სპეციალისტის რჩევები ამ და ბავშვის კვებასთან დაკავშირებულ სხვა აქტუალურ საკითხებზე დღევანდელ ეკოლოგიურ პირობებში, როდესაც ჰაერი, მიწა, წყალი და ზოგადად გარემო დაბინძურებულია, სასიცოცხლოდ მნიშვენლოვანი ხდება ჩვენს ყოველდღიურ საკვებ მენიუზე ზრუნვა. კვების სწორი რეჟიმით ჩვენც და ჩვენი პატარებიც ბევრ დაავადებას ავიცილებთ თავიდან. კვებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ნუტრიციოლოგს, პედიატრს მაია სურვილაძეს ვესაუბრეთ.
- დავიწყოთ სულ პატარა ასაკის ბავშვებიდან. თუ დედას რძე არ აქვს, რა კრიტერიუმებით უნდა შევურჩიოთ ბავშვს რძის ადაპტირებული ნარევი?
- თუ დედას რაიმე მიზეზით რძე არა აქვს და საჭიროა ფორმულის მიცემა, აუცილებელია კარგად შეგროვდეს ანამნეზი, გაირკვეს, რომელიმე მშობელი ან უფროსი და-ძმა ხომ არ არის ალერგიული და თუ ანამნეზში ალერგიაა, პატარას მიეცეს ჰიპოალერგიული ფორმულა, რათა მოხდეს ალერგიული დაავადებების პრევენცია. თუ ანამნეზში არ არის ალერგია, მაშინ რეკომენდირებულია ფორმულა №1, მაგრამ ყველა შემთხვევაში პირველი კვება უნდა მიეცეს მცირე მოცულობით, მაქსიმუმ 10 მლ. თუ არ გამოვლინდა გვერდითი მოვლენები: გამონაყარი, დიარეა, აირების დაგროვება, თანდათან გაიზარდოს მოცულობა. არსებობს სხვადასხვა მდგომარეობა ამოქაფება, ღებინება, კოლიკა, დიარეა, ყაბზობა, დღენაკლულობა, სხვადასხვა დეფიციტური მდგომარეობები, როცა საჭიროა სპეციალური ფორმულების მიცემა, ეს უკვე პედიატრის გადასაწყვეტია.
- კვებებს შორის რამდენსაათიანი შუალედი უნდა იყოს?
- თუ ბავშვი ბუნებრივ (ძუძუთი) კვებაზეა შუალედის დაცვა არ არის საჭირო. ბავშვი თავად, დაახლოებით 2-საათიან შუალედს გააკეთებს, ხოლო დროთა განმავლობაში ეს შუალედი გაიზრდება. პირველი თვის განმავლობაში კვებებს შორის შუალედი დაახლოებით 3-3,5სთია, მაგრამ ზუსტად გაწერილი კანონი არ არსებობს ეს დამოკიდებულია კონკრეტულ ბავშვზე. ხელოვნური კვების დროს კი დამოკიდებულია, რომელ ფორმულაზეა ბავშვი. 5 თვიდან კვებათა შორის შუალედი, როგორც წესი, 4 საათია.
- როდიდან შეიძლება, რომ პატარას წყალი დავალევინოთ?
პირველი 6 თვის განმავლობაში წყლის მიცემა არ არის აუცილებელი, რადგან დედის რძე დაახლოებით 80-90% წყალს შეიცავს, ხოლო როცა ფორმულა მზადდება, მასაც დაახლოებით ამ რაოდენობის წყალი ემატება. დამატებითი კვების დაწყებიდან უკვე დგება წყლის მიცემის საჭიროება, ასევე საჭიროა წყლის მიცემა, თუ ატმოსფერული ტემპერატურა მაღალია.
- როგორი წყალი უნდა დალიოს ბავშვმა? მაღაზიაში ნაყიდი, გადადუღებული თუ ონკანის?
- არსებობს სპეციალური საბავშვო წყლები, რომლებიც გარდა იმისა, რომ სტერილურია, ნაკლები რაოდენობით მინერალებს შეიცავს. თუ საკვების მოსამზადებლად იყენებთ საბავშვო წყალს, ორი დღე შეიძლება იხმაროთ გადაუდუღებული და მხოლოდ შეათბოთ საჭირო ტემპერატურამდე, ხოლო ორი დღის შემდეგ საჭიროა გადადუღება. ონკანის წყალი აუცილებლად უნდა გადადუღდეს.
- რომელი ასაკიდან უნდა მიიღოს ბავშვმა დამატებითი საკვები?
- დამატებითი კვების მიცემა დამოკიდებულია ბავშვის მდგომარეობაზე, ეს პედიატრის გადასაწყვეტია. იდეალურია ექსლუზიური ძუძუთი კვება. დამატებითი კვება უნდა დაიწყოს 6 თვის ასაკიდან. მაგრამ არ შეიძლება არანაირი დამატებითი კვების მიცემა, არც ხილის წვენის, 17 კვირის ასაკამდე.
- რომელია უკეთესი - აფთიაქში ნაყიდი ფაფა თუ სახლში მომზადებული?
- ჩემი აზით, დღევანდელ ეკოლოგიურ პირობებში, როცა არ არის გარანტია, რა ხარისხის ნედლეულს ყიდულობს დედა, უმჯობესია ქარხნული წარმოების ფაფები, რადგან ის ასაკის შესაბამისი სტანდარტებით არის წარმოებული და შემოწმებული.
- როგორი ჭურჭელია საჭმლის მოსამზადებლად უვნებელი?
- მომინანქრებული, მაგრამ ამოტეხილი არ უნდა იყოს - დაზიანებული ჭურჭელი შეიძლება გახდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანების მიზეზი. თუ ფაიფურის ჭურჭელს ხმარობთ, ყველაზე საშიში ფერებია ყვითელი და წითელი.
- როგორ უნდა გავწმინდოთ საკვები პროდუქტები ნიტრატებისგან?
- ყველაზე დიდი რაოდენობით ნიტრატები და მსგავსი ტოქსინები გროვდება ძირხვენებში. ამიტომაც საჭიროა მათი შესაბამისი დამუშავება. აუცილებლად კარგად გარეცხვა, შემდეგ სქლად გათლა, გულის ამოცლა და მოხარშვა, სასურველია ორთქლზე.
- რომელია უკეთესი პატარისთვის - სოფლის რძის პროდუქტები თუ ქარხნული წესით დამზადებული?
- თუ სოფლის რძის პროდუქტი ვეტერინარულად შემოწმებული საქონლისაა, ძროხას არ აქვს მიღებული ანტიბიოტიკები, ხარისხიანი საკვბით იკვებება და ა.შ., ასევე თუ რძე შესაბამის ჭურჭლში გროვდება (არა პლასტმასში და არა ისეთ ჭურჭელში, რომელიც შეიცავს ბისფენოლ A-ს) და ტრანსპორტირდება, მაშინ სოფლის რძის პროდუქტებიც ისეთივე წარმატებით შეიძლება იყოს გამოყენებული, როგორც ქარხნული წარმოების
- მოგეხსენებათ, რომ ბავშვებს ძალიან უყვართ პური. დღეში რა რაოდენობის პურის მიღებაა რეკომენდირებული?
- ასაკის მიხედვით პურის ნორმები განსხვავებულია: 1-3 წლის ბავშვებისათვის - 80 გ, 4-6 წლის - 150 გ, 7-11 წლის - 200 გ.
- როდის არ შეიძლება ბავშვისთვის თაფლის ჭამა?
- 1 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის თაფლის მიცემა კატეგორიულად აკრძალულია, ხოლო შემდეგ - ალერგიულობის გათვალისწინებით.
- შემწვარ კერძებზე რას იტყვით?
- შემწვარი არ არის რეკომენდირებული. სასურველია მოხარშული ან მოთუშული, ასაკის და მდგომარეობის მიხედვით.
- რომელი თევზის მიღება არის პატარა ასაკის ბავშვისთვის მიზანშეწონილი?
თევზი საკმაოდ ალერგიული, მაგრამ ამავე დროს სასარგებლო პროდუქტია. მისი რაციონში დამატება10 თვის ასაკისთვის არის რეკომენდირებული, მაგრამ დიდი სიფრთხილით, ძალზე მცირე რაოდენობით უნდა დავიწყოთ და თანდათან გავზარდოთ ულუფები. ბავშვისთის უმჯობესია ნაკლებცხიმიანი მდინარის თევზი.
- ჯერ ხილი და შემდეგ სადილი თუ პირიქით?
- ბოსტნეულთან ერთად ხილის მიღება არ არის რეკომენდირებული.
ესაუბრა სალომე გორგოშიძე