ჯერ შეამოწმეთ, როგორი ნიგოზია ნიგვზისთვის ზეთის გამოხდა ბევრი დიასახლისისთვის ჩვეული რიტუალია. ამის გარეშე ბაჟესა და საცივს არ აკეთებენ. ზოგიერთს კი ჯერაც არ უცდია, ძალიან შრომატევადი ჰგონია და თავს არიდებს. არადა ზემოდან მოსხმული ოქროსფერი სითხე ძალიან უხდება საცივსაც და ბაჟესაც.
ზეთის გამოხდა სავალდებულო არ არის, მხოლოდ ესთეტიკის საკითხია. მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტთ, რომ მოსინჯოთ, ჩვენი რჩევები გაითვალისწინეთ.
1. ყველა სახის ნოგოზი ზეთს არ უშვებს, ან იმდენად ცოტა გამოუვა, რომ წვალებად არ ღირს. ამიტომ ჯერ შეამოწმეთ როგორი ნიგოზია. გატარებული ნიგოზი თითებით გასრისეთ, თუ სისველე დაგიტოვათ, ღირს გამოხდა.
2. გატარებული ნიგოზი აუცილებლად ემალის თასში მოათავსეთ. პლასტმასის თასში უფრო დიდხანს დაგჭირდებათ სრესა და შეიძლება იმდენი ზეთი არც გამოვიდეს, როგორც ემალის (მომინანქრებულ) თასში.
3. სანამ სრესას დაიწყებთ, ერთი სუფრის კოვზი ცივი წყალი შეაზილეთ.
4. ზეთის გამოხდის წესი ასეთია: გატარებულ ნიგოზს ამატებთ ყველა სანელებელს, რაც ამ კერძისთვის გაქვთ გათვალისწინებული, მათ შორის ნიორსაც. იწყებთ მასის ღონივრად ზელვას. თასის ფსკერზე ხელისგულით უნდა სრისოთ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.
5. თანდათან მასა კონსისტენციას შეიცვლის, თითქოს აიჭრაო. ამ დროს უკვე მუჭში უნდა მოწუროთ და ზეთიც დაიწყებს გამოსვლას. პატარ-პატარა გუნდები წურეთ და სითხე ცალკე ჭურჭელში მოაგროვეთ.
"ჩემი მეთოდი ყველაზე მარტივია. ნიგოზს სუნელებთან ერთად (ხმელ ქინძს ზეთის გამოწურვის მერე ვამატებ) დიდხანს ვაბლენდერებ და 3-4 სუფრის კოვზს ვდებ ორმაგ ან სამმაგ კოლგოტში, ვიკეთებ ხელთათმანს. მოვუჭერ გუნდას ხელს და როგორც ნაცარქექიამ ადინა "ქვას" წყალი, ისე წურწურით მოდის ზეთი ყოველგვარი ძალისა და ზელვის გარეშე" - გვწერს ქალბატონი. "მარილი გახსენით ცივ წყალში დაუმატეთ ნიგოზს 2-3 სუფრის კოვზი და ზეთი მაშინვე გამოვა" გამოხდისას მუჭს თასში ჩასხმულ წყალში ვისველებ ხოლმე.(ზელის დროსაც და გამოწურვის დროსაც). ისე კი, იყიდება მზა "ნიგვზის ზეთი." თუ ამ ზეთს ერთი ღამით ყვითელ სუნელებზე დავაყენებთ, დილით მას ექნება მშვენიერი ფერი"
გამოხდილი ოქროსფერი ზეთი გამზადებულ საცივსა და ბაჟეს ზემოდან მოასხით. უფრო მარტივი და ეფექტური ხერხები შეგიძლიათ კომენტარებში შემოგვთავაზოთ.