რამდენი კვერცხი ან პასკა უნდა მიირთვას პატარამ ამა თუ იმ ასაკში - პედიატრის რჩევები აღდგომა ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის ოჯახში დიდი დღესასწაულია. ამ დღეს განსაკუთრებულად ლამაზია სადღესასწაულო სუფრა, რომელსაც წითლად შეღებილი კვერცხები, პასკა და ჯეჯილი ამშვენებს. ძნელია, პატარებს უარი უთხრა და მოარიდო სააღდგომო სუფრას. ბევრი მშობელი ნერვიულობს და ვერ გადაუწყვეტია, შეიძლება თუ არა, პატარა ბავშვმა დააგემოვნოს კერძები სააღდგომო სუფრიდან ან რამდენი? რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ პედიატრ გიორგი ჩახუნაშვილს, რომელმაც დაგვამშვიდა და გვითხრა, რომ პატარებს 6 თვიდან შეგვიძლია მივცეთ საკვები სადღესასწაულო სუფრიდან. ოღონდ, ცხადია, შეზღუდული რაოდენობით. 5 წელზე მეტი ასაკის ბავშვებმა, რომლებსაც არ აქვთ მკვეთრად გამოხატული ალერგიული რეაქცია, შეუძლიათ მიიღონ დღეში 2-3 კვერცხი. 2 წლის ბავშვს შეგვიძლია მივცთ დღეში 100-200 გრამი პასკა. ბავშვებს შეუძლიათ ჩაქაფულიც დააგემოვნონ. მთავარია, მშობლებმა აკონტროლონ, რომ პატარებმა არ მიიღონ საკვები გადამატებული რაოდენობით.
ალერგიული რეაქციის გამოვლინების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. მთავარია, დაიცვათ ზომიერება.
სააღდგომო კვერცხს უკუჩვენება არ აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი შეუზღუდავი რაოდენობით ჭამა დასაშვებია. ერთად მოემზადეთ დღესასწაულისთვის, სუფრა შეგიძლიათ ბავშვს გააფორმებინოთ. დაიხმარეთ იგი სადილის მომზადებაში.
შეგიძლიათ, ერთად მოამზადოთ პასკა, მით უმეტეს, რომ ბავშვისთვის ჯობია, პასკაც შინ იყოს გამომცხვარი და კვერცხიც შინაური იყოს. პასკის საუკეთესო რეცეპტი შეგიძლიათ იხილოთ.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ