჯდა. მას აღარავინ აქცევდა ყურადღებას - ვაგონი უკვე ჩვეულ ცხოვრებას აგრძელებდა.
ხუთი გაჩერება გავიარეთ, ალბათ... ხალხი ჩადიოდა და ამოდიოდა... ჩემი სადგურიც გამოაცხადეს. ავდექი და გასასვლელისკენ დავიძარი.
იმ კაცს რომ გავუარე, უცებ გავხედე. კაცი ფანჯრისკენ სახემიბრუნებული იჯდა და ტიროდა...