რამდენად საჭიროა მანდარინთან სიფრთხილე და რამდენად სასარგებლოა მანდარინი ბავშვისთვის ციტრუსი ზამთრის სეზონზე ბავშვებისთვის ვიტამინების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ციტრუსები სხვა სეზონურ ხილთან შედარებით, უფრო დიდხანს, გაზაფხულამდე ინარჩუნებენ სასარგებლო თვისებებს. მანდარინი კი გამორჩეულად უყვართ ბავშვებს. ბევრი მშობელი მასთან სიფრთხილეს იჩენს და არ უნდა, რომ ბავშვმა ბევრი მიირთვას. პატარებს კი მისი ჭამა არ ბეზრდებათ. რამდენად საჭიროა მანდარინთან სიფრთხილე და საერთოდ, რამდენად სასარგებლოა მანდარინი ბავშვისთვის?
როდის გავასინჯოთ ბავშვს?
7-8 თვემდე პედიატრები თავის შეკავებას გირჩევენ. ამის შემდეგ კი შეგიძლიათ ერთი ლებანი გაასინჯოთ. შემდეგ 1-2 დღის განმავლობაში დაკვირდით რეაქციას - თუ სადმე სიწითლე ან გამონაყარი შენიშნეთ, მისი მიცემა რამდენიმე თვით გადადეთ. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ლებნების რაოდენობა თანდათან გაზარდეთ... თუმცა დღეში ერთ მანდარინზე მეტი წლამდე ბავშვისთვის სასურველი არ არის.
ერთი წლიდან უფრო თამამად შეგიძლიათ აჭამოთ, თუმცა ყოველდე სასურველი ნამდვილად არ არის.
გადაჭარბება, ანუ 3-4 ცალზე მეტი დღეში, სასურველი არც მოზრდილი ბავშვებისთვის არ არის. დიდმა რაოდენობამ შეიძლება კანის სიყვითლე გამოიწვიოს.
როდის წამლავს მანდარინი ბავშვს?
ალბათ ხშირად გაგიგონიათ, რომ მანდარინმა ბავშვი მოწამლა. საქმე ისაა, რომ მანდარინს ბავშვები როგორც წესი, არ რეცხავენ - მხოლოდ ფცქვნიან. დაბინძურებულ კანზე მოხვედრილი ხელი რბილობსაც ეხება. ამით ბავშვის ორგანიზმში მიკრობები იჭრება და სხვადასხვა სახის გართულებას იწვევს. ამიტომ გაფცქვნამდე მანდარინი კარგად უნდა გაირეცხოს.
ამდენი გამაფრთხილებელი მოწოდების მიუხედავად, მანდარინი მაინც ძალიან სასურველ და სასარგებლო ხილთა შორის მოიაზრება.
მიიჩნევა, რომ მანდარინი ხალისისა და დადებითი ემოციების მომგვრელი ხილია. ალბათ, ამიტომაც არის, რომ სადღესასწაულო სუფრა მანდარინის გარეშე წარმოუდგენელია. მანდარინის რბილობი და წვენი მდიდარია ვიტამინებით, მატებს მადას და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას. გარდა ამისა, ფიტონციდების შემცველობის წყალობით ანტიმიკრობული თვისებებიც აქვს. მანდარინის წვენის გარეგანი გამოყენება კარგია რძიანასა და სოკოვანი ინფექციების დროს. ასევე ცნობილია მისი შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება. იგი შესანიშნავად წმენდს ორგანიზმს ლორწოსგან, ამიტომ თუ ბავშვს ხველა აწუხებს, რეკომენდებულია, დილით დალიოს ერთი ჭიქა მანდარინის წვენი, ხოლო ბრონქიტისა და ტრაქეიტის დროს მანდარინის ქერქის ნახარში სვას. მანდარინი კუჭ-ნაწლავსაც უხდება, განსაკუთრებით - მადის დაქვეითებით მიმდინარე დაავადებების დროს. გარდა ამისა, მიიჩნევა, რომ მანდარინის წვენი ორგანიზმიდან ჰელმინთების (ჭიების) გამოძევებასაც უწყობს ხელს. დასასრულ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: ციტრუსების უნიკალური თვისებები მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგიტანთ სიკეთეს, თუ ბავშვს მათზე ალერგია არ აქვს. დისბაქტერიოზის დროს კარგი იქნება, მოუმზადოთ ბავშვს გემრიელი კერძი - მოხარშული ბრინჯი ფორთოხლის ქერქით. გრძელი ბრინჯი მოხარშეთ; ცალკე გაამზადეთ კარგად გარეცხილი და წვრილად დაჭრილი ფორთოხლის ქერქი და ბრინჯის მოხარშვამდე 10-15 წუთით ადრე ჩაუშვით ქვაბში. დაახურეთ თავზე. დაატკბეთ გემოვნებით. აჭამეთ პატარას თბილ-თბილი.