სურს, სხვა ქალებს მისცეს მაგალითი, ნებისმიერ სიტუაციაში გააჩინონ შვილი, შეიყვარონ, როგორიც არ უნდა იყოს ის ბლოგს პატარა აშერის შესახებ, რომელმაც სულ ერთი საათი იცოცხლა, დედამისი დღემდე არ წყვეტს. დაორსულებიდან რამდენიმე კვირაში, როცა ექიმებმა არც ისე კარგი დიაგნოზი დაუსვეს, მომავალმა დედამ წერა დაიწყო და და არც შეუწყვეტია. ამბობს, რომ სურს, სხვა ქალებს მისცეს მაგალითი, ნებისმიერ სიტუაციაში გააჩინონ შვილი, შეიყვარონ, როგორიც არ უნდა იყოს ის, და ამ სიყვარულით ისინი ღმერთის სიყვარულს შეიცნობენ.
"ეს ბლოგი თებერვალში დავიწყე, როცა ჩემს პაწაწინა აშერს, მუცლად მყოფს, 21 კვირისას, დაუსვეს დიაგნოზი "სიცოცხლესთან შეუთავსებელი". ძალიან გამიჭირდა ამ "განაჩენთან" შეგუება. ბევრი მეუბნებოდა, მათ შორის ექიმებიც, რომ ჯობდა აბორტი გამეკეთებინა, მაგრამ მაშინ ხომ ის არ დაიბადებოდა, ჩემი უსაყვარლესი არსება, რომელმაც სიცოცხლის აზრი მაჩვენა? თუნდაც ერთი საათით, ის მაინც ცოცხლობდა, მე და მამამისმა ის ვნახეთ, შევიყვარეთ, გულში ჩავიკარით. ეს ერთი საათი მთელ ცხოვრებად ღირდა...
იმიტომ ვწერ, რომ მინდა სხვები წავახალისო, ბოლომდე ატარონ მუცლით თავიანთი პატარა, მიუხედავად ცუდი დიაგნოზისა. უბედნიერესი ვარ, რომ ღმერთმა ასე შეცვალა ჩემი გული და სიყვარულით აავსო, ჩემი პატარისადმი, სიცოცხლისადმი, ღმერთისადმი.
ყველას სხვადასხვა გარემოება აქვს, მხოლოდ დედამ და მამამ უნდა გადაწყვიტონ, როგორ მოიქცნენ. ვერც იმათ გავკიცხავ, ვინც წყვეტს ორსულობას ცუდი დიაგნოზის შემდეგ. თუმცა ცოტა ხნის წინ ერთმა დედამ გამომიგზავნა თავისი პატარის ფოტოები – ზუსტად აშერისნაირი იყო, ოღონდ გოგონა, და "უკვე" სამი თვის. დედამ ჩემი ბლოგის წაკითხვის მერე გადაიფიქრა ნაყოფის მოშორება, და გაუჩნდა შვილი, რომელსაც გარკვეული პრობლემები აქვს, მაგრამ ის, თავისი პრობლემებით სწორედ მისი დედიკოსია, დედას ისეთი უყვარს, როგორიც არის, და მასზე უკეთ ვერავინ იზრუნებს ამ პრობლემების გაიოლებაზე".
"ადამიანისთვის დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სასიცოცხლოდ ნებისმიერი დრო გვეცოტავება. თუმცა ღმერთის შესაცნობად სულ მცირე დროც შეიძლება იყოს საკმარისი, ან 90 წელი იცხოვრო, და ვერასოდეს იპოვო იგი. არადა, ჩვენ სიყვარული გარდაცვლილმა ბავშვმა გვასწავლა, მან მიგვიყვანა ღმერთთან. ვისაც დანაკარგის ტკივილი არ განუცდია, მან ეს არ იცის.
ერთი საათიც არ უცოცხლია, მაგრამ გაცილებით მეტი დაგვანახა, ვიდრე აქამდე გვინახავს და გვიგრძნია..."
"დღეს აშერი ერთი თვის გახდებოდა. იმედი მაქვს, ამ დღეს ზეცაში აღნიშნავს. რაზეც არ უნდა ვილაპარაკო და ვიფიქრო, ეს პატარა არსება სულ ჩემთანაა. ვიცი, რომ მას კიდევ ვნახავ, იქ, ცაში. მანაც იცის, რომ კვლავ ჩვენს გულებში ცოცხლობს, რომ ჩვენ გვახსოვს ის..."
"აშერ, ძალიან მიყვარხარ. მადლობა, რომ ასეთი მებრძოლი აღმოჩნდი, მთელი 35 კვირა გაძელი მუცელში. მადლობა ღმერთს, რომ მაჩუქა ის ბედნიერი წუთები, შენ გვერდით, მერე კი ისევ თავისი კალთის ქვეშ მოგაქცია... აშერ, ჩემო პატარა ანგელოზო, მადლობა ამ სიყვარულისთვის".