ბავშვის კი არა, ბევრ ოჯახს ჩვეულებრივი საძინებელიც კი არ აქვს გარკვეული ასაკიდან აუცილებელია, რომ ბავშვს თავისი ოთახი, თავისი სამყარო ჰქონდეს. ეს უნდა იყოს მისი პირადი სივრცე, კომფორტული ადგილი, სადაც შეძლებს მეცადინეობას, თამაშს და თუნდაც, სტუმრების მიღებას. ეს კარგა ხანია, ნორმად ითვლება და არავინ დაობს, რომ ბავშვს თავისი ოთახი სჭირდება. თუმცა ის, რაც ნორმაა და აუცილებელი რამაა ბავშვისთვის, ქართულ რეალობაში არც ისე ადვილი განსახორცილებელი ყოფილა.
mshoblebi.ge-მ გამოკითხვა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ ქართველი ბავშვების უმეტესობას არ აქვს თავისი ოთახი: 200 გამოკითხული მშობლის 70%-მა შეკითხვას – გაქვთ თუ არა ცალკე მოწყობილი ბავშვის ოთახი? – უარყოფითი პასუხი გასცა. მხოლოდ 30%-მა უპასუხა ამ შეკითხვას დადებითად.
ამ შედეგის მიზეზი ბევრია, მაგრამ ყველაზე მეტად, რასაკვირველია, სოციალური პრობლემები. ბავშვის კი არა, ბევრ ოჯახს ჩვეულებრივი საძინებელიც კი არ აქვს, განსაკუთრებით, როცა რამდენიმე თაობა ცხოვრობს ერთად. ეკონომიკური ფაქტორები და ოჯახური ტრადიციები ამ შემთხვევაში დიდ როლს თამაშობენ. თორემ თვით მშობლებსაც და ბავშვებსაც, რასაკვირველია, დიდი სურვილი აქვთ, რომ ცალკე ოთახი მოუწყონ შვილს. სამწუხაროდ, ჩვენი სურვილები რეალობად ყოველთვის ვერ იქცევა.
ვისურვებდით, ერთ-ორ წელიწადში ამ შეკითხვის დასმის საჭიროებაც არ იყოს და იმაზე ჩავატაროთ გამოკითხვა, თუ რა ფერებში აქვთ გადაწყვეტილი ბავშვის ოთახი ან მოსწონთ თუ არა პატარებს მშობლების მიერ შერჩეული მათი ბუდე.