ეს ამბავი არავის დატოვებს გულგრილს
ეს ამბავი ამერიკაში, მინესოტას შტატში მოხდა. ერთხელ მათემატიკის მასწავლებელმა მოსწავლეებს ასეთი დავალება მისცა: შეედგინათ კლასის სია, მოეფიქრებინათ, რა მოსწონდათ თითოეულ თანაკლასელში და ეს თვისება მისი გვარის გასწვრივ დაეწერათ. გაკვეთილის ბოლოს სიები მოაგროვა. ეს პარასკევს მოხდა. უქმეებზე შედეგები დაამუშავა და ორშაბათს თითოეულ მოსწავლეს გადასცა სია, რომელზეც იყო ჩამოთვლილი ყველაფერი საუკეთესო, რაც თანაკლასელებმა მათში შენიშნეს.
ბავშვები გაოცებულნი კითხულობდნენ, აქა-იქ ჩურჩული ისმოდა: "ნუთუ ეს ყველაფერი ჩემზეა? მე არც კი ვიცოდი, რომ ასე ვუყვარდი ყველას".
კლასში აღარ განუხილიათ ეს ამბავი, მაგრამ მასწავლებელმა იცოდა: მან მიზანს მიაღწია. მოსწავლეებს საკუთარი თავის რწმენა გაუჩნდათ.
რამდენიმე წლის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი ვიეტნამში დაიღუპა. თავის სამშობლოში ჩამოასვენეს. დაკრძალვაზე მისი მეგობრები, ყოფილი თანაკლასელებიც მივიდნენ. მასწავლებლებიც. ბიჭის მამა მათემატიკის მასწავლებელს მიუახლოვდა: "აი, რა მინდა გაჩვენოთ, - საფულიდან ოთხად მოკეცილი, ნაპირებზე გაცვეთილი ქაღალდი ამოიღო. ჩანდა, მას ხშირად კითხულობდნენ, - ეს მის ნივთებში ვიპოვეთ. არ იშორებდა თავიდან. სცნობთ?" ქაღალდი მასწავლებელს გაუწოდა. ეს იყო მისი დადებითი თვისებების სია, რომელიც თანაკლასელებმა აღმოაჩინეს მასში.
- დიდი მადლობა თქვენ, - უთხრა მამამ მასწავლებელს, - ჩემი შვილისთვის ეს ძალიან ძვირფასი იყო.
ამ დროს კიდევ ერთი საოცრება მოხდა: ერთმანეთის მიყოლებით, ყველა თანაკლასელმა ამოიღო ჯიბიდან თუ ჩანთიდან ისეთივე ფურცლები. ყველას თან ჰქონდა, გამუდმებით. ვიღაცას საოჯახო ალბომშიც კი ჰქონდა ჩაკრული... "ჩვენ ყველამ შევინახეთ ეს სია. ნუთუ შეიძლებოდა ამის გადაგდება?"